ავტორი: ილია ქოიავა
საოცარია, უსასრულო და უძირო. სწორედ ისეთი ყოფილა როგორც ჩემს წარმოსახვაში. სამწუხაროა რომ მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მაგრამ ღამე ზღვას სხვა, ამოუცნობს, იდუმალებით მოცულს და ენით აღუწერელს ხდის....
მისმა სრულყოფილებამ და უსაზღვრო ძალამ თითქოს შემაშინა, კოჭებამდე წყალში ვიდექი და ჩემი მზერა ჰორიზონტზე გაიყინა... ზღვისა და ცის ერთიანობამ უსასრულობაში წამიყვანა... ტალღები კი წვივებზე მოურიდებლად მეხეთქებოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ, უსასრულობაში. ეს ჩემი და ზღვის პირველი შეხვედრა იყო.
ტალღის მორიგი მობრძანებისას ფეხზე რაღაც, მძიმე მომხვდა... არც კი დავფიქრებულვარ ისე დავიხარე მის სანახავად... ხელში მარტინის ბოთლი შემრჩა. ჩემდა გასაოცრად მასში გაყვითლებულ ფურცელზე, გაკრული ხელით შესრულებული წერილი „აღმოვაჩინე“... ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ მასში ქართული სიტყვები ამოვიკითხე:
„არც კი ვიცი ამას რატომ ვწერ... ალბათ იმიტომ რომ მარტინის ძალამ ჩემში ძლიერი, დაუსრულებელი ნოსტალგია გააღვიძა... პირველად გავსინჯე ამ უცხო, სახელგანთქმული სასმელის გემო, მაგრამ მაინც ჩემი, მწარე ჭაჭა მირჩევნია... ძალიან მენატრება ჩემი ხმაურიანი და შეშლილი თბილისი... მისი სუნთქვის ხმა, რომელსაც თითქმის ყოველ საღამოს ვისმენდი მთაწმინდიდან. მამა დავითთან პირჯვარს გადავისახავდი, შემდეგ გალაქტიონს მივუჯდებოდი, ჯიბიდან უბის წიგნაკს ამოვაძვრენდი და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს რითმებს, შავი ზღვასავით უძირო პოეზიაში თავით გადავეშვებოდი და თავხედურად ვარღვევდი იქ გამეფებული წყვდიადის მყუდროებას.
ძალიან მენატრება ცხონებული მამაჩემის დაჟანგებული „მოსკვიჩ“-ის გრუხუნი, დედაჩემის ტკბილი ხმა, ჩემი ძმები და ძალიან მენატრება ტყლაპი...
საით წაიღებს ეს საოცრად ლურჯი „შავი ზღვა“ ჩემს წერილს არც კი ვიცი... ალბათ ხვალ ან ოდესმე, რომელიმე ბერძენი იპოვის, ნაცნობს ვერაფერს ამოიკითხავს და სანაგვეზე მოისვრის, მაგრამ თუ კი სასწაული მოხდა და ამოიკითხავ ესეიგი წერილი მივიდა ადრეატამდე. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს შენთან ჩემო უცნობო მეგობარო, შესვი ჩემი სადღეგრძელო ქართულად...
რა ძალა ჰქონია ამ მარტინის“...
.
.
No comments:
Post a Comment