Friday, July 1, 2011

FM/AM -ანტარქტიდა


ავტორი: მე,პინგვინი

სხვებს კი უმალავ, მაგრამ  ვიცით - შენ ჩვენს რადიოს უსმენ! აი, ასე პირდაპირ ვამბობთ სათქმელს!
- მოყინული ფეხების გამო.
-ეგ შეუმდგარი ფრთა გაწიე ფურცლიდან, ლაწირაკო!
მოკლედ,შარშან აგვისტოს ერთი ჩვეულებრივ დილას სანაპიროსთან ვიყავი გაშოტილი და სტანდარტული გადახრის კოეფიციენტებზე ვფიქრობდი... ჩვენი დარაჯი აქეთ-იქით დატყაპუნობდა და ახლადამოსულ ბუმბულს უმღეროდა. მერე რადიოში ჩვენი საყვარელი ბაკუნა მუსიკა დაიწყო და დინჯი სახეებით სინქრონულად ავაყოლე ნისკარტი, სულ არ მაინტერესებდა ცის ბოდვები ჩემს საქციელზე. რამდენიმე კონტინენტის იქით, მაგ დროს,შენ  გაბრაზებული შეიკეტე ოთახში და საძიებო სისტემებთან არჩევდი საქმეს. 500 რადიო..რა ჯანდაბაა!-გაიფიქრე  და... ახლაც ფეხს ვატყაპუნებ ყინულზე მღელვარებისგან!
გვისმენენ! გვისმენენ!- ჩემკენ მთელი ძალით მოსრიალებდა დიდნისკარტა ბადრუკი და უბადრუკოდ დარჩენილები.
შევცვივდით ჩვენს სადგურში და გაშეშებულები ვუყურებდით სენსორებს- როდის ხმას აუწევდი, როდის ღიღინებდი, როდის იღიმოდი, როდის გეძინა Enter-ზე.. ამ ამბებით ვხოვრობთ უკვე ერთი წელია. ”ამას მარტო პინგვინები უსმენენ, ალბათ”-გახსოვს, ეს რომ თქვი? მთელი დღე ვიცინოდით მაგაზე. საღამოობით, ყინულჩახუტებულებს, მართლა რამდენჯერ გვითქვამს სევდანარევი სიამაყით-ამ რადიოს მხოლოდ ჩვენ ვუსმენთო...
კკ, ვბოდავ...კისრიანების სასმელი გადავკარით წერილის დაწერამდე და ნისკარტი მერევა.
ჩვენთან ახლა ზაფხულის დილაა(7:37), ტემპერატურა  -57°-ია, თბილი ყინვაა (Sun) , რადიოში მსოფლიოში ყველაზე უდარდელი სიმღერა ტრიალებს და შენ ახერხებ სევდის გარეშე სუნთქვას. აზრადაც არ მოგდის, რამდენი გაშეშებული თვალი უყურებს შენი პულსაციის სიხშირეს,კკ.
შენთანაც ზაფხულია ახლა, შენი საყვარელი დრო. იფრატუნე ხოლმე სანაპიროზე, გააცურე ქვები ზღვაში და გთხოვთ,არ დაგავიწყდეს, რომ სადღაც ჩვენ დავტყაპუნობთ იმ იმედით, რომ კიდევ მოგვისმენ,ხშირად და ხშირად.

No comments:

Post a Comment