Friday, July 1, 2011

ნაცნობი რუქა


ავტორი: კონსტანტინე სადათიერაშვილი

 
უკვე სამი საათია, მზე ჩვეულ რიტმში აჭერს და ქვიშაც ისე გახურდა, რომ სიარულიც კი მიჭირს. კიდევ კარგი ამას წინათ შედარებით ნორმალური ცალი ფლოსტი ვიპოვე და რაღაც შეღავათი მაინც არის. მახსოვს, დედა მეუბნებოდა ასეთ დროს პლაჟზე გასვლა არ შეიძლება, მზე დაგარტყამსო. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ისეთი დრო დამიდგებოდა, ცარიელი ბოთლების ჩაბარებისბიზნესითდავკავდებოდი. არადა სკოლის პერიოდში მართლა ბიზნესმენობა მსურდა. ოცნებები ხდებაო გამიგია, ერთი ესაა, ჩემი ოცნება რაღაც უკუღმართად ახდა. აქამდე როგორ დავედი ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, ერთადერთი იმას გეტყვით, რომ ნარკოტიკს დაერთგულმეგობრებს ვუმადლი ამას.
      ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ გუშინ ერთი უცნაური წერილი შემხვდა. ჩვეულებისამებრ პლაჟზე ვმოძრაობდი და შუშის ბოთლებს ვაგროვებდი. საბედნიეროდ, მოსახლეობის შეგნება ჯერ იმ დონემდე არ ასულა, რომ თავისივე დასვენებისთვის განკუთვნილი პლაჟი არ დაანაგვიანონ, ამიტომაც დღეში 2-3 ლარის გაკეთება შეიძლება. დიდი არაფერი, თუმცა რომ არა, შიმშილით მოვკვდებოდი. ისევ სხვაგან გადავხტი, ბავშვობიდან ასე მჩვევია აზრს ბოლომდე არ ვაყალიბებდი და სულ სადღაც დავფინავდი, ხოდა საბოლოოდ აქ დავენარცხე. მოკლედ, ნაპირზე გამორიყული ბოთლი დავინახე და, ცოტა არ იყოს, გამიხარდა კიდეც _ ნუ გაგიკვირდებათ, ყოველი ნაპოვნი ბოთლი ასეთ სიხარულს მგვრის. როგორც წესი, ბოთლებს არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, ქვიშისგან და მაზუთისგან ვწმენდ და პარკში ვალაგებ. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. იყო ამ ბოთლში რაღაც განსხვავებული და დამაინტრიგებელი. ასეთი ფორმის ბოთლები ჩვენთან არ მინახავს, შეფერილობაც განსხვავებული იყო, დაბურულ მინას გავდა, რომელიც შუქს არ ატარებდა. თავიდან ვიფიქრე თურქეთიდან ხომ არ მოიტანათქო, თუმცა ეს აზრი მაშინვე გვერდზე გადავდე, ასეთი რამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამავდროულად იმანაც დამაეჭვა, რომ ბოთლი საგულდაგულოდ დახუფული იყო. დამეთანხმებით და ბოთლის გადაგდებისას საცობს არავინ უკეთებს, მითუმეტეს ასეთი მონდომებით. ამ დროს გამიელვა თავში ბავშვობაში წაკითხულმა ზღაპრებმა თუ მოთხრობებმა იდუმალ კუნძულებსა თუ განძებზე და ბოთლში ნაპოვნ რუქებზე. სხვა დროს ასეთი აზრით ნაღდად არ ავინთებოდი თუმცა როგორც ჩანს, მზემ მაინც თავისი ქნა. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ბოთლი დაუზიანებლად გამეხსნა. საცობი უკვე ისე იყო ჩამჯდარი, რომ თავიდან ბოთლის დამტვრევასაც ვაპირებდი, თუმცა ასეთი ბოთლისთვის შეიძლება ათი თეთრიც კი მოეცათ და თავი შევიკავე. გაგიკვირდებათ და ბოთლში ქაღალდის ნაგლეჯი აღმოვაჩინე, თავიდან ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვიფიქრე ღმერთმა შეისმინა ჩემი თხოვნა მეთქი, მაგრამ იმედგაცრუებაც ისევე სწრაფად მოვიდა, როგორც ეს სიხარული. მართალია ფურცლის ნაგლეჯზე ნანატრი რუქა დამხვდა, მაგრამ მას ვერაფერში გამოვიყენებდი. რუქაზე სოფელ ფიჩორის მონაცემები იყო დატანილი...
      ბავშვობაში აფხაზეთის თემა მაგრად მიზიდავდა, ზეპირად ვიცოდი მთლიანი ტერიტორია და არც ამ შემთხვევაში ვცდებოდი. ზღვისპირა სოფლის კოორდინატები იყო, თუმცა არანაირ მითითებას განძზე ან სხვა რაიმე ინფორმაციას აქ ვერ იპოვიდით. უბრალოდ რუქა, უბრალოდ შეხსენება, რომ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან...
      არც მე ვიყავი შორს, ანაკლიიდან ფიჩორამდე ფეხით ჩავიდოდა კაცი. მაგრამ ამ უცნაური წერილის გამომგზავნის მსგავსად, მეც ვერსად წავიდოდი აქედან.
      ვერც წავედი. ახლაც დავდივარ პლაჟზე და ვეძებ უცნაურ ბოთლებს...

No comments:

Post a Comment