ავტორი: ირინა აბრამიშვილი
ძვირფასო ბატონო პოსეიდონ,
ამ წერილს გწერთ იმიტომ რომ შეწუხებული ვარ არსებული ვითარებით და აღარ ვიცი ვის მივწერო და რა ინსტანციებს მივმართო. შევაწუხე ცა და დედამიწა მაგრამ ჩემი გულშემატკივარი არავინ გამოჩნდა. იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა.
ძალიან კი მერიდება....როგორც ხედავთ აღელვებული ვარ, მომიტევეთ... შარშანწინ ბატონ კლაუსს მივმართე წერილით. მაშინ მართალია სხვა პრობლემატიკა იყო ჩემს წინაშე წამოჭრილი, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხები როგორებიცაა მარათონის ინსპექტორებში სირბილი, ორი ლულასა და პოპულის გამყიდველების ხელების ეპილაცია კვლავ მოუგვარებელი რჩება და მეტიც, წელს პოპულს ვირთხა დაემატა. თუმცა ამ ამბებით თავს არ შეგაწყენთ.
დავიწყებ თავიდან...
ცოტა ხნის წინ მივსეირნობდი ჩემთვის ზღვის ნაპირას და შემთხვევით დავინახე ცარიელი ბოთლი, ჯიბეში შემთხვევით რვეული და კალმისტარი მედო და გადავწყვიტე თქვენთვის წერილი მომეწერა. იქნებ თქვენ მოგეგვარებინათ ჩემს წინაშე ზვირთად აღმართული პრობლემა– მეთქი. მით უმეტეს რომ სანტა კლაუსისაგან განსხვავებით, რომლის ავტორიტეტისა ოჩოპინტრეს გარდა აღარავის სჯერა, თქვენ ხალხის მასები გიცნობენ როგორც მოწიფულ ძლიერ მამაკაცს, რომელსაც ხელში სამკბილა უჭირავს და პერიოდულად კლდეებს ხვრეტს.
დღეს ალბათ ბევრ წერილს მიიღებთ. რაღაც ბევრი ბოთლი გამორიყა ზღვამ და ჩემნაირად ბევრი ბედის მაძიებელი შევნიშნე საღამოს სანაპიროზე შემთხვევით მოხეტიალე. იქნება ალბათ კულტურის წარმომადგენლთა ანონიმური წერილები დასმენებით და თქვენი სადიდებელი სახოტბო ლექსებით. იქნება ალბათ მოთხოვნები ბიოპასპორტების შემოღების თაობაზეც. ბევრი ამ სანაპიროზე მოხეტიალეთაგან მზის ქვეშ ადგილების დეფიციტთან დაკავშირებით დარმწუნებული ვარ ზღვის წიაღში რეპატრიაციასაც მოითხოვს. ალბათ იქნება ბევრი მუქარის წერილიც და ბევრი მოლოტოვის კოქტელიც. თუმცა მე ბოლო დროს ჩავიქნიე ხელი ამგვარი წერილების წერაზე. მრავალი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვწერდი წერილებს სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე და ხმამაღლა (დიდი ასოებით) გამოვთქვამდი ჩემს უკმაყოფილებას. სამწუხაროდ არც ერთი ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხი არ მოგვარდა და ჩემი წერილების პასუხი ხშირად უგულო და უჟმური out of office იყო. დრო მიჰქრის ბატონო პოსეიდონ როგორც მოგეხსენებათ ჩვენთვის ადამიანებისთვის და მეც უკვე გადავაბიჯე 50 წელს. ჩემს მიერ საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვამ წაიღო ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. თუმცა ისევე როგორც სხვა არსებებს მეც მიპყრობს ხოლმე მარტოობის აუტანელი განცდა და ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. თავს ნებას ვაძლევ მოგმართოთ თხოვნით და გაცნობოთ რომ ძალიან მესაჭიროება ვინმე–ანონიმური ინტიმური კავშირისთვის! დიახ! სქესს აღარ დავეძებ.... არც ქაფიდან ახალდაბადებულ ვენერას ვითხოვ, მაგრამ მედუზას და ზღვის ზღარბს ნუ გამომიგზავნით ძალიან გთხოვთ, შემიბრალეთ.
ბატონო ძვირფასო პოსეიდონ, როგორც ხედავთ ჩემს მიერ გამოგზავნილი წერილი არყის ბოთლში დევს და ეს შემთხვევითობა სულაც არაა. წავიდა ის დრო, როცა ადამიანები ბარძიმიდან ღვინოს ხვრეპდნენ. ახლა სანაპიროზე არყის ბოთლები დაგორავს და იმ შემთხვევაში თუ ჩემს მოკრძალებულ თხოვნას არ გაითვალისწინებთ მე დიდი არჩევანი აღარ მექნება. შეიძლება ახლო მომავალში სწორედ ეს ბოთლი გახდეს ჩემი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი.
ბატონო ძვირფასო, ნუ გამიმეტებთ პლანქტონის საკვებ ხორცად ძალიან გთხოვთ. გემშვიდობებით და წერილს ვასრულებ ერთი ბუმბერაზი ადამიანის სიტყვების რწმენით –„ყველაფერი კარგად იქნება“ (ტომ კრუზ©)
No comments:
Post a Comment