როგორც იქნა ჩავედი ბათუმში. მთელი წელიწადი ვოცნებობდი ზღვაზე და აქაურ სიგრილეზე. მიყვარს საღამოობით ნაპირზე სეირნობა და ტალღების ხმაურით ტკბობა. დაღამდა. ვზივარ ნაპირზე და ფეხებს ვისველებ. უცბად რაღაც ცივი შეეხო ჩემს ფეხს. ავხტი, მედუზა მეგონა, მაგრამ მთვარის შუქზე ბოთლი დავინახე. თავიდან ძალიან გავმწარდი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ზღვაში ცარიელი ბოთლი გადააგდო და ისევ დაანაგვიანა აქაურობა. ბოთლი ხელში ავიღე და დავაკვირდი: საცობი ჰქონდა და შიგნით რაღაც ფურცელი იდო. ძალიან დავინტრიგდი და ბოთლი გავხსენი. ნაგლეჯზე ორივე მხრიდან ნაწერები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ პატარა ბავშვის დაწერილი იყო, ტექსტს თან ნახატებიც ერთვოდა (მზე, პალმა, ჩიტები). კითხვა დავიწყე და ძალიან მეუცნაურა შინაარსი. თავიდან ვიღაცის ცუდ ხუმრობად აღვიქვი. (ტექსტის შინაარსი ზუსტად მაქვს გადმოტანილი)
„გაგრა 2010 წელი, აგვისტო...
გამარჯობა უცნობო დეიდა თუ ბიძია, მე ჯემალი მქვია. 12 წლის ვარ, ახლა ვზივარ პლაჟზე და ვუყურე მზეს და ვწერ ამ წერილს. მამიკოს გამოვართვი ფურცელი, კალამი და ცარიელი ბოთლი. ვუთხარი, რომ წერილი უნდა გავაგზანო მომავალში, იქნებ ოდესმე მევე ვიპოვო ეს წერილი ან ჩემმა შვილმა ან შენ, ვინც კითხულობ ამას.. ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა დავწერო. აქ ყოფნა ძალიან კარგია. ისე მგონია, რომ მთელი თბილისი ამ სანაპიროზე ჩამოდის ზაფხულში, არადა ვიცი, რომ ბათუმიც, კვარიათი, გონიო და სხვა ამდაგვავარი ქალაქებიც არის ზღვისპირას, იქაც მასეთივე ზღვა არაა? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სულ აქ ჩამოვდივართ ხოლმე. ბებიაჩემი აქ, ზღვასთან ახლოს, ცხოვრობს. აქაური პალმები მომწონს, ადრე ზედ ბანანებს ვეძებდი, მაგრამ დედიკომ მითხრა, რომ კონკრეტულად ამ პალმებზე ბანანები არ იზრდებოდა... ბევრი აქაური მეგობარი მყავს და, იმედია, როცა გავიზრდები, სკოლას დავამთავრებ და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვალ აქ, ჩვენ ისევ ვიმეგობრებთ. დედიკომ მითხრა, რომ მომავალ წელს ბათუმში ან კვარიათში უნდა ჩავიდეთ, იქაურობა უნდა მოვინახულოთ. მე მიხარია, სხვა კუთხესაც ვნახავ, შევაფასებ და შევადარებ აქაურობას. კიდე რა გითხრათ? საქართველოში მშვიდობაა. არადა, დედიკო მიყვებოდა, რომ სადღაც 20 წლის წინ აქ ომი იწყებოდა, მაგრამ არც ჩვენ და არც აქაური მოსახლეობა არ წავიდა პროვოკაციაზე (ახალი სიტყვა ვისწავლე) და მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი. დედიკო მეუბნება ომი რომ დაწყებულიყო, აქ დასასვენელად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ჩამოვიდოდით. ამიტომაც კარგია, რომ არ მოინდომეს ომი და მეც ვზივარ აქ და გიწერ ამ წერილს. როცა გავიზრდები აუცილებლად ჯარისკაცი გავხდები, და ვიზრუნებ იმაზე, რომ აქ არანაირი ომი არც მომავალში იყოს და როგორც მანამდე ვიცავდით ქვეყანას, მომავალშიც დავიცავთ.უი, მამიკო მეძახის.. უნდა გავიქცე. ჩემი და დამცინის: რა სისულელეს აკეთებ, ვის რაში დასჭირდება შენი წერილი, ზღვაში წავა და დაიკარგებაო. რა ესმის მაგას...“
ამაზე წერილი დასრულდა. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ფურცლის ნაგლეჯს და ვერ ვხდებოდი: საიდან, როგორ, რანაირად, რატომ და ვინ იხუმრა ასე მწარედ... იქნებ უბრალოდ აფხაზი ბიჭის დაწერილია ეს, მაგრამ თბილისში ვცხოვრობო..ჰმმ
უცნაური მოვლენების მჯერა, მაგრამ ნუთუ მართლა არსებობს პარალელური სამყარო, სხვა დრო, სადაც შეიძლება სულ სხვანირად ყოფილიყო ყველაფერი და ის ბიჭიც მჯდარიყო აფხაზეთში, ზღვის პირას და დაეწერა ეს წერილი.... გამერღიმა. მინდა დავიჯერო, რომ სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანირად და კარგად იქნებოდა... მინდა მჯეროდეს რომ ეს ნამდივი წერილია და არა ვიღაცის ცუდი ხუმრობა... კი, მე მჯერა ამის...
ყოჩაღ ჯესიკა : )
ReplyDeleteკარგია, ჯესი :)
ReplyDeleteმომეწონა ^^
ReplyDeleteყოჩაღ :)
ReplyDelete