Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში


ავტორი: დიანიკო

ყოველ საღამოს, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, როცა ჩემი ერთადერთი მეგობარიცა და მტერიც მხოლოდ თავადვე ვარ, სისუსტეს ძლივს (ზოგჯერ კი - ვერ) ვუმკლავდები, რომ შენი ფეისბუქის კედელზე რამე თბილი არ დავწერო.
ალბათ, თავადაც ხვდები, რაოდენ ძლიერ მენატრები და მიყვარხარ. ჩემი ნება რომ იყოს, საათში ერთხელ კედელზე ისეთ სიმღერებს დაგიპოსტავდი,  რომლებიც ჩემი შენდამი გრძნობების გამოხატვასა და გადმოცემაში დამეხმარებოდნენ.
რა უნდა დავწერო, ისეთი, რაც სხვას არ უგრძვნია და არ დაუწერია?! მეც ხომ უბრალო მოკვდავი ვარ, რომელსაც არ ძალუძს შენი ამოგდება თავიდან და რაც ნაკლებ ძალისხმებას ხარჯავ, მით ადვილად ახერხებ ჩემი კანის ყოველ პაწია უჯრედში შემოღწევას.
გახსოვს, მითხარი: „წამო, ერთად ვისუნთქოთო...“ ეს ყველაზე ინტიმური რამ იყო, რაც კი უთქვამთ ჩემთვის... ფრაზა, რომელმაც ჩემი სული შეძრა. რაოდენ სულელურად უნდა ჟღერდეს, შენს გვერდით ყოფნა საკმარისია, რათა ბედნიერი ვიყო. 
„ჩემი ხმა, ერთადერთია, რისი გაგონებაც ოდესმე დაგჭირდება. მოუსმინე ჩემს სუნთქვას ასე ახლოს. ნება დამრთე ვიყო ყოველი ხმაური, რომელიც შენს ყურთ მოეფონება...“ მღერის მოლოკო და ჩემს სახმილს ამძაფრებს. ცეცხლზე ნავთს მისხამს.
ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები, იქნებ, სულაც არ არსებობს და მხოლოდ ჩემი შეთხზულია მეთქი...
მიყვარხარ? თუ მორიგი უაზრო აკვიტება ხარ?
არ ვიცი, ჩემს თავს სულ ერთსა და იმავეს ვეკითხები. ალბათ, არა…
გალაკტიონი მართალი იყო:
„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი...“
იქნებ, შენში ის მიყვარს, რაც თავადვე გამოვიგონე, ვიწამე და მერე იგივე მონდომებით ხატად გავხადე.
რატომ ვფიქრობ სულ შენზე? რატომ არ გადის დღე ისე, რომ არ გამასენდე?! რატომ მსურს ყოველ რომანტიულ ფოტოზე ჩვენ ვიყოთ გამოსახულნი?
ცეკვა რომ მინდება, ჩემს პარტნიორად მხოლოდ შენ მესახები. თუმცა, ძნელია შენი წარმოდგენა მოცეკვავედ, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია სხვისი წარმოსახვა შენს ადგილას.
თმაში წითელი ყვავილი მაქვს ჩამაგრებული და ამოღებული სარაფანი მაცვია წითელი ფოჩებით…
არაფერი გვახსოვს ცეკვისა და ერთმანეთის გარდა… ვერც გარე სამყაროსა და ვერც იმას, ჩვენს ირგვლივ წრეს როგორ კრავს ულამაზესი სანახაობით აღტაცებული ხალხი, ვერ ვამჩნევთ… მაბზრიალებ და  ვინ იცის, მერამდენედ მახვევ თავბრუს…
არ უნდა შემყვარებოდი.
არ მიყვარს ბალიშთან განშორება, რადგანაც სიზმარი ცხადზე ტკბილია…
ისეთი ცხოვრება მინდა, რომელიც ახდენილ ოცნებას დაემსგავსება.
თუმცა, ვის არ უნდა?!
შენ გააღვიძე ჩემში ის, რასაც სინაზე ჰქვია. შემახსენე, რომ ისეთ რაღაცეებზე უნდა ვიფიქრო, რაზეც, ზოგადად მანდილოსნები ფიქრობენ!
მაგალითად, როგორიც საკუთარი ბინაა. პატარა და მყუდრო. სადაც შენთან ერთად ვიცხოვრებ.
დღეს მივდიოდი სამარშრუტო ტაქსით სამსახურში და ამჯერადაც არ დამირღვევია ჩვეულებისამებრ აკვიატებულ ფიქრთა კასკადი.
შენ…
თან თვალები მეხუჭება.
რა იქნება ამ სათვალეს უფრო დაბურული მინები ჰქონდეს?
არავინ დამინახავდა, ვის ვუყურებ და… ამ შემთხვევაში, ვერც ვერავინ შეამჩნევდა, რომ იმქვეყნად ვარ ფიქრებით წასული და თვალები მაქვს მირულული, რათა არაფერმა შემაწყვეტინოს შენზე ოცნება.
დანიშნულების ადგილზე მისვლამდე რამდენიმე წამით ადრე თვალებს ვახელ, რომ ფული ამოვიღო ჯიბიდან და რას ვხედავ!! შენი მანქანა დგას ასახვევში. სერიის პირველი ორი ასო (დანარჩენი ვერ დავინახე) და ფერი, მარკაც, ემთხვეოდა… უეჭველად, შენი იყო. მეთქი, ხომ არ ჩამოვიდე და ფურცელზე შეტყობინება ხომ არ დავუტოვო, მომენატრე X, ან მიყვარხარ (მიყვარხარ განა?) X
ისე გამიხარდა, თითქოს თავად გიხილე...
წავედი ახლა პაემანზე. გპირდები 2/3 - ს ჩემი იქ ყოფნისა, შენზე ვიფიქრებ, როგორც ყოველთვის…  1/3-საც ჩემზე… რადგანაც, მესამის ადგილი აქ არ არის…  უბრალოდ, ძველი ნაცნობობის ხათრით წავალ, ცოტას გავერთობი… აბა, შენ დამივიწყე… არ გამკიცხო. ეს წერილი კი იყოს შენთვის ფეისბუქის კედლის ნაცვლად ბოთლით გამოგზავნილ წერილებს შორის. ასე უფრო რომანტიულია.

No comments:

Post a Comment