Friday, July 1, 2011

გამარჯობა კეთილო ადამიანო, ნომრად ორმოცდაექვსო

ავტორი: ნასტასია არაბული


ბავშვობაში, როცა პირველად ვნახე ნამდვილი, ადრესატიანი წერილების დასტა, სასტიკი ფიცით დავიფიცე, რომ აღარასოდეს აღარ დავწერდი წერილებს, იმიტომ რომ ისინი საშინლად საშიშები მომეჩვენა. წერილები ოჯახის რელიქვიას წარმოადგენდა და აღარცერთის ადრესატი და ბუნებრივია, არც გამომგზავნი, ცოცხლები აღარ იყვნენ. გაყვითლებულ ფურცლებზე  მთელი ოჯახის წლებზე გაწელილი ამბები იკითხებოდა. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, ცხოვრების ამაოებებთან პირველი დაჯახება.
საშინელი წყევლა თვენახევრის წინ დავივიწყე  და ეს წერილი ნომერ ორმოცდამეექვსეა. ასე, ბავშვობაში ტიპი რომ იყო, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა, ეგრე, მე წერილებს ვწერ, ბოთლში ვაწყობ და ზღვაში ვყრი.
 მე, საწყალი მეთევზის საწყალ ცოლს, სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა ზღვის მეორე მხარეს, სულ ტყუილად, არასოდეს ვყოფილვარ ჩვენი ნავსადგურის იქით. ახლა, ამ წერილებს ჩემ მაგივრად ვაგზავნი აქეთ იქით, ამბებს ვატან და მგონია, ზღვის ჩემთვის უცნობ მხარეებს ვიშინაურებ.
ისე, ზღვის მხარეებს ვაბრალებ, თორემ ისე სულ სხვა ამბავია. მომწყინდა ჩუმი სახლი და თევზის შიგნეულისგან გამოსუფთავება, ნესტი და დაუმთავრებელი წვიმები. არ არის ადვილი ასე ცხოვრება. ამ თევზებს გონიათ რომ  მაგათ რომ არ ველაპარაკები, სალაპარკოც არაფერი მაქვს. როგორ უნდა ველაპარაკო  ჩემი საღამოს ვახშამს.
აი, წერილები სულ სხვა რამეა. წერ და არასოდეს არ იცი, ვინ, სად და რამდენი ხნის მერე წაიკითხავს.  შენც სულ არ ფიქრობ, რა მოყვება შენ ბოთლში ჩაჭმუჭნულ ამბებს, ყვები რომ ზღვისპირა ქალაქებში ადამიანებს ზღვის ხმა არასოდეს არ ესმით, რომ მეთევზეების ცოლები ვერასოდეს ხვდებიან წითელსა და ოქროს თევზებს შორის განსხვავებებს, რომ ნესტი ზოგჯერ ისე სასიამოვნოდ გალბობს, ნორმალური მდგომარეობა გგონია, რომ წვიმები აქ თუ იწყება აღარასოდეს მთავრდება, ზუსტად ისე, როგორც ლამაზ გოგოებზე ნაადრევი ასაკიდან  წამოწყებული ჭორები. ყვები იმასაც, რომ ვერ იტან, როცა შენ ქალაქში ვინმე უცხო ჩნდება, გგონია, ის ზუსტად ზღვის იმ სხვა მხრიდანაა,შენთვის სულ სხვა მხარე რომ იქნება. ეგ კი არა, იმასაც კი უსირცხვილოდ ყვები, როგორ  გრცხვენოდა სკოლაში მასწავლებლის კითხვაზე საპასუხოდ ხელის აწევა და როგორ გეგონა რომ სკოლისკენ მიმავალ გზაზე მდგომი შენზე ოდნავ დიდი ბიჭები შენი ნაბიჯების სიმძიმეს გრძნობდნენ. იმასაც ამატებ, რომ სწორედ ამ არაწეული ხელების და არნაპასუხები გაკვეთილებისთვის შეწყვიტე მძიმე ნაბიჯებით სკოლაში სიარული და იმიტომაც გახდი მეთევზის ცოლი, რომელიც ისე მიაჩვიეს თევზებმა პირში წყლის ჩაგუბებას და უშედეგო სხმარტალს, სულ დაგავიწყდა, როგორ იწნავდი ხოლმე მისთვის თმებს და ისვამდი ყვავილების ნახარშს ხელებზე.
დგახარ,  წერილებს წერ და სულაც არ გაწუხებს, რომ  ახლა ეს შენი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.  ეგრეა, ზღვის ყველა მხარეს შეიძლება გაჩნდეს კომუნიკაციის დეფიციტი, უბრალოდ, ზოგს შეიძლება ქონდეს ბოთლი, წერილის ჩასატენად, ზოგს მარტინი ბოთლიდან დასალევად.
ბედნიერად ნომერ 46 ადამიანო და იცოდე, ეგ ყველაზე კაი რამეა, რაც შეიძლება როდესმე გამოგივიდეს

No comments:

Post a Comment