Friday, July 1, 2011

რომანტიკა და ამბავი


ავტორი: ირი ლეკვეიშვილი

სწორი, მზენაკრავი ფეხები, მოქნილი ტანი, გამოკვეთილი, ლამაზი ნაკვთები და გვერდზე ჩამოგდებული ნაწნავი.. ეს მე ვიყავი 20 წლის წინ. მზე, ზღვის ხმაური, ქვიშა და მასზე დატოვებული ათასობით ჩემი ნაკვალევი.. ეს კი 20 წლის წინანდელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ზაფხულია. მაშინ ოცნებებს ვიყავი აყოლილი, ისინი მე მეპოტინებოდნენ და მეც მათ თავს არ ვანებებდი. მით უმეტეს რომ ახდენილი ოცნებაც თითქმის გვერდით მყავდა. გოდერძი ქალაქში გამორჩეული ბიჭი იყო. ეგ კი არადა, მაშინ ,,პროფილი’’ რომ ყოფილიყო, პირველ რიგში გოდერძის დაპატიჟებდნენ ქალაქის ყველაზე ,,სვეცკი’’ და პირველი სასიძოს როლში. სიყვარულის ცეცხლშენთებული რომეო ცივ ნიავს არ მაკარებდა.

იმ ზაფხულს ჩემს სასტუმროში დაიდო ბინა და ეჭვის თვალით ათვალიერებდა ყველა ყმაწვილს, ვინც კი შემომხედავდა. ერთ დღეს პლიაჟზე გავედი, რატომღაც შედარებით ცოტა ხალხი იხრუკავდა თავს მზის გულზე. მე ბოლთის ცემას მივყე ფეხი და ისეთი ინტერესით ვათვალიერებდი ნაფეხურებს, გეგონება ჩემსას კი არა სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევს ვუყურებდი. გოდერძი ამ დროს ზღვაში იყო, იქვე მეგობრის კატერიდან იმზირებოდა. ამ დროს ფეხებთან ბოთლი მომედო, ჯერ ინტერესით დავაცქერდი, შემდეგ კი ხელი დავსტაცე და ელვის სისწრაფით გავხსენი, წერილიც ამოვიღე და უცნაური ინსტრუქციების სამყაროში ჩავეფალი. აღარც კი მახსოვს სად აღარ ვიბოდიალე ამ წერილით ხელში, ჯერ გორკის ქუჩაზე ავლასლასდი, იქიდან ახალი მინიშნებით გამდიდრებულმა სხვაგან გადავინაცვლე და ასე გაგრძელდა დაახლოებით 4 საათი.. მოკლედ სად იყო ,,TBC game’’ მე რომ უკვე გაწაფული მოთამაშე ვიყავი. მხოლოდ, არც ვიცოდი რას ვეძებდი, ან კი რა ძალამ მატარა ამდენ ხანს. ასეა ასე, წერა რომ აგიტანს ქალს. მივედი საბოლოო დანიშნულების ადგილას და როგორ ფიქრობთ, რა დამხვდა უზარმაზარი ასოებით დაწერილი? ერთადერთი კითხვა, რომლის დანახვისას ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა. ,,ცოლად გამომყვები?’’ მე რა თქმა უნდა თავი ყველაზე ბედნიერ და იღბლიან გოგოდ მიმაჩნდა, რომელმაც ყველაზე რომანტიკული ქმარი იგდო ხელთ. მაშინ დიადი ფეისბუქი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ მე და გოდეს სურათები ,,ყველაზე ყველაზე წყვილების’’ ფოტოალბომსაც დაამშვენებდა.

ქორწილიც გაიმართა, პურიც გაიტეხა და დასალევიც დაილია, ზუსტად ისე, როგორც ერსა და ბერს სჩვევია. შუა ლხინში თვალების ბრიალისა და მუშტების ტრიალის მომსწრეც გავხდი და ბოლოს ძმები ვართ ბო... ვიყოს თქმით დასრულდა. მოკლედ ტრადიცია, ტრადიცია და ტრადიცია.. რა ვიცოდი ქორწილის გარდა ჩემი ცხოვრებაც თუ ,,ტრადიციულად’’ გაგრძელდებოდა?! მალე ეს ტანკენარი, შავქოჩრიანი, ქალები რომ მის ულვაშს ფიცულობდნენ.. სულ შეიცვალა. ღიპგადმობრუნებულს ჭიპი სად ჰქონდა ვერ უპოვნიდი, ჭიპს ვინ ჩივის, იმის პოვნაც გვიჭირდა, რაც ღამღამობით გვჭირდებოდა, ქოჩორიც ისევე გაქრა, როგორც ის რომანტიკა,იმ ზაფხულის მერე რომ აღარ მიგრძვნია. აი ახლაც ზის უნიათო, ბეყე თვალებით და ,,ბისნესკურიერს’’ უყურებს. ,,ტოჟე მნე ბიზნესმენი’’- ვბუტბუტებ ჩემთვის და მეორე ტელევიზორში ჩაფსკვნილ, თეთრ რემბოს მაისურში გამოტკვარცულ ხოსე-არმანდოს მსუნაგად ვათვალიერებ.

მეორე დღესვე ჩავალაგე ბარგი. რამდენიმე საათში უკვე ზღვაზე ვიყავით, კვლავ მე და გოდერძი. თვითონ ამომახრჩობდა მთელი ზაფხული ამ თბილისში და ისევ მე წამოვათრიე ჩემი ხელფასით. ერთ დღეს კი, როცა თავისებურად წამოგორებული ცდილობდა ღიპის ქვეშ თეთრ ზოლად დარჩენილი ერთობ წმინდა ადგილიც დაენახვებინა მზისთვის, სად იყო და სად არა მის ფეხებთან ზღვიდან ბოთლი გამოირიყა.

,,ისტორია მეორდება ჩემო გუდუნიე’’- ჩავიღიმე გულში და შორიდან ვაკვირდებოდი ქმარს. მალე გუდუნამ თვალები ჭყიტა და განძის პოვნის სურვილით აღტყინებულმა საქმიანი სახით გასწია. იმედი მაქვს იმაზე მეტი სიარული მოუწია, ვიდრე მე 20 წლის წინ. ყოველ შემთხვევაში წერილის მიხედვით ასე უნდა მომხდარიყო. მალე ენაგადმოგდებული იმ ადგილას მილასლასდა, სადაც ბოლო მოეღებოდა მის წუწუნს ფულთან დაკავშირებით. ალბათ ამ იმედით თხრიდა ორმოს, იქ კი ორ სიტყვიანი წერილი დახვდა. დიახ, ორი სიტყვა, ისევე როგორც ადრე. ,,წადი შენი’’.. რა ვქნა, ჯერ კიდევ არ ვიყავი ეტყობა მწყობრიდან იმდენად გამოსული, რომ ეს წერილი 4 სიტყვიანი გამეხადა. გაოგნებულ გუდუნას კი ჩემმა ადვოკატმა ღიმილით გაუწოდა საბუთები ,,ხელს ხომ ვერ მომიწერდით?’’

პ.ს. ეს იყო ყველაზე რომანტიკული 2 დღე ჩემს ცხოვრებაში, ერთი - ქორწინების, მეორე კი განქორწინების.


No comments:

Post a Comment