Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: Seymour Glass

დილის 10 საათია. ქვიან სანაპიროზე  გამოვდივარ. მზის შუქში რაღაც ბრჭყვიალებს. პატარა მწვანე ბოთლი ყოფილა. ნუთუ ზღვიდან? თუ ასეა, გამშრალა კიდეც. მის შიგნით მოჩანს თეთრი ქაღალდის ნაგლეჯი. საცობს ვაძრობ, ბოთლს ვაყირავებ და ხელისგულზე წერილი მეცემა. ოდნავ გვერდზე დახრილი, შავი კალმით დაწერილი ტექსტი:
”თუ ამას კითხულობ, ესე იგი ძალიან გაგიმართლა, აი ჩემ სულელ შვილებს კი პირიქით, ამოეწურათ ბაირამობის დრო. საკმაოდ მდიდარი ადამიანი ვარ, და ეს სიმდიდრე მუხლმოუდრეკელი შრომის ნაყოფია. ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწიე...  თუმცა, საკუთარი შვილები მუშაობას ვერ შევაჩვიე. ყველაფერი მზა-მზარეული უყვართ, ჰოდა ეხლა კარგად იყვნენ, კაპიკსაც ვეღარ მიიღებენ. კარგი გაკვეთილი იქნება მათთვის-ეგებ ბოლო-ბოლო შრომა ისწავლონ... მე დიდი დღე აღარ დამრჩენია... ეხლა ჩემს იახტაში ვზივარ და ბოთლს წყალში ვაგდებ, დინება მას უთუოდ ქალაქ ა.-ს სანაპირომდე მიიტანს... რკინიგზის სადგურს მიაკითხე. შესანახ კარადა №69ში დევს ჩეკი. ისინი ამ თანხას ქეიფსა და ღრეობაში დახარჯავდნენ, ჰოდა იმედია შენ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდები..  აკრიფე კოდი 372347...”
გული მიჩქარდება. აი შანსი, რომელზეაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. უცებ ვხედავ როგორ მივქრი ახლადნაყიდი ჰამერით და როგორ ვსვამ მარტინის ჩემსავე აუზში... ფეხები თავისით წყდება მიწას და აი უკვე თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ. ვაგზალი აქვეა, 500 მეტრში. გზად სასტუმროში ჩემი კარის მეზობელი ბატონი ავთანდილი მხვდება. ისიც სადღაც მირბის, მისი ღიპი ზევით-ქვევით დახტის, მრგვალი სახე კი ოფლად იღვრება.
არ მაქვს იმაზე დაფიქრების დრო, ამ დილაუთენია სად ეჩქარება და სვლას ვუმატებ.  აი ბატონი ავთანდილი უკან მოვიტოვე, გვერდზე შევუხვიე და ვაგზალს ვუახლოვდები. სკამზე თეთრ პერანგში გამოწყობილი მოხუცი გრიშა ზის, რომლის შეძახილი ”ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს!”პირადად მე  ყოველთვის მაოცებდა თავისი ვოკალური სისუფთავით. თუმცა კი, სასტურმროს სხვა მკვიდრების რა მოგახსენოთ - არავის სიამოვნებდა დილის 8 საათზე გრიშას ხმის გაგონება. აივანზე ნიფხვების ამარა გამოვარდნილები, ისინი თავის უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ- ხმამაღლა ლანძღავდნენ საბრალო გრიშას, თან ხშირად, როგორც წესი, ცდებოდნენ ზრდილობის ფარგლებს...
მოხუცს მუხლებში დიდი ცარიელი ტომარა უდევს, ეტყობა ისვენებს საწყალი...
სადგურიდან ხმაური ისმის, (ნამდვილი ქართული ხმაური) მხოლოდ ჩვენ რომ გვჩვევია კამათისას...
შესანახი კარადები მეორე სართულზეა. კიბეებზე ყრუდ ისმის  ჩუსტების ხმა... დარბაზის მეორე ბოლოში ხმაურიანი ბრბო შეკრებილა. ჩემსავით შლოპანცების და შორტების ამარა არიან. ერთ გოგოს კი მხოლოდ წითელი საცურაო კოსტუმი აცვია და მისი შიშველი ტერფები ქვის იატაკზე იყინება... ვუახლოვდები, გული ნელ-ნელა წყდება თავის ადგილს და მუცელში მივარდება..
-მე მოვედი პირველი და მოვითხოვ წინ გამიშვათ - აღშფოთებულია შუა ხნის მსუქანი ქალბატონი -საერთოდაც, ჩემს კამერასთან რა გესაქმებათ. პატრულს დავუძახებ ეხლავე!
-მიდი აბა, -ურჩევს შავსათვალიანი, თავგადაპარსული აზალგაზრდა - აქვე დაგმარხავ, ჩემი...
მომხდარს არ ვიჯერებ მანამ, სანამ არ ვამჩნევ მწვანე ბოთლის ყელს, რომელიც მისი ყვავილებიანი შორტების ჯიბიდან მოჩანს. ყველანი 69ე კარადასთან შეკრებილან და მის გაღებას ცდილობენ.
-465655 ხომ შემყავს ეს მიწადასაყრელი, მაინც არ იღება!-ყვირის ახალგზრდა თავსაბურავიანი ქალი, ქაღალდის ნაგლეჯს აგდებს და მწვანე ბოთლს კედელზე აფშვნის.
უცებ ისმის სასოწარკვეთილი შეძახილი, ვტრიალდები და ვხედავ ბატონ ავთანდილს. დიდი პირი ბოლომდე დაუღია და უაზროდ აშტერდება ფუტკრებივით მოზუზუნე ხალხს. 
 მოსაცდელში შეკრებილი მგზავრები გაკვირვებულნი გვიმზერენ, ვერ გაუგიათ, რაზე ავტეხეთ ამხელა ალიაქოთი. გრძელ სკამზე დედა და შვილი სხედან - დედას სახეზე უკმაყოფილება აწერია, ბავშვს კი - ცნობისმოყვარეობა. შავთმიანი მამაკაცი თავის ლეპტოპშია ჩაფლული და ჩვენთვის არ ცხელა. მის გვერდით, ვიღაც თეთრპერანგიანს მოჩხაკუნე ძველი ფოტოაპარატი უჭირავს, მუხლებში კი ცარიელი ტომარა უდევს. აი იგი წევს ფოტოაპარატს დაბლა  და მე ვხედავ მოხუცი გრიშას ეშმაკური ღიმილით განათებულ სახეს. შემდეგ იგი მხიარულად მიკრავს თვალს და ტუჩებზე  იდებს თითს ...

No comments:

Post a Comment