Friday, July 1, 2011

დღიური

ავტორი: აზიელი


20/06.2011.  ორშაბათი.  20:19
    ხანდახან იმ დამლაგებელს ვგავარ, ნაგავს რომ ხალიჩის ქვეშ მალავს... მეც ასე ვმალავ ჩემს ტკივილს, რომელიც ამდენი ხანია მაწუხებს, და რომლისგანაც თავის დასაღწევად გადავწვიტე გავცლოდი საკუთარ სამშობლოს, იმ ადგილებს, იმ ქალაქს, იმ არემარეს სადაც დადიხარ, იმ ტაძარს, სადაც უკვე ცხოვრობ და იმ ჰაერსაც რომელსაც ისუნთქავ! მინდა შენ გაგეცალო, შენზე ფიქრებს! ამიტომაც ვზივარ ამ გემზე და მივცურავ სად -არც ვიცი.. მთავარია რაც შეიძლება შორს შენგან... მახსენდება, ვარდების ბაღში ერთხელ გკითხე- რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი მეთქი.. დაუფიქრებლად მიპასუხე - სულის ცხონება, რომელსაც ან ერში მივაღწევ ან ბერშიო. მაშინვე არ მომეწონა ეს პასუხი და საშინელმა ეჭვმა გამიღრღნა გული! ვისზე? თვით უფალზე! იმიტომ რომ ის ჩემზე მეტად გიყვარს,იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მას მიუძღვენი! არადა როგორი არამიწიერი გრძნობით გიყვარდი,დაქორწინებასაც ვაპირებდით...ვიცი ეხლაც გიყვარვარ. უბრალოდ  ჩემი მეტოქე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. ვიცი, ვცოდავ რამდენჯერაც ამას გავიფიქრებ. მოძღვარსაც კი ვუამბე, აღსარებაშიც მოვინანიე. მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ ეს მითხრა - ”ღმერთმა მოგიტევოს! ალბათ ასეთია უფლის ნება!”
   21/06/2011 სამშაბათი 18:35
      ვზივარ გემბანზე და ქარი რომ მიწეწავს თმას... მახსენდება ყველაზე მძიმე წუთები, მონასტერში რომ მოვედი შენს სანახავად... დამემალე. ბოლოს გამოჩნდი როგორც იქნა და მოხვედი. გკითხე, იქნებ გადაიფიქრო მეთქი, ხომ შეიძლება ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყოს და ცდებოდე მეთქი. რისი იმედიც ბოლომდე მქონდა, მაგრამ არა... მე თვითონ  შევცდი. მტკიცედ და აუღელვებლად მითხარი ეს არის ჩემი გზაო. მუხლები მომეკვეთა, გავიყინე ადგილზე. ვიგრძენი რომ საკუთარი სხეულის ნახევარი ჩემი აღარ იყო! მეორე ნახევარი ხომ შენ იყავი ჩემი... უხმოდ მოვტრიალდი, ცრემლი მახრჩობდა, შენ კი ჩვეული სიმშვიდით მომაძახე - ”ღმერთმა დაგლოცოს,მარიამ!” და ახლა ვხედავ რომ პირიქით ხდება...
  23/06/2011 ხუთშაბათი. 16:45
     ვუყურებ, რა ლამაზად ჩადის მზე, საოცარი ფერებია. სახელიც რომ არ აქვთ ისეთი... შენს სიტყვებს მოვიპარავ- ”დავიჭერდი ამ წამს და უკვდავებას მივანიჭებდი”... რამდენჯერ გაგვიცილებია ერთად ზღვაში ჩამავალი მზე. უკანასკნელი სხივის გაქრობამდე არ ვტოვებდით პლაჟს..
    24/06/2011  პარასკევი 22:18
 შენ კი დამლოცე , მაგრამ არ ვიცი როდისმე ვიქნები თუ არა ბედნიერი... ყველა ადამიანში -განურჩევლად სქესისა და ასაკისა შენ გეძებ, შენს თვისებებს... და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ერთადერთი ხარ და განუმეორებელი... ალბათ ამიტომაც აგირჩია უფალმა თავის მსახურად.
    25/06/2011 შაბათი 23:52
   დღეს საღამოს გემბანზე პატარა წვეულება მოაწყვეს. მეც შევუერთდი, იქნებ გული გადავაყოლო მეთქი. არც ალკოჰოლს მოვერიდე, არც მხიარულებას და ცეკვა-თამაშს... მცხელა, თვი მიხურს, პირი მიშრება... მინდა დაგივიწყო, მინდა ჩაკვდეს ჩემს ორგანიზმში ის უჯრედები სადაც შენახულია შენზე ინფორმაცია. მინდა ხალიჩის ქვეშ შევყარო ეს ნაგავი! მინდა ქარიშხალი ამოვარდეს და ჩაიძირებოდეს ეს გემი! ხედავ, როგორ გამაბოროტე? რად მაქციე?!!! ო, როგორ მძულხარ!
   26/06/2011 კვირა   16:16
   რაც უფრო გშორდები, მით უფრო მიმძაფრდება სურვილი შენი დავიწყების... მით უფრო მემატება ძალა რომ ამ განსაცდელს გავუძლო. არც ამ დღიურს დავიტოვებ. დავლუქავ შუშის ბოთლში და შუა ზღვაში გადავუშვებ. და მას გავაყოლებ ყველა იმ მოგონებას, რაც შენთან მაკავშირებს.
  26/06/2011 ისევ ორშაბათი. 19:34
   ამ ერთფეროვანმა კრუიზმა დამღალა... უფრო ცუდად ვარ... მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება და ის რაც არ მომკლავს , გამაძლიერებს... წინ კიდევ რამოდენიმე დღის გზაა ( ზღვაა). ალბათ ეხლა სწორედ ზღვის შუაგულში ვართ. ბოთლიც ვიშოვნე გუშინწინდელი წვეულების დროს დაცლილი... ჩავდებ ამ ნაჯღაბნს და გავატან ტალღებს. იმ იმედით, რომ მეორე წუთიდან ახალ ცხოვრებაზე დავიწყებ ფიქრს. ვიცი,უკან დასახევ გზას არ ვიტოვებ... და უკანასკნელად ვამბობ, ვფიქრობ, ვწერ - მიყვარხარ!.. მიყვარხარ დადა!..



No comments:

Post a Comment