Friday, July 1, 2011

ტანგო

გვირილა

 
ბებია, ნახე რა ვიპოვე! – იკივლა ბავშვმა, წამოხტა ქვიშიდან და მოშორებით მსხდომი მოხუცებისკენ გაიქცა.
ქალი ნელი სიარულით დაეშვა პლაჟზე და ბავშვს ბოთლი გამოართვა.
იქვე, ქვიშაზე ჩამოჯდა და ჯოხის დახმარებით ამოიღო ბოთლიდან ქაღალდი, რომელიც ნაკეცების ადგილას დაზიანებულიყო, თუმცა, წერილი მაინც იკითხებოდა:
მე თუთა ვარ. დღეს 7 ოქტომბერია, ჩემი დაბადების დღე. კახა არ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბისექსუალი შეყვარებულის ახალი გატაცება ჩემი მეზობელი გიოა.
მე ახლა მთვრალი ვარ! დაბადების დღიდან წამოვიღე ღვინის ბოთლი, გამოვიპარე. ცეკვაში გართული მეგობრები ალბათ ვერც მიხვდნენ ვერაფერს.
აქ მოვედი და პლაჟზე დავლიე. მახსოვს, რომ მერე ტალღებს ვუწყობდი ხმას და ზღვასთან ერთად ვმღეროდი. ბოლოს კი ცეკვა დავიწყე, თან ღვინოს ვწრუპავდი ბოთლიდან და ვცდილობდი ავყოლოდი ზღვის მელოდიას.
არ მახსოვს რამდენ ხანს ვიცეკვე ასე, მაგრამ მახსოვს, როგორ მოვიდა ერთი ბიჭი და ტანგო ვიცეკვოთო შემომთავაზა. მერე ჩვენ დიდხანს ვცეკვავდით. ზღვის და ქვიშის ხმა, ჩვენი ცეკვა რომ იწვევდა, საშინლად უხდებოდა ერთმანეთს.
მერე ცა ვარსკვლავებით დაიფარა და დაღლილები დავეყარეთ ქვიშაზე. მე მოვუყევი როგორ დავკარგე სიყვარული და ლაშა მთელი საათი დამცინოდა. მერე თვითონ მომიყვა და მეც დავცინე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მეტირა.
ხო, მე მთვრალი ვარ და გადავწყვიტე ეს წერილი დავწერო. მჯერა, რომ ოდესღაც ვინმე იპოვის მას და სიამოვნებით წაიკითხავს. ლაშა ამის გამოც დამცინის და ღამის სიჩუმეში მხოლოდ ტალღების ხმა და მისი ხარხარი ისმის.
მე არ ვიცი ვინაა ლაშა და არც მან იცის ვინ ვარ მე. მაგრამ ჩვენ ტანგო ვიცეკვეთ ქვიშაში და ახლა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვაკვირდებით...”
ქალი წამოდგა, ქვიშა ჩამოიფერთხა და სკამზე მჯდომ კაცს დაუძახა:
ლაშა, ნახე რა ვიპოვე!
მოსაღამოვდა... შემოდგომის მზე ზღვაში ჩაესვენა. მის ფონზე ორი სილუეტი გამოჩნდა, მოხუცები ტანგოს ცეკვავდნენ.

No comments:

Post a Comment