Friday, July 1, 2011

წერილი ერაყიდან


ავტორი: Jood

წერილს ერაყიდან გწერ.. არც ისე ადვილი ყოფილა აქ მუშაობა, როგორც წასვლამდე მეგონა. ვფიქრობდი, უბრალოდ გადავიღებ რამდენიმე დამწვარ შენობას, საომარ ტექნიკას და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ როგორც კი ამ მტვრიან მიწაზე ფეხი დავდგი, მივხვდი, რომ მანამდე ეს ყველაფერი ზღვის სანაპიროზე წამოგორებული ადამიანივით მეგონა...
მინდოდა დამევიწყებინა ტკივილი და ცრემლები, უფრო რეალურ სამყაროში მეცხოვრა და გამეშუქებინა მსოფლიოს დღემდე უდიდესი პრობლემა - ომი.
ერთ გერმანელ ფოტოგრაფს დავყვები ქალაქში. აქ ჟურნალისტთან ერთად ჩამოვიდა „ობიექტურობის ძიებაში“ (ასე ამბობს ხოლმე). რეპორტიორი ერთ-ერთი შეტაკების დროს შუაში მოყოლილა, მძიმედ დაიჭრა და სამხედრო ჰოსპიტალიდან სასწრაფოდ ბრიუგენში გადააფრინეს. კიდევ კარგი, ამ ფაქტს  ვერ შევესწარი, ნამდვილად მძიმე სანახავი იქნებოდა ჩემთვის.
ვერ ვგრძნობ კონკურენციას. მსოფლიო მედია ერთი ოჯახივითაა - არ ეძებენ ექსკლუზივებს, ფოტოგრაფები არ ვეცილებით ერთმანეთს კადრებში (როგორც საქართველოში ხდება ხოლმე). დაძაბული მდგომარეობის და ყოველ წამს სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ ერთმანეთის მხარში დგომას და გამხიარულებას (თუ მხიარულება შეგვიძლია ვუწოდოთ).
საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ თვითმფრინავების გადაფრენას შიშით ვუყურებდი, მაგრამ ახლა, როცა ვიცი მედიაცენტრიდან რამდენიმე მეტრში იმისთვის ისვრიან, რომ ვიღაც მოკლან, ეს უფრო შემზარავს ხდის ჩემს აწმყოს. გარდაცვლილი ჯერ არავინ მინახავს და არც მაქვს სურვილი თვალი მოვკრა სადმე. ახლა ერთადერთი რაც მინდა, მხოლოდ დაბრუნება და ჩემი გონებიდან ამ ხმების გაქრობაა...
ყველაფრის მიუხედავად, მიკვირს ადამიანების შემართება - ოდნავ წყნარ უბნებში ბავშვებს თავისუფლად უშვებენ გარეთ სათამაშოდ. მათ რომ ვუყურებ, მავიწყდება ყველა ის ტკივილი, რაც აქამდე გამომივლია და ხანდახან მშურს კიდეც იმ დედების. აქ ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში არა ფული, არა სიყვარული, არა ქონება, ჯანმრთელობაც კი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სიცოცხლე. ბევრ ადამიანს შევხვდი, რომელთა ადგილზე მე ამის ოდნავი სურვილიც კი არ მექნებოდა, მაგრამ იცი, საოცარია, რომ მათ მართლა უყვართ ცხოვრება. ყველაფერში ყოველივე ახალს ნახულობენ და ომის მიუხედავად ჩამსხვრეული კბილებითაც კი იღიმიან.
მინდა, რომ შენც იღიმოდე. არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები შენს გევრდით, თუ სხვა ვინმე, არ აქვს ფასი ბოლო მოდელის მანქანა გეყოლება თუ უდაბნოს ბავშვებივით ჩაცმული ივლი, მხოლოდ მადლობელი იყავი ყოველ დილით მზის სხივების დანახვა და გარეთ გასვლა უშიშრად რომ შეგიძლია. ჩემგან განსხვავებით, არ გაქვს საფიქრალი ხვალ რომელ სანგარში დაიმალო, რომელ ოჯახს სთხოვო შეფარება, სანამ სროლები შეწყდება. შენ შეგიძლია მოუსმინო შოპენს, ბიტლზს ან ჯენის ჯოპლინს ისე, რომ გაიგო ყველა ნოტი - თუმცა, მე არ ვნანობ აქ ყოფნას. სხვაგვარად, არ მეცოდინებოდა ბევრი რამ რასაც ამ წერილში გიწერ (რომელიც შესაძლოა არც არასდროს წაიკითხო).

2 comments:

  1. "ომის მიუხედავად ჩამსხვრეული კბილებითაც კი იღიმიან.." :)
    ეს კარგია მარა ბოთლში,რომ დებს ჟურნალისტი მაგ წერილს,მერე სად მიაქვს კიმარა დანაღმულ ტერიტორიაზე მიწაში? :D

    ReplyDelete
  2. jurnalisti ara :)

    ReplyDelete