Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში


გიორგი სურმანიძე

-ეს სწორია ალექს?
-უკვე გვიანია.. წადი.
-არა, გეკითხები... ეს სწორია?
-ხო გთხოვე წადი თქო, ჰოდა წადი.
-კარგი, ეგ მომაწოდე,
-რა ეგ?
-აი ჯიბეში რაცა გაქვს.
-რა?
-.....................
      უკვე თითქმის ბნელოდა როცა ნაპირთან გავედი, ხალხიც ცოტა იყო რატომღაც. კიდევ ერთხელ მოვსვი პორტვეინი და ზღვისკენ მოვიქნიე. არადა როგორ ვერ ვიტან პორტვეინს, ხომ შეიძლებოდა ან იმდენად უკეთესი მოეგონებინათ რომ მე მომწონებოდა, ან იმდენად უარესი რომ საერთოდ არავის დაელია? უცებ რაღაც მძიმედ დამაწვა მხრებზე. ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ვიღაც თავზე მადგას და ირონიული ღიმილით მიყურებს. „ჭიანჭველების ცირკი“ გამიარა უცებ თავში, ერთერთი ჭიანჭველა ხარ, აი ისეთი რომელიც სხვაზე უფრო სწრაფად დარბის მაგრამ მაინც ვერ იმახსოვრებს ვერავინ და რომ მოკვდეს უბრალო მკვდარი ჭიანჭველა იქნება, მერე კიდე გამოჩნდება რომელიმე სხვაზე უფრო სწრაფი...
      მოკლედ აქ გაჩერება აღარ შემეძლო, რაღაც ისეთის გაკეთება მომინდა რასაც სხვა დროს არ გავაკეთებდი და ასეც მოვიქეცი, მთელი ძალით წამოვვარდი და ნაპირისკენ გავიქეცი. წყალში რომ ჩავვარდი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რომ მარცხენა ფეხის გული სასტიკად მტკიოდა. ძლივს ამოვაღწიე რომ დამენახა რა ხდებოდა. ხდებოდა ის რომ როგორც ჩანს სანამ ჩავხტებოდი ვიღაცის დატოვებული ბოთლს დავადგი ფეხი და თუ იმ მინის ნატეხის მიხედვით ვიმსჯელებდი, რომელიც ჩემი ჭრილობიდან პარტიზანივით შემომყურებდა, ეს ბოთლი მწვანე უნდა ყოფილიყო ხოლო ის ვიღაცა უნამუსო. პირველი რაც ვიფიქრე, ვის უნდა დავუძახო ან რა ვუთხრა, ასე რომ ისევ ჩემს ადგილას დავრჩი და უცებ ვხედავ, ჩემს წინ სწორედ იმ ბოთლის ნამსხვრევები ყრია, ასე რომ მასიამოვნა, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად ჩანს ეს ნამსხვრევები. რაღაც მოყვითალო, ქაღალდის ნაგლეჯიც არ ჰქვია ამას.
       თითქოს სახე გამეყინა როცა ეს წავიკითხე. არა, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს არ შეიძლება მან მითხრას... ვიღაცამ ბოროტად მეხუმრა ალბათ... მოვკ....
      თეთრი ბურუსი... ვიღაც მოვარდა, მე ხმას ვერ ვიღებ, მინდა შველა ვთხოვო, მან კი მოკლე დასაკეცი დანა ამოიღო და შიგ ნეკნებს შორის გამიყარა... მე უკვე სისხლის გემო ვიგრძენი... არა ოღონდ პერანგზე არ დამეღვაროს, ამეღამ ხომ ბალზე უნდა წავიდე... თუმცა უკვე დამთავრდა... თუ არც იყო საერთოდ... ვიღაც ვიგინდარა მოდის და სახეში სილას მაწნის, ჰმ, თანაც სულ არ ეცინება... ნაბიჭვარი... თეთრი ხალათი რომ ჩაუცვამს... არა, აქ ყველას თეთრი აცვია... რა უცნაურად იცინის ვიღაც... თეთრი, მაგარი ბიჭები ხართ? მეც მეცვა ერთ დროს... მაშინ სხვა დრო იყო, მაშინ ყველაფერი შეიძლებოდა, სენტიმესკიან რძესაც კი ვსვამდით მოზარდები... არა, ასე ცუდადაც არ ვარ, ახლავე ავდგები და გავიქცევი აქედან, დასწყევლოს ეს კურორტი, საერთოდ აღარ გამოვყოფ ცხვირს სახლიდან..
     არა. აი სად არ მეყო ძალა... ვერ ვდგები... თუ ვდგები? კი! მე შემიძლია ავდგე და გავიქცე! ახლავე! ოღონდ მხოლოდ ერთი ღერი სიგარეტი მაღირსოს ვინმემ, მაგრამ აქ ისევ ყველას თეთრი აცვია... ამათ ალბათ მოწევის ეშინიათ... აქ ალბათ უფრო ლიმონი და ალუბლის წვენი უყვართ... არა არა, როგორ...
     ...1984 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ქვეყნის, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ქალაქის სანაპიროსთან, ორმა მოზარდა 32 წლის ტურისტის, ალექს ბენეტის სხეული იპოვა. როგორც მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოს, „МВД“-ს რეპორტში ეწერა, უცხოელმა ტურისტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პორტვეინის ბოთლის გადანამტვრევით, თვითმკვლელობის მიზეზი ნათელი იყო, იმ საღამოს ბენეტი მეუღლემ მიატოვა, ამის სათქმელად კი თავი არ შეიწუხა და ზღვის პირას შეხვედრა დაუნიშნა სადაც გამოცლილი პორტვეინის ბოთლში მხოლოდ სამ სიტყვიანი წერილი დაუტოვა: „ალექს, მე უკვე წავედი“

No comments:

Post a Comment