Thursday, July 14, 2011

მე და ჩემი ღმერთი

 ავტორი: 
თაკა სელეპანიშვილი



I.
ეს კუნძული ღმერთებისაა.
ანგელოზები პალმებზე სხედან.
ბედნიერება – გადამწიფებულ ნაყოფივით
აცვივა მიწას.
ოქროს ქვიშებზე ღმერთებს შორის
ვდგავართ და გვჯერა,
რომ თოლიების გადაფრება,
ხანდახან გვიცავს, –
ამ დუმილისგან
– არ გავგიჟდეთ, არ შევიშალოთ.
სანაპიროზე ჯებირები არ მოიშალოს,
რომ არ იპოვნოს კაცთა მოდგმამ ღმერთის საბადო
და ვერ მიაგნონ ანდერძს მზისას.
მთვარემ დაბადოს,
მათთვის ისევ ყოველი დილა
და ანგელოზი სანამ მათთან
თავად არ მივა,
ვერც კი დაუშვან
არსებობა მსგავსი რამისა

და არ არსებობს
აქ მუსიკა – სიჩუმის გარდა.
ვუსმენთ ამინდებს;
გაღმა – მთებს და
გადმოღმა ბარებს.
ირგვლივ კი თითქოს,
მზემ თერგისგან აიღო დაზგა
და კაბას კერავს საზაფხულოს
უხდებათ ქარებს.
ქარებს უხდება,
ამბობენ ეს:
ღრუბლების ფთილაც
და დილის წვიმაც,
შუადღის მზეც
და ღამის თოვლიც.
და ზეცის ღმერთი,
ხალხს ხელს უქნევს,
ამბობს რომ მივა,
მივა და მათი ცოდვებისას
ყველაფერს მოთვლის.

სიჩუმის ბიძგებს მივაპობ და
მიწა ვარ მხოლოდ,
ანუ ვდგავარ და
ეს ღმერთები ჩემზე დადიან.
ერეგირებულ კაუჭებად დგანან პალმები.
ანგელოზები ჰიმნს მღერიან,
ცამდე ადიან.

მე კი, მიწა ვარ,
ყურთასმენას მირღვევს ჰანგები.
განძად დაფლული
ხმელი ძვლები მიყრია სულში
და ქანებისგან შემომერყა
ყოველი ნერვი.

სურვილი არ მაქვს აღარაფრის მაინც მას მერე,
რაც ხალხმა ღმერთი – მოიგონა
და მოკლა – ღმერთი.


II.
ოთახში ვზივარ.
მეზობელი ოთახიდან,
ტარანტულებივით მოხოხავენ უცნაური ადამიანები.
მხოლოდ ერთი მათგანი ახერხებს,
ჩემი კარის ღრიჭოში ხმის შემოცურებას.
კუნძულივით ვზივარ ოთახის შუაგულში,
გარშემო წყლის ნაცვლად ფურცლები,ფოტოები
და ათასი უაზრო ნივთია.
მათ შორის ძველი გაზეთებიც.
ერთ–ერთი გაზეთის სტატიას ვაკვირდები:
"მადამ კლოზემ ანდერძით თავის საყვარელ პუდელს
დაუტოვა მთელი ქონება."
სასაცილოა – ვფიქრობ.
ხო,ვფიქრობ,თუმც არ ვიცინი.
დიდი ხანია ალბათ მივხვდი,
რომ კაცთა მოდგმა
ზოგადად დასაცინად შექმნა ღმერთმა.
ხო,ზუსტად ასე.
ისიც ხშირად დგას და იცინის.
განსაკუთრებით ალბათ მაშინ,
პირდაფჩენილი თოლიებივით,რომ მიაწყდებიან და წიკვინებენ.

იმას ვამბობდი,
ოთახში ვართქო ანუ ვზივარ,
ტარანტულები შემოდიან
და ჩემი ტვინის უჯრედებისკენ მოიწევიან,
ისეთივე ყიჟინითა და ხმაურით,
როგორც მეკობრეები მიიწევენ ხომალდებით,
განძის საძებრად.
და უძრაობა თუკი მოხდა, ვინმემ გაბედა,
ვერასოდეს წამართმევენ ძალა–უფლებას.

მე კი ვზივარ ისეთი მშვიდი სახით,
როგორც სანაპირო ხვდება ცუნამებს
და ჩემი განძი,არა ტვინი,
არამედ სულ სხვა.
ოთახიდან–ოთახში დადის,
როგორც დუმილი.
ოღონდ აქ არა,
სხვა კუნძულზე
ანუ სხვა სახლში
და ბოლომდე სწამს,
რომ არა მყავს მე სხვა ღმერთი,
"მისსა გარეშე".

No comments:

Post a Comment