Friday, July 1, 2011

ნაყინი და სიყვარული

ავტორი:
სალომე შენგელიძე

თვითმკვლელობამდე ხანდახან სიტყვებს ვტოვებთ ხოლმე. მეც მოვედი ბანალურ სიკვდილამდე: სიცოცხლის დასრულება აკრძალული სიყვარულის გამო მტკვრის ბინძურ წყალში მთლად ორიგინალური ვერ არის. ჩვენი ამბავი ისე ბანალურად არ დაწყებულა, როგორც მთავრდება:
-დაჯექი!
დავჯექი.
ვფიქრობ, რატომ არ მეშინია ამ ტიპის. წესით, უნდა მომკლას თანდათან, ნელა, სიამოვნებით. არა, ჯერ გამაუპატიურებს და მერე მომკლავს. ან მკვდარს გამაუპატიურებს, ასეც ხდება ხოლმე საშინელებათა ფილმებში. მაგრამ საშინელებათა ფილმებში გაცილებით უფრო დახვეწილად კლავენ გაცილებით უფრო დახვეწილი ინსტრუმენტებით. რა ხერხებით უნდა მომკლას 17 წლის ცხვირმოუხოცავმა, ახალგამომცხვარმა მანიაკმა თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე, სრულიად არადამთრგუნველ და ჭრელ, არამანიაკალურ ოთახში? მე აქვე ვცხოვრობ, პირველ სართულზე და წარმოდგენა არ მქონდა თუ იოანეს წითელ თავში ამფერივე აზრები უტრიალებდა
პირველად თმას მომაჭრის. მომაჭრა.
ის დედამისთან ერთად ათი წლის წინ მოვიდა არსაიდან. მერე დედამისი მოკვდა, ფანჯრიდან სასიკვდილო სალტო გააკეთა, სულ ამაზე ოცნებობდა წითელი იოანეს აკრობატი დედიკო. სიკვდილამდე იოანე მომანათლინა. მას მერე, ყოველ ნათლისღებას ეკლესიაში მიმყავდა ხოლმე. სანთლის ანთება არ უყვარდა, თითებს იწვავდა. სამაგიეროდ, დიდხანს ათვალიერებდა ხატებს, მერე, სახლში დაბრუნებული, წითელი ფანქრებით ხატავდა წმინდანებს
ახლა სხვა მანიაკებივით აღსარებას ჩამაბარებს,- ჩუმადაა.
დედის სიკვდილის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა. გვესტუმრებოდა ხოლმე სუფთად ჩაცმული, საწვავის სუნის ნაცვლად საპნის სუნი ასდიოდა, სისუფთავის სუნი და საპნის ბუშტებს მიუგავდა კანი, ისეთი გამჭვირვალე, ხელის შეხების მეშინოდა. სულ მეგონა, თაფლით და კალიით იკვებებოდა. საუბრობდა ბევრს, ყველაფერზე  და საუბარს ხელებს აყოლებდა. მეჩვენებოდა, რომ თითები ყოველი ნათქვამი წინადადების პროპორციულად ეზრდებოდა.
დგას, მიყურებს. მოყვითალო თვალები ძალიან უხდება წითელ თმას.
-სულ ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ ყოველ ღამე: შენი თმა მოცოცავს, პირიდან სხეულში მიძვრება. შენი თმა ვხდები. ძარღვებად შენი თმა მაქვს, ჩემ თმად შენი თმა მაქვს. თუ სიმშვიდე და ჯანმრთელობა მინდა, უნდა მოგკლა. თუ არ მოგკალი, შენი თმები მომკლავენ, სისხლს მიმღვრევენ, ზუსტად ამიტომ მჭირს ლეიკემია. არ ვიცი როგორ მოგკლა. როგორც გინდა, ისე მოგკლავ.
იშვიათად ასდიოდა საწვავის სუნი, ამ დროს თვითონაც იმღვრეოდა, კანი ხის ქერქივით უუხეშდებოდა და კითხულობდა ბიბლიას. ტრანსფორმაციის მიზეზი ვკითხე. მიპასუხა, რომ ბიბლიის კითხვა ყველაზე ნაკლებად ამშვიდებდა და წლები აწვებოდა. როგორ უნდა დააწვეს ჩვიდმეტი წლის ბიჭს წლები?!
-რომ მოგკლა, მზე ისევ ამოვა. რომ მოგკლა, ნაყინის ჭამა ისევ მომინდება. რომ მოგკლა, მე უფრო გვიან მოვკვდები.
-ერთად ვჭამოთ ნაყინი ხვალ, ცოცხლებმა- ვეუბნები, გაბრუებამ არ გამიარა და მე თითქოს მე არ ვარ და გარედან ვუყურებ გოგოს, რომელიც ასე მგავს და რომელსაც ცოტა ხნის წინ თმა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოაჭრეს. თმა კი იატაკზეა მოფენილი, რა გააცოცხლებს, იოანეს სიზმარში კი არ ვართ. უცებ მოძრაობას ყველა და ყველაფერი ერთად იწყებს: ჩემი თმა სადღაც მიცურავს და მეც მივყვები ჩემი სკამით, კედლები ზანზარებს, ხატები ცვივა. იოანე შეშინებულია, უფრო ფერმკრთალი ვიდრე- ადრე. ბოლოს ისმის გამაყრუებელი გრუხუნი: “თორმეტსანთლიანიჭაღი ნაწილებად იშლება და იატაკზე ცვივა. ერთი ნაწილი იოანეს ხვდება მარჯვენა ხელზე. ალბათ სტკივა, იოანეს სისხლი ჩემს მკვდარ თმას უერთდება. იოანე წყნარდება, ყვითელი თვალები ურბილდება, თმაც თითქოს ცოტათი კარგავს ცეცხლს. ვხედავთ: ოთახი მოფენილია მონეტებით. ერთი, ორი, სამი... და ვფიქრობ, ოცდაათამდე იქნება და სავარაუდოდ, ვერცხლია.
სულ წითელია იოანე, სისხლი როგორმე უნდა შევუწყვიტო, თან ხვალ ხომ ნაყინი უნდა ვჭამოთ ერთად.
იმ დღის მერე ნაყინიც ბევრჯერ ვჭამეთ და ასე, ნაყინ- ნაყინ, თანდათან შემოგვიყვარდა ერთმანეთი. კარგი იქნება, ჩვენი ამბავი მანცდამაინც რომელიმე მოძღვრის ხელში თუ არ ჩავარდება. წერილიანი ბოთლი ვინმე ისეთმა იპოვეთ რა, ვისაც ნაყინი და საშინელებათა ფილმები გიყვართ.

No comments:

Post a Comment