Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: ლენა კახიძე


„ღია ზღვაში შინაური ცხოველების გადაყრა აკრძალულია“, _ იდიოტები არიან. ფეხზე ფრჩხილებს ვისუფთავებდი, ზებრის ტყავში გადაცმულმა გოგომ ალუბლის წვენი რომ მომიტანა, და ისე, უგულოდ ვკითხე, ეს წარწერა აქ დიდი ასოებით რატომ არის გამოკრული-მეთქი. ზღვა რომ არ დაბინძურდესო, _ ცხენის კუდი გაიქნია და ცხვირწინ ბინძური საფერფლე ამაცალა. იდიოტები არიან, ვამბობ. მეორე დღეა, ამ საშინელ ჯაყჯაყს და სიბინძურეს ვუძლებ. თავს ძვირიანი კრუიზის უფლება არ მივეცი, ვიფიქრე, საწადელს ამ საეჭვო რეპუტაციის მქონე ტურისტული ფირმითაც მივაღწევ-მეთქი, მაგრამ ჯერ-ჯერობით, იმის გარდა, რომ საწადელამდე შორია, ნაგავსა და რკინა-ალუმინის ლაწა-ლუწში ვიხრუკები. უკვე მეორე დღეა და ვერავის ყურადღება ვერ მივიქციე. არადა, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მეტყობა ასაკი. ფეხებსა და მუცელზე ოდნავ მოშვებულ კანს თუ არ ჩავთვლით, თხელი და ცხიმიანი თმა ქუდის ქვეშ მაქვს დამალული, თვალთან ნაოჭები კი _ არც თუ ისე იაფიანი სათვალით მივჩქმალე. დემონსტრაციულად გადაშლილმა წიგნმაც კი არ გაჭრა. სპეციალურად შევარჩიე _ ყდაზე დახლეჩილი ალუბლები და ერთმანეთში გადახლართული ქალი და კაცი ეხატა, ფონზე თეთრი სასტუმროთი. თუ სწორად მახსოვს, წიგნსაც ასე ჰქვია, „თეთრი სასტუმრო“. აი, თავგადასავალი! სიმბოლოებით დავხუნძლე ეს ჩემი წიგნი და ცხვირწინ ავიყუდე. შენც არ მომიკვდე. სტრიქონებს მიღმა ვხედავდი, როგორ დატანტალებდნენ გარშემო ვიწრო საცურაო კოსტუმებში პენისებგამოკვართული ანგელოზები, თითქოს განგებ მარიდებნენ თვალს, ჩემთვის მყუდროება რომ არ დაერღვიათ. იდიოტები! ახლა დამწვარ მუხლებზე შოკოლადის ყუთის ნაგლეჯი მიდევს, თეთრ მხარეს ვჯღაბნი და ვცდილობ, ხელი სწრაფად ვამოძრაო. ვწერ, ასე ვთქვათ. რახან ვწერ, გამოდის, რომ მწერალი ვარ. მწერლები კი, როგორ წესი, ლოგინში ყოველთვის სასწაულებს სჩადიან. მნიშვნელობა არა აქვს, კარგი მწერალია თუ ცუდი. ერთ დროს კაცებს ყოველთვის ხსენებული ნიშნით ვარჩევდი და იმედი არასდროს გაუცრუებიათ. მხოლოდ გვიან მივხვდი, რომ არც ერთი მათგანი მწერლად არ ვარგოდა და არა თუ მათი წიგნების ყიდვა შევწყვიტე, არამედ ის გიჟური სურვილებიც გამიქრა, რაც მათ დანახვასა თუ ხსენებაზეც კი კოჭებამდე მასველებდა. თუმცა, აკი ვთქვი _ ეს გვიან იყო. ცხენის კუდიანი ზებრა საფერფლის გამოსაცვლელად რომ დამადგა თავზე, მხოლოდ მაშინ გამახსენდა _ რაც ჯღაბნა დავიწყე, სიგარეტი არ გამხსენებია და რახან ზებრას გაწბილება არ მინდოდა, მინერალური წყალი შევუკვეთე. პერიოდულად თავს ვწევ და ჰორიზონტს თვალებმოჭუტული გავყურებ. ეს უკანასკნელი ქმედება მეტად დამაჯერებელად და საინტერესოდ რომ გამოიყურებოდეს, ამისთვის სათვალე გვერდით გადავდე. ჯობია, ნაოჭებიანი თვალები მქონდეს, მაგრამ _ გულჩათხრობილი. ეს გრძელთმიანი არსება უკვე კარგა ხანია, ჩემს ცხვირწინ ჟანგიან მოაჯირს ეყრდნობა და ზღვაში ნიჟარებს ითვლის. უკნიდან მხოლოდ დუნდულებისა და ღია ჩუსტებში წაყრილი ფეხის ტერფების შეთვალიერება მოვახერხე. ბეჭებში ოდნავ მოხრილია და თმა, ცოტა არ იყოს, დასაბანი აქვს, თუმცა, ჰიგიენის საკითხები დიდად არასოდეს მაღელვებდა და არც ახლა შემაჩერებს. ჩემკენ მოხედვა არ უნდა. უფრო სწორად, უკან მოხედვა არ უნდა. მე კი ახლა ავდგები, ამ მუყაოს ნაგლეჯს ავიღებ, უჟმური ანგელოზის გვერდით მოაჯირს მივეყრდნობი, ბოთლიდან წყალს გადავღვრი, ნაჯღაბნს შიგ ჩავტენი, თავს დავახრახნი და ისე მოვისვრი ტალღებში, თითქოს მთელი გული, სული თუ რასაც უძახიან _ ყველაფერი ამ ბოთლს გავატანე. აი, მერე ვნახოთ! ალბათ, ათბალიანი ერექცია ექნება.

No comments:

Post a Comment