Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ლიკანტო

 
შენ უცნობი ხარ. მე შენ არ გიცნობ და შანსი იმისა, რომ შენ გამიცნობ ან ოდესმე შევხვდებით, უფრო მეტიც, რომ ეს წერილი თავის ადრესატს მიაგნებს - ძალიან მცირეა.
მაგრამ მაინც მინდა გაგანდო ის, რაც ჩემს თავს ხდება.
დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლისთვის თვალებში უნდა შემეხედა, დავმდგარიყავი იმასთან რაც ამდენი ხანი მტანჯავდა. მეც ადამიანი ვარ, ისეთივე სისუსტეებით, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ პრეტენზია მქონდა სიძლიერეზე, სულის და ნების მდგრადობაზე. და მგონი შევცდი. ვხვდებოდი რომ მეშლებოდა, ვხვდებოდი რომ არ ვიყავი კარგად, მაგრამ იმ ყველაფრის გარეშე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინოდა მუდამ... იქამდე სანამ...
ის წავიდა... და მე ვერ გადავაფიქრებინე. არც მიცდია... უბრალოდ ყველაფერი რასაც ამდენი ხანი ერთად ვაშენებდი - ერთ დღეს მოულოდნელად დაინგარა.
დიდი ხანი, თუმცა სულაც ერთი წუთიც რომ ყიფილიყო, იმ ტკივილისთვის რასაც განვიცდიდი, მაინც დიდი ხანი იყო. და ეს დიდი ხანი მე მტკიოდა... მტკიოდა გული, სული, მთელი არსება... სხეულის ყოველი უჯრედით ვგრძნობდი, რომ მე მას ვკარგავდი... უფრო სწორად, რომ დავკარგე. გულის სიღრმეში ან გონების ერთ მიმალულ ადგილას, მაინც მინდოდა რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ტკივილი მუდამ იგებდა ბრძოლას.
არ ვიცოდი საიდან იყო ამდენი ბრაზი, ხანდახან ზიზღიც. საკუთარ თავთან უამრავი კითხვა და გაუთავებელი ეჭვები.
და იმ წამს, როცა საკუთარ თავს დავძლიე, გავთავისუფლდი ნეგატივისგან, ის ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში. ისევ შემოიტანა ის ქარიშხალი, რაც ადრე მოჰქონდა... ისევ აღელვდა ყველაფერი იმ ზღვასავით, რომელიც ამ წერილს შენ მოგიტანს.
და მე ის უკან მივიღე...
მითხარი უცნობო, როგორ იქცევიან მართალი ადამიანები ასეთ დროს? მითხარი, რა არის ის პასუხი, რომელიც სწორ გზაზე გაიყვანს ჩიხში მოხვედრილ დაბნეულ გოგონას. უცნობო, გაიმეტე ერთი მარტივი რჩევა, სხვის ომში ხომ ყველა ბრძენია.. იყავი ბრძენი ჩემს ომში, თუ გინდა გენერლობასაც დაგითმობ... უბრალოდ ამარიდე შეცდომას...

No comments:

Post a Comment