ავტორი: მარიამი
ერთხელ, ერთ მშვენიერ დღეს, გათენდება, მზე უფრო მეტად დააცხუნებს, ვიდრე ჩვეულებრივ, და ჩემი მეგობარივით ”ზაგარზე” გადარეული გოგო დილიდან გაიქცევა, რომ სხეული მზეს მიაფიცხოს და შოკოლადისფრად გაფერადდეს. მერე რა, რომ შეიძლება დაიწვას, სულ არ აღელვებს. მაგრამ სანამ შეზლონგზე საგულდაგულოდ მოეწყობა, ფეხებს მაინც აუცილებლად დაისველებს ზღვაში (სანამ სიცხე ჯერ კიდევ ასატანია, ბანაობაზე დროის დაკარგვა არ ღირს). ზუსტად ამ დროს დაინახავს ნაპირზე გამორიყულ ბოთლს, რომელშიც წერილი იდება. ვინ იცის, იქნებ ბიჭმაც იპოვოს, რომელსაც უნდა მანამდე მოასწროს გაცურვა, სანამ ზღვა ხალხით გაივსება. ეს არ იქნება რომის ძველი, დაბინდული ბოთლი მოსანთლული თავით, როგორც მეზღვაურებზე ფილმებშია ხოლმე. ჩვეულებრივი სუფთა ბოთლი იქნება, ალბათ მარტინის (ფხიზელი ამას არ გავაკეთებდი). წერილს ბოთლში ჩარჩენილი სასმელისგან რამდენიმე ლაქა ექნება. ”სასიყვარული წერილი” - გაიფიქრებს გოგო. ”ეს რაღაა” გაიფიქრებს ბიჭი ყველა ბაჭისთვის დამახასიათებელი გულგრილობით (მხოლოდ ასეთ მომენტებში) და შეიძლება გადააგდოს კიდეც. მაგრამ რა კარგია, რომ ჩემი წერილი რომის ძველ, გაიმჭვირვალე ბოთლში არ იდება და კარგად გამოჩნდება სასმელის ბოლო წვეთებისგან დაწინწკლული ფურცელი. მაგრამ ადამიანი ხომ ცნობისმოყვარეა, ამიტომ გახსნის ყველა - გოგოც და ბიჭიც. და აი, როგორც იქნა:
დღეს ჩემი დაბადების დღეა. ახლა საღამოა, მაგრამ მარტინის დალევა უკვე მოვასწარი (ვინ დამიჯერებს რომ ლოთი არ ვარ). მაგრამ ისე, მხნეობისთვის. მხნეობა კი მართლაც მჭირდება თუდაც იმ წერილის დასაწერად, რომელსაც არასოდეს წაიკითხავ.
ალბათ გიკვირს წერილს რომ გწერ, მეც მიკვირს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ შენთვის აღარასოდეს არაფერი მექნებოდა სათქმელი, მაგრამ დღეს უცებ გადავწყვიტე, წერილი მომეწერა. და მე თვითონ გამიკვირდა. მაგრამ გაკვირვებას, შინაგან ბრძოლებს, „მივწერო, არ მივწეროს“ თავი დავანებე და წერა დავიწყე. როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, თვალები დავხუჭე და გადავხტი. მაგრამ სჭირდება კი, ვინმეს ჩემი ნახტომი? წყალწაღებულები ხომ ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ მე ისიც კი არ მინდა, ხავსს მოვეჭიდო, რადგან ხანდხან, ალბათ, უბრალოდ გადახტომა ჯობს - მერე რა, თუ შენი გმირობა არავის სჭირდება (არადა ვინ იცის რა გმირობას მოითხოვს ეს ჩემგან).
დღეს ჩემი დაბადების დღეა. წელიწადში მხოლოდ სამი დღე მიყვარს - ახალი წელი, აღდგომა და ჩემი დაბადების დღე. წინა ორზე არ ყოფილხარ ჩემთან. არც დღეს იქნები, არა? მაგრამ დღეს თავს უფლებას მივცემ, აი აქ მყავდე - ბოთლში გამომწყვედული, ყველა იმ სათქმელით, რომელიც შენდამი დამიგროვდა. მაგრამ რა იტყვის ამდენს. ხანდხან სწორად ვიქცევით და მერე ჩვენვე ვნანობთ. აბა ვინ იცის, როგორ მომენატრა შენი ჩაცინება, რომელსაც სწორი საქციელის გამო, ალბათ ვეღარ ვნახავ - დიდხანს. ახლა წავალ, გავლამაზდები, გავიპრანჭები და ბევრს ვიმხიარულებ იმათთან ერთად, ვინც ჩემთან არის. შენც ჩემთან იქნები - ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული, მხოლოდ ეგაა, სურვილებს ვერ ამისრულებ. ახლა, ცოტა ხანში, სანთლებს ჩავაქრობ ლამაზ ტორტზე და სურვილს ჩავიფიქრებ - შენ ჩაგიფიქრებ. მერე წავალ და შენს თავს ზღვის ტალღებს გავატან. დრო ხომ არასდროს გაქვს - მე კი დროს გაჩუქებ. შეგეძლება უსასრულოდ ისრიალო წყალში, რომელიც ასე გიყვარს და უცხო ნაპირებსაც კი მიადგე. მერე კი გიპოვის ”ზაგარზე” გადარეული გოგო, ან ცურვას მოწყურებული ბიჭი. ადრე ხომ ბოთლებით, ან საგანძურის რუკებს გზავნიდნენ, ან შველას ითხოვდნენ, მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. მას თავგადასავლები, ბედნიერება და ხსნა მოჰქონდა. იქნებ შენც აღმოჩნდე ბედნიერების მომტანი ვინმესთვის.
No comments:
Post a Comment