Friday, July 1, 2011

ზღვის ნობათი

სალომე შენგელია

`ვარ უზარმაზარი, უკიდეგანო წყლის სახლი, ჯადოქარი, ერთი ცუდი თვისება მაქვს, ვარ ხანდახან დაუნდობელი. ზოგჯერ მიწევს ჩემთან მოთამაშე არსებების ჩანთქმა, ჩაყლაპვა, ნუ გამეთამაშებით ზომაზე მეტად, ჩემთან პაექრობის ზომები დადგენილია. საზღვრულია, ეს მე ვარ უსაზღვრო... მიფრთხილდით...  ჩემთან დაჭიდებას ტყუილუბრალოდ ნუ განიზრახავთ, რადგან დამარცხდებით. ბევრ ადამიანს წავართვი სიცოცხლის უფლება, მაგრამ სინანული შემიძლია, თქვენგან განსხვავებით. მე შემიძლია ბედნიერება მოგანიჭოთ, შემიძლია გული გადაგიშალოთ, საიდუმლო მოგტაცოთ, ღირსეულად გიმეგობროთ, უსიტყვოდ გელაპარაკოთ, ყველა თქვენი ნაბოდვარი და სისულელე წყნარად მოვისმინო, დაგაშოშმინოთ, თქვენგან განსხვავებით არ მიყვარს ჭორაობა, სამაგიეროდ, შემიძლია ჩემი ფიქრების დახშულ ბოთლში, უჰაერო სივრცეში მოთავსება. წყლის ზედაპირზე მოლივლივე ბოთლი-ნავი დაუსრულებლად ისრიალებს, ისეირნებს დედამიწაზე. დაუნანებლად, უმისამართოდ გიგზავნით გულს, ბოთლის საკანში გამომწყვდეულს.  ამ გულს აუცილებლად მონათესავე გული დაეპატრონება, მას მიერთმევა იგი არცა ლანგრით, არცა ტანჯვით, ისე უბრალოდ, ბოთლის ნავით. ამ ნავის ბინადარი ადამიანი ნამდვილად ვერ იქნება, მისი ბინადარი ჩემი მფეთქავი და უანგარო გულია, რომელსაც სურს სიყვარულის საკურთხეველზე დაფერფლვა. ნავის ბინადარი უსიყვარულოდ ვერ გადაადგილდება, მას ამოძრავებს მარადიული, ერთადერთი, სამყაროს მამოძრავებელი ძალა _ სიყვარული. სამყაროს ცენტრი, ბირთვი, რომლის გარშემოც ბრუნავს ქვეყნიერება. გთავაზობთ ჩემს სიყვარულით აღსავსე გულს, მის გარშემო მოგზაურობის ნებას გაძლევთ, თუ არ იქნებით ორგულები და მოღალატენი, მე მუდამ მზად ვარ თქვენთან შესახვედრად, არ გემშვიდობებით, მუდამ თქვენთან მყოფი და მოფიქრალი, მუდამ გულსავსე, თქვენზე უზომოდ შეყვარებული ზღვა.~

No comments:

Post a Comment