ავტორი: ლევან სულაშვილი
ძვირფასო ადამიანო!
ჩვენ ვიცით როგორ ცხოვრობთ ადამიანები 2011 წელს, ინფორმაციის საუკუნეში. ვიცით, როგორ ცხოვრობდა კაცობრიობა ე. წ. სიველურის, ბარბაროსობისა და ცივილიზაციის ისტორიულ პერიოდებში. ახლა სხვა დროა და 2211 წელს ჩვენ იმ ეპოქის მოწოდებებს ვეხმაურებით, რომელსაც ეკოლოგიის საუკუნეს ვუწოდებთ. აქ სკოლაში არ ასწავლიან ჩვეულებრივ საგნებს, როგორც ეს თქვენთან ხდებოდა. უბრალოდ გვიხსნიან, როგორ გადავწყვიტოთ პრობლემები კონფლიქტების გარეშე, როგორც მოვიყვანოთ ისეთი მოსავალი, რისი გამოყენებაც შემდგომ საკვებ ან საშენ მასალად შეიძლება. როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ჩვენსავე გონებასა და მეხსიერებაში, რადგან, განვითარების უაღრესად მაღალი საფეხურის გამო, ჩვენთან არ არსებობს ცნება „ქვეცნობიერი“, რომლის ოინების წყალობით თქვენ ამდენი პრობლემა გექმნებოდათ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მუდამ გვახსოვს, რომ თქვენ ბუნებრივი რესურსები არ დაუტოვეთ მომავალ თაობებს და ამ შეცდომის გამეორება არ გვსურს.
ამას გასანაწყენებლად არ გეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციის სახელით თქვენ პრაქტიკულად გაანადგურეთ პლანეტის ეკოსისტემა, სიკეთის სახელით თესეთ სიავე, სამართლიანობის სახელით ღვარეთ სისხლი, პროგრესის სახელით კავშირი გაწყვიტეთ თაობებს შორის, მშვიდობის სახელით შექმენით ბირთვული იარაღი, სიყვარულის სახელით შვით გულგრილობა... ეს ჩვენთვის თაობათა გამოცდილება იყო, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ ომები, შიმშილი, კონფლიქტები, დისკრიმინაცია და უწინდელი საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სხვა მანკიერებანი აღარ განმეორდეს.
იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ეს პლანეტა და მისი ბინადარნი.
და ეჭვი არ გვეპარება, თქვენც გიყვარდათ. სხვაგვარად, ჩვენ, ეკოლოგიის საუკუნის პირმშონი, არ ვიარსებებდით.
არც განვითარების ამ საფეხურს მივაღწევდით, თქვენზე, როგორც ჩვენს წარსულზე, უარი რომ გვეთქვა.
თქვენ შორის მრავლად იყვნენ მეამბოხეები, ვინც პლანეტის მშვენიერებაზე, ბუნებრივ რესურსებსა და კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ისინი, ვინც ომის საწინააღმდეგო მიტინგებზე კი არა, მშვიდობის მხარდასაჭერ აქციებზე დადიოდნენ. ისინი, ვინც იცოდნენ, რომ უკურნებელი დაავადებები თითქმის აღარ არსებობდა და ვინც შიდსისა და სიმსივნის წამალი, ფარმაციის ინტერესებისათვის, ადამიანებს არ დაუმალა; ისინი, ვინც უპირობოდ აღიარებდა ნებისა და სინდისის თავისუფლებას; ვინც მეომარი ქვეყნების დაზავებას ლამობდა; ვინც ქმნიდა და აღაშენებდა, თუმცა, იცოდა, რომ უკვდავი არ იყო.
რადგან ყველა თქვენგანის უკვდავება მის მემკვიდრეობაში გრძელდება.
რადგან ჩვენ აქ, მომავალში, თქვენგან 200 წლის შემდეგ ვერაფერს შევცვლით, თუკი მანდ მყოფნი უკვე არ მოიმოქმედებდით ამას.
და მე მინდა მადლობა გითხრა, ადამიანო, იმისთვის, რომ ადამიანი ხარ!
მე კი შენი მომავალი... ბოთლში, რომელიც კვარიათის სანაპიროზე, სასტუმრო „მართინის“ წინ პლაჟზე მჯდომს თოლიამ წიოკით აართვა ტალღას და სწორედ შენ მოგიტანა.
ჰე-ჰე, ვერც ამ ბარათს მიიღებდი შენი მომავლიდან, მანდ, წარსულში, ერთ ახირებულ მეცნიერს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ყველა იცნობს, სთივენ ჰოუკინგს, ერთხელ რომ არ ეთქვა: „ადამიანებს მუდამ ახსოვთ წარსული, მაგრამ, სამწუხაროდ, არასოდეს იხსენებენ მომავალს“...
No comments:
Post a Comment