ავტორი : მეგობრის მეგობარი
საღამო: მზე ჩადის, ნაპირზე მარტო ზის, უსმენს საყვარელ მუსიკას, სვამს მარტინს და უყურებს ყველაზე ბანალურ პეიზაჟს.
ღამდება: ზღვა ტერფებს შეეხო, სხეულმა შეიწოვა მარილიანი წყალი...
სასმელი აღარ აქვს მარტინის ბოთლიდან ბოლო წვეთი გორდება და ხარბად ისრუტავს. ორი წუთის მერე იღებს ჩანთიდან ფურცელს და წერს: ”ხანდახან როცა ზღვა წყნარია, მის ღელვას თვალებში ვგრძნობ, ხშირად ვხედავ რომ მასში ქაოსია, ბურუსი. ამღვრეულს ნალექი ედება და მიუწვდომელია ჩემთვისაც კი. მაშინ მეშინია, რადგან ზღვას სწადია, რომ შევერწყა როგორც წვეთი, რომელიც სალ კლდეზე კიაფობს და ზევიდან უყურებს უზარმაზარ სტიქიას. აბობოქრებულ ზღვას კი მხოლოდ ის სურს, რომ ის პაწაწინა, ნამცეცი წვეთიც მისი გახდეს, დაიმორჩილოს და დაეუფლოს, შეითვისოს და ბოლოს გააქროს... შენ ზღვამ შეგითვისა....
ჩვენ სულში არის რაღაც მაზოხისტური და ჩვენ ვიდრიკებით იქითკენ საითკენაც ნაბიჯის გადადგმა შეიძლება ავისმომასწავლებელია. . . . . . .
ზღვური რწევა საკუთარ თავში, თმაში. თვალებში ტალღები და ნაზი ქაფი ლივლივებს ფეხებზე. მრუმე დინება მიყვება ქარებზე, გემებზე, თევზებზე, აიზბერგებზე და ზღვებზე ამბებს.
ზღვური სიგიჟე მშვიდ დინებაში უფრო ადვილი დასანახია... ზღვის ქვემოთ შენ ხარ... ერთმანეთისგან შორს ვართ, და გგრძნობ აქ ხარ, გვერდით. თვალებით შეხება შეჯახებას უფრო გავდა და დარტყმამ შორს გვისტყორცნა, გაურკვევლობაში, სასრულ-უსასრულობაში, და არც გვიცდია აქედან თავის დაღწევა.
მგრძნობ? მე შენს წინ ვდგავარ ზღვის ნაპირზე და გისუნთქავ უჰაეროდ... ”
წერილის ბოლოს მარჯვენა კუთხეში სახელი წააწერა დაკარგული მეგობარი. ბოთლში ჩადო, საცობით დახურა და მთელი ძალით მოისროლა ზღვაში. ეს მხოლოდ მისთვის იყო, მისთვის და იმ პატარა მარტინის ბოთლისთვის, რომელშიც მისი განცდები იდო.
.
.
No comments:
Post a Comment