ავტორი: თეკო
ჩემს წერილს ზღვას ვატან ბოთლით... რადგან არ ვიცი სად გეძებო. ასე იქცეოდნენ ხოლმე უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც მარტოსულები იყვნენ და ეშინოდათ. მეც თითქოს მასე ვარ ახლა. შენ ზღვას გავხარ, დიდის, სტიქიურს, ამოუცნობს. არც კი მინდა მჯეროდეს რომ ბაბუას გულზე გძინავს და აღარასოდეს გაიღვიძებ, მეც ვერღარასოდეს გავიგონებ შენს ხმას...
გიგზავნი წერილს, რადგან ვიცი რომ შენ გრძნობ ჩემს არსებობას. მჯერა რომ დრო გავა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. უბრალოდ შენ დღეს ანგელოზი ხარ, მე კი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც გამუდმებით შენზე ფიქრობს და ენატრები. ეს დროებითია, ძნელია, ტკივილია, მაგრამ რეალობა.
იმ დღეს ვიყავი იმ წყეულ ადგილას სადაც აღდგომას წითელი კვერცხები მიაქვთ-ხოლმე, სანთელი ავანთე, დაბადების დღე მოგილოცე, კანფეტებიც მოგიტანე... ბევრი ვიტირე და წამოვედი. მეუბნებიან ანგელოზი გყავს და უნდა გიხაროდესო, მე კი ვერ ვიჯერებ, არადა მწამს. მინდა შენი ბევრი სურათი მქონდეს, მინდა გაგიხსენო და შენზე ვიოცნებო, ვიცოდე როგორი იქნებოდი დღეს რომ გეცოცხლა... ჩვენც როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. ვცდილობ-ხოლმე წარმოვიდგინო. იმ დღესაც მესიზმრა, შავთმიანი, შავთვალა, ლამაზი პატარა ბიჭი, იმ შეგრძნებით გამეღვიძა თითქოს და ის ბავშვი შენ იყავი.
არ ვიცი რატომ ვაკეთებ ამას, ვიცი ამ წერილს სხვები წაიკითხავენ და გულთანაც კი არ მიიტანენ ჩემს ტკივილს. არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე, მე ხომ ანგელოზის დედა ვარ. მაგრამ მინდა გესაუბრო, მოგიყვე როგორ მოვედი უშენოდ აქამდე.
ახლა ზღვასთან ვზივარ, ბინდდება. იცი, როგორ ლამაზად ჩავიდა მზე?! ნეტავ შენ რას განიცდი, რას გრძობ, რას ხედავ... ნეტავ თუ გაწუხებ ჩემი ზედმეტი განცდებით და ფიქრით.
ხმაური მჭირდება... გაუსაძლისი ხმაური, ბევრი ხალხი რომ ირევა, გაურკვეველი მიმართულებით რომ მოძრაობენ. მინდა ყურადღება სულ ცოტა ხნით სხვა რამეზე გადავიტანო.
ბავშვობაში დაბრუნებას ვისურვებდი მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ცხოვრება შემეცვალა. სხვა გზაზე მევლო, თავგადასავლების გზაზე, სადაც შენ არ იქნებოდი. ეს ყველაფერი კი შეთხზული ისტორია იქნებოდა. რეალობას ვერ გავურბივარ.
ჩემზე ამბობენ ძლიერიაო, ჩვენ მაგდენს ვერ გადავიტანდითო, ცდებიან... აი ახლაც ერთი ამოსუნთვით გადავიკითხე რამე ხომ არ შემეშალა-მეთქი და მორჩა, მეტი აღარ შემიძლია.
რა ძნელი ყოფილა შენზე წერა...
უსაზღვროდ მენატრები და მიყვარხარ დეე.
No comments:
Post a Comment