Monday, July 18, 2011

მე, ჩემი კაპიტანი და ნაგავი

პირველი ადგილი ს.ს. "გოლეთიანის" მიერ დაჯილდოვდა ნოკიას ფირმის ტელეფონით
ავტორი: სალომე შენგელიძე


ფრთების მაგივრად ხელები მაქვს, ბუმბულების ნაცვლად- ბუსუსები ინტიმურ და არც თუ ისე ინტიმურ ადგილებში, ცხვირი რაღაცით წააგავს ნისკარტს, მაგრამ რადგან ვერ დავფრინავ და  არც გასხივოსნების და აფრენის მჯერა, რომელიც თურმე ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოხტომით მიიღწევა, . . უფრო მეტად ადამიანი ვარ ფრინველის სახელით თოლია. სამაგიეროდ, თოლიასავით თეთრი ვარ და ეს სითეთრე ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა ფიზიკურადაც და სულიერადაც. დისკომფორტი #1: გარუჯვის ნაცვლად ვიბრაწები და ზოგჯერ რომელიმე ხარისხის დამწვრობასაც ვიღებ. დისკომფორტი #2: სითეთრე, კარგა ხანია, მოდაში აღარ არის. მსოფლიოში ყველაზე არამოდური გოგო ვარ თეთრი კანით, ფრინველის სახელით, თან- მეგრელი: თოლია თელია. არც სახელისა და გვარის ჰარმონიული კეთილხმოვანება აღარ არის მოდაში: შერვაშიძე მაინც ვიყო, ჰა- ჰაა შენგელიძე ან ტრაპაიძე. მაგრამ მამაჩემს არასდროს უყვარდა კონტრასტები და ოცდამეორე წელია თოლია თელია ვარ. დედაჩემისთვის- ლია, მეგობრებისთვის- ლიკა, შეყვარებულისთვის- თო.

ათი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი მამურმა პასუხისმგებლობამ შეაწუხა და ზღვა- ზღვა ხეტიალი ჩემ გამო შეწყვიტა. მაშინ მის ანგარიშზე ჯერ კიდევ არ იყო ერთი ჩაძირული გემი, შესაბამისად, ანგარიშზე ჰქონდა სიცოცხლე. როგორც მერე ხშირად მიმეორებდა, სიცოცხლე მე შემომწირა, რადგან არ უნდოდა, მამური მზრუნველობა მომკლებოდა ან საერთოდ არ მქონოდა- გემის ჩაძირვის ალბათობა ჩემი ობლად დარჩენის ალბათობის პროპორციული იყო.

მე კი მაინც ძალიან მინდოდა, მყოლოდა მარადკაპიტანი მამა, პეპის მამასავით როხროხა ხმით და დიდი ულვაშებით. მაგრამ, რადგან მამაჩემი არაფრით ჩამოჰგავდა პეპის მამას, მეც ხელი ჩავიქნიე და ბედს შერიგებულმა ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელი, გრძელი წინდები სანაგვეში მოვისროლე, მინდოდა, ჭორფლებიც მიმეყოლებინა, მაგრამ დედამ ამიხსნა, რომ ეს არის პიგმენტური ლაქები და არა- მინიატურული ნივთები, რომლებსაც მაშინვე გადაყრი, როგორც კი მოგწყინდება, გავიშალე კიკინები და ბათუმიდან თბილისში გადმოვბარგდით.

თბილისი კი ჭორების კუნძულია,- ასე მითხრა მამამ. მერე აღმოვაჩინე, რომ თბილისი არის კუნძული, სადაც ყველამ იმაზე ნაკლები იცის, ვიდრე ლაპარაკობს და ყველა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, სადაც თავისებური არითმეტიკით ხელმძღვანელობენ, რომელიც ადამიანების მეტობას და ნაკლებობას არა- ადამიანური რესურსების, არამედ მანქანების რაოდენობის მიხედვით აღრიცხავს. აღმოვაჩინე, გული დამწყდა და სამუდამოდ შემძულდა მათემატიკა.

სანამ მე მათემატიკა მძულდებოდა და კუნძულზე კიდევ სხვა რაღაცების აღმოჩენით ვიყავი დაკავებული (ყველაზე ნაკლებად აქ განძის აღმოჩენის იმედი მქონდა), მამაჩემმა თბილისშიც მონახა ადგილი, სადაც ბრძანებებს გასცემდა და მშენებლობაზე ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. აშენებდა კორპუსებს კუნძულზე და სახლში დაბრუნებული სულ გვეწუწუნებოდა, როგორი ერთფეროვანი ცხოვრება აქვს, როგორ მოენატრა ზღვა, რა ცუდად აშენებენ კორპუსებს და ყოველ წუთს როგორ შეიძლება, ჩამოინგრას. მაგრამ, რადგან ცოტათი მაინც მოსწონდა კაპიტნობის იმიტაცია, დარჩა. დარჩა და სიცოცხლეც არა- გემის კიჩოზე, ნანგრევების ქვეშ დაასრულა.

No comments:

Post a Comment