Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: დიტო  ლიპარტელიანი

    ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო...
    ექიმის თეთრ, ცივ კაბინეტში კედელზე გაკრულ პოსტერებს ვათვალიერებდი, ვცდილობდი გონებაში გამეფებული ბურუსი განმედევნა. აი ისიც, სუფთად გაპარსული პირით და უსიამოვნოდ მოჟამული სახით ჩამოჯდა ჩემს წინ. საქაღალდედან ფარატინა ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დადო. "გინდათ გაიგოთ სიმართლე თქვენი დაავადების შესახებ?". არაფერი ვუპასუხე, მაგიდაზე ხელი გავაცურე და ფურცელს დავხედე...
    ერთ კვირაში მოვაგვარე ყველაფერი სამსახურში. ძალიან მარტივად: უფროსს თანამშრომლების წინ ვაგინე და წამოვედი. ერთი თვე სახლში გავატარე "მარტინის" ბოთლების და სიგარეტის კვამლის გარემოცვაში. მალევე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. წვერი გავიპარსე, სუფთა ტანსაცმელი გამოვძებნე და ბანკს მივაშურე.
    -"საპენსიო დანაზოგის გატანა მინდა, ახლავე!"-მშრალი სახით ვუთხარი მზერაგაშტერებულ მოლარეს.
    სახლში არ დავბნრუნებულვარ. რა აზრი აქვს? ისედაც არავინ მელოდება შინ.
     იაფფასიან სასტუმროში დავიჭირე ადგილი. ზურგჩანთიდან ახლადნაყიდი ბლოკნოტი ამოვიღე და პირველ გვერდს დავაწერე: "რა უნდა მოასწროს იდიოტმა სიცოცხლეში!"
1.გადმოხტეს პარაშუტით.
2.საჰაერო ბუშტიდან ქალაქს თავზე გადმოაყაროს ვარდი ფურცლები.
3. უმღეროს სერენადა სრულიად უცნობ გოგოს.
4.მოინახულოს გურამ რჩეულიშვილის საფლავი.
5.ესაუბროს აკა მორჩილაძეს ლიტერატურაზე.
6.სრულიად ცარიელ დარბაზში მარტომ უყუროს "ამელი"-.
7.გასინჯოს LSD.
8.ჰიპებთან ერთად მოაწყოს ანტისაომარი მიტინგი.
9.გაიაროს Abbey Road ქუჩაზე.
10.მოინახულოს ბენქსის სტრიტ-არტ შედევრები მთელი ბრიტანეთის მასშტაბით.
11.ცოცხლად მოუსმინოს იან ტირსენის მუსიკას.
12.თბილისის ყველაზე დიდ კედელზე დაწეროს All You Need Is Love.
13.მოინახულოს მოხუცი მამა და უთხრას რომ ძალინ უყვარს.
14. გაიაროს ზღვის ფსკერზე.
15.იცუროს დელფინებთან ერთად.
    ამ ერთი წლის მანძილზე ყველა სურვილი ავისრულე. სად აღარ ვიყავი: ამერიკის ტყეებიდან, ბრისტოლის მიწისქვეშა გადასასვლელებით დასრულებული, დავინახე მუსიკა, გემო გავუსინჯე ფერებს, ყვავილებს ვესროდი სპეცრაზმს, რეზინის ტყვიების კვალს მარიხუანათი ვებრძოდი, ვისწავლე ფრენა. ძალაინ დავიღალე...
    ბოლო ორის ასასრულებლად კვარიათში ჩამოვედი. წყნარ სასტუმროს ვეძებდი. ვიღაცამ მირჩია: "მართინი"- საშენო ადგილიო. თოლიას ნიშნავს თურმე ძველ ლაზურად. დაივინგი არ გამოვიდა, ზედმეტად სუსტად ვარ, ძალა აღარ მყოფნის...
ორ რამეს ვნანობ მხოლოდ ცხოვრებაში: მოწევა რომ დავიწყე და ოჯახი რომ არ შევქმენი.
დრო ცოტა დამრჩა, "მარტინის" ბოთლიც ცარიელდება და სანთელიც იღვენთება უკვე. ამასაც იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ თქვას შემდგომ: იყო ასეთი კაცი, ვინც ბედნიერი წავიდა წყვდიადში, ჩვენ კი ქაღალდის ნაგლეჯი და თავისი სულის მცირე ნაწილი დაგვიტოვა მოსაგონრადო.
     ჰეჰექიმზე მეცინება! ესაა ფილტვის კიბოს ბოლო სტადიით, მკურნალობის გარეშე, წელიწადსაც ვერ გაატანო? წელიწადი და 1 დღე გავიდა უკვე...
     წავალ, შევცურავ, ბოლო სურვილის ასრულებაც უნდა მოვასწრო...

1 comment:

  1. დრო ცოტა დამრჩა, "მარტინის" ბოთლიც ცარიელდება და სანთელიც იღვენთება უკვე. ამასაც იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ თქვას შემდგომ: იყო ასეთი კაცი, ვინც ბედნიერი წავიდა წყვდიადში, ჩვენ კი ქაღალდის ნაგლეჯი და თავისი სულის მცირე ნაწილი დაგვიტოვა მოსაგონრადო.
    - ამ ნაწილმა მთელი ნაწერის ღირებულება გაანულა,სულ სხვა მუხტის ნაწერი იყო და ეს სანთელი და სულის ნაწილები და ქაღალდის ნაგლეჯები,ძალიან ბანალური და დამღუპველი აღმოჩნდა იდეურად ამ ნაწერში,ჩემი აზრით :)

    ReplyDelete