ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი
რამდენი საინტერესო წიგნი დამრჩა კიდევ წაუკითხავი, მე კი ვზივარ ამ ყინულით დაფარულ მიწაზე (თუ საერთოდ არის ამ ყინულის ქვეშ მიწა) და ჩემი ექსპედიციის ანგარიშს ჩავკირკიტებ. თანაც, იმის დიდი ალბათობით, რომ ამ ტექსტის პირველი და უკანასკნელი მკითხველი მე ვიქნები, თუ ჩემი ექსპედიციის დანარჩენი წევრების ბედი გავიზიარე.
აქ არც ჩრდლოეთის ნათებაა, რომ მისი ცქერით შევიქციო თავი და არც თეთრი დათვები არიან. როგორც ჩანს ყველამ უკვე მოასწრო გადაშენება ჩვენს ჩამოსვლამდე. არა და სწორედ მათზე დასაკვირვებლად გამოვეშურეთ, რათა შეგვესწავლა, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩრდილოეთ პოლუსის ბინადართა ცხოვრებაზე.
ჩემ კარავში უფრო თბილა ვიდრე ესკიმოსების ყინულის ქოხში, მაგრამ ჩემი რომაული სისხლი მაინც არ მაძლევს უფლებას თავი მოვიტყუო, თითქოს-და თბილად ვიყო. გუშინ ჯერ კიდევ ცოცხალ, ჩემ ნეპალელ მეგობარს შრი იშოპანიშადის სქელტანიანი გამოცემა ჰქონდა, ილუსტრირებული, ფერად-ფერადი ფურცლებით. სიყმაწვილის დროიდან მიზიდავდა აღმოსავლური მისტიციზმი. იმ წიგნის ალზე დილით რაღაც უცნაური არსება შევწვი, ახლა კი დასანთები აღარაფერი დამრჩა.
გათოშილ თითებზე ჩრდილოეთის სუსხი მეფერება ხორკლიანი ხელებით ჩემი ნაზთითებიანი დასაკეცი გოგოს ნაცვლად. ჩემი ყველა გოგო „დასაკეცი გოგოს“ კატეგორიაში შედის. ყველას ერთნაირად პატარა მხრები, პატარა ბურთულისმაგვარი მკერდი, ვიწრო ტანი, წვრილი ფეხები, გლუვი მუხლები, მოხდენილი ფეხის ტერფები და სლიპინა წვივები. გრძელი მკლავები და ასევე გრძელი თითები ჰქონდა. ნუშისფერი კანი და მარცვალ-მარცვალ დასაკოცნი ბარძაყები.
თუმცა, ჰანნას ვერავინ შეედრება. ჰანნას მამა კანადელი ფრანგია, დედა კანადაში ემიგრირებული უკრაინელი. ჰანნას ერთობ ცვალებადი ხასიათი აქვს, კვირაში სამი დღე ფრანგია, სამი დღე უკრაინელი, ერთი დღე კი ისვენებს. როცა მიმატოვა დიდი ხნის განმავლობაში ღრმა დეპრესიაში ჩავიძირე. პაციფისტი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, რომელიმე ქვეყნის არმიაში ჩავეწერებოდი და საბრძოლველად გავეშურებოდი. ასეთ დროს ნამდვილი ხსნა იყო იმ ნორვეგიული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის განცხადება, რომელიც ჩრდილოყინულოვან ოკეანეში გასამგზავრებლად მოხალისე ბიოლოგებს იწვევდა. მეც ასე აღმოვჩნდი ამ ყინულის უდაბნოში.
ჩემს ადგილას, ალბათ, ჰანნა ბევრად შემგუებელი იქნებოდა აქაური კლიმატის მიმართ. ის, ხომ იმ ქალაქში დაიბადა, სადაც ცათამბჯენები ერთმენთს სიცივისგან ეხუტებიან. მისი სახე აქაური ცის ფერია, თვალები კი ისეთივე ცივი, როგორც ჩემს ირგვლივ მცურავი ეს ყინულის ტონიანი ლუკმები.
ჰანნა ჩემი უკანასკნელი სიყვარული იქნება, მითუმეტეს, იმ გარემო-პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ახლა, ასე მოულოდნელად, აღმოვჩნდი. მას ყოვლეთვის ვუკითხავდი ჩემს მოთხრობებს, რომლებიც ჩემსა და მისი ერთადერთი შემფასებლის გარდა მაინც არავის მოსწონდა. ალბათ, შემოქმედებითი ნიჭი არ დამყვა, თუმცა ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა. ის ხომ პლასტელინივითაა, რასაც გინდა იმას გამოძერწავ (თუნდაც პუბლიცისტიკისაგან განსხვავებით). თუ ძაღლს ძერწავ და მისი თავი არ მოგეწონება, მოაგლეჯ და უკანალში შეაზილავ, ვითომც და არც ჰქონია. მითუმეტეს, რომ ეს მოგლეჯა-შეზელის პროცესი უფრო გააადვილა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, თავიდან გადაწერა ხომ არ გიწევს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი ელექტრო მოწყობილობაც, რომელიც აქამდე მუშაობდა, ფარნის სახით, უკვე სულს ღაფავს და ესეც რომ არ იყოს ერთადერთი სუფთა ფურცელიც ბოლომდე შევავსე, დროა წერილი დავასრულო, ჩავდო ასევე ერთადერთ სუფთა ბოთლში და ოკეანეს მივანდო... და ერთხელაც როცა ჩემს საძებნად წამოსული ჰანნა სამაშველო ხომალდით ამ ნაპირს მოადგება, იპოვის ამ ბოთლს და მეც კიდევ ერთხელ მომეცემა საშუალება რომ ამ ფურცლიდან ვუთხრა რა ძლიერ მიყვარს.
ჰანნა ვიანის, რომელიც ცხოვრობს სენტ ჯონსში. 2009 წელი
წერილი ვიპოვე 2010 წელს ქალაქ სენტ ჯონსის სანაპიროზე (კანადა, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინცია). როგორც მოგვიანებით მივაკვლიე, ამავე ქალაქში უცხოვრია ვინმე ჰანნა ვიანის. 2009 წელს გაემგზავრა სამაშველო ხომალდით დაკარგული ეკიპაჟის მოსაძებნად. ამის შემდეგ ჰანნა ვიანის ბედი უცნობია.
No comments:
Post a Comment