ავტორი: იისფერი თოვლია
მწველი მზე სულს მიხუთავს... ქვიშაზე უსაშველოდ ვიხრუკები... მისი მკლავების სიმხურვალე და ალერსი მადნობს და მახელებს...
ზღვა გარინდებულია...თითქოს ჩვენი ალერსით მოხიბლული თვალს არ გვაშორებს და არც სიმყუდროვეს გვირღვევს... აუტანლად საამოა ეს სიმხურვალე მზისა და კაცისა... ნიავიც არსად ჩანს, რომ ეს ცეცხლი ცოტათი მაინც გაანელოს... ჩვენი თავდავიწყება მარტინივით მათრობელია და მასავით მწყურია... თავს ვერ ვანებებ.... მწყურია...
როგორც იქნა გაიარა ნეტარების წუთებმა და დაღლილებმა ზღვას მივაშურეთ, მოთენთილი ნაბიჯებით.... მან თავისი ქაფიანი საბანი მოგვხვია და გულში ჩაგვიკრა... მხურვალებით გათანგულებს ვნების ცეცხლი გაგვინელა...
უჩვეულო სიწყნარემ ყურთასმენა დამიხშო...ახლა ჩვენ ზღვას ვეალერსებოდით... ისიც ერთხანს უძრავი, ახლა აიშალა, აღელდა, გახელდა და თავდავიწყებას მიეცა... არის რაღაც ჰარმონია მის ყოველ შერხევაში, გატოკებაში და მე ეს ვიგრძენი... ვიგრძენი და მის ნაწილად ვიქეცი.... მისი ხმა მომესმა... ყრუ გააფთრებით მიყვებოდა ამბებს, მის სიღრმეში დამალულს... ჩემი კაცი დამავიწყდა და ახალ მბრძანებელს ჩემი სულისა და სხეულისა, დავემონე... ასეთია ქალის ბუნება...
ყველა საიდუმლო გამანდო... რატომ მენდო მე? ეს ვერ გავიგე...ალბათ იმიტომ , რომ მე მასავით ბობოქარი და მარტოსული ვარ, ვდუღვარ და გარშემო კი ვერავინ მამჩნევს...
ზღვა არ მიშვებდა ... ის გაუშვა... მე არა.. გავუძალიანდი...ვერ მოვერიე...მკლავები მომხვია და გიჟივით მეფერებოდა ... ბოლოს დაიღალა... დამნებდა და საჩუქარი მიძღვნა! მე ზღვამ თავისი ნივთი მაჩუქა! არაფერი ისე არ გამხარებია ცხოვრებასში როგორც მისი საჩუქარი...ღმერთო, მოულოდნელობისაგან გავოგნდი...მერე ჩავყვინთე და....
თვალი გავახილე... გარშემო უამრავ ხალხს მოეყარა თავი...სინქრონულად ყაყანებდნენ... ჩემი კაცი ხელზე მეფერებოდა და საოცრად გაფართოებული მზერით მიყურებდა... ექიმის ფორმიანმა ზორბა ქალმა უხეშად გამისინჯა სუსტი პულსი და კმაყოფილი სახით გამიღიმა...
უცებ გამახსენდა ჩემი საჩუქარი და წამოვიწიე, სასოწარკვეთილი მზერა მოვავლე ქვიშიან მდელოს... ჩემს მოძრაობას ადამიანთა ცნობისმოყვარე მზერა და მოძრაობა მოყვა... სადღაც, შორიახლო მარტინის ბოთლი უპატრონოდ ეგდო ქვიშაში... გული დამწყდა! ზღვის საჩუქარს რომ ვერ მოვუარე და ცრემლებმა ყელში მომიჭირეს!
ჩემი კაცი გაიქცა და მომირბენინა ბოთლი...
მარტინის ძველი, ეშხით სავსე და იდუმალი, მუქი ბოთლი... ხელის შეხებაზე გული ამიჩქარდა, როგორც იმ ადამიანთა წადილი, ჩქარა გაეგოთ რა იყო მასში...
დიდხანს არ მიწვალია მის გასახსნელად, მუხის საცობი დამბალიყო და ჩემს თითებს უცებ გაუღო გალავნის კარი... ბოთლი ნახევრად სავსე იყო, საოცარი არომატი ამოააფრქვია, თითქოს დიდი ხნის მომლოდინემ ამოისუნთქაო... ხალხმა გაიჩოჩქოლა ამ სუნზე... ბოთლში რაღაც ტივტივებდა...
ეს იყო ის ყველაზე ძვირფასი რასაც ზღვა ინახავდა ღრმად და რაც მე მისახსოვრა... წერილი... ბოთლი გადმოვაყირავე და წერილიც ამოცურდა თავისი ნებით:
“Πάτερ ημών ο εν τοις ουρανοίς ...ღმერთო გვიხსენი განსაცდელისაგან შენი მონები, ასული ჩემი, დაიფარე სახელის შელახვისაგან, არ მიაკარო მას მტარვალი მერეკონესის ბილწი ხელი...დაე, ზღვამ შთანთქოს მანამ სანამ წაბილწდება....მის მამას ნუ მაჩვენებ მის აღსასრულს, რომელიც...“
წერილი აქ წყდებოდა და მერე გრძელდებოდა: „ გეორგიას გამოვცდით, ხომალდი ელინებისკენ მიცურავს, ჩვენ ვიცით რომ ჩაიძირება, რადგან განვარისხეთ ღმერთი ზღვისა და ხმელეთისა..წერილს ვტოვებ რათა უკანასკნელი იმედი გვქონდეს რომ მიწას ვნახავთ... საგანძური ჩვენთან ერთად იძირება..ვინც ეს ეპისტოლე ნახოს და გვიპოვოს, წყალობდეს უფალი...! ... დოკლეს მარ...ეს.“
შუა საუკუნეების ამ წერილმა ერთხანს ყველა გაჩუმა და მერე სამუდამოდ აშალა და აალაპარაკა... მხოლოდ მე ვიგრძენი რომ ეს მორიგი საიდუმლო ზღვამ ჩემს გარდა სხვებსაც გაანდო და დამძიმებული სული ოდნავ შეიმსუბუქა.... უმანკო ასულის სიმორცხვით აახმაურა ტალღები... ეს ხმა მე გავიგონე... მადლიერი ხმა ბობოქარი არსებისა...
წერილი გამომგლიჯეს... მარტინის ბოთლი, მე და ზღვა ყველას დავავიწყდით...
კვლავ ყრუ მდუმარებამ დაისადგურა... ბოთლიდან მოვსვი და ისევ წეღანდელი ვნება განმიახლდა... დაძველებულმა სასმელმა თავისი ქნა და ზღვას მიმაახლა სამუდამოდ...
No comments:
Post a Comment