Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: kathrine Luv









ზღვის ნაპირზე ჯდომა და სენტიმენტალური წერილების წერა ყოველთვის  სასაცილოდ არ მყოფნიდა, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

დასაწყისი: ჩვენ ერთმანეთს რაღაც საზიზღარ ფართიზე შევხვდით - შენი კაცი და მე.  შენ იქ არ იყავი, მე კიდევ საშინლად ტრაგიკული და შესაბამისად მიმზიდველად გამოვიყურებოდი. პატარა თავისუფალი ოთახი ვიპოვნეთ და მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ჩანთაში გადამალული ერთი ბოთლი მარტინი ამოიღო. მერე სმაც დავიწყეთ. არა, არ ვლაპარაკობდით. ჩვენ ვთამაშობდით, ვინ უფრო მეტად შეძლებდა მეორის ჭკუიდან გადაყვანას ემოციურ თუ ინსტიქტურ დონეზე. მე მგონი, ორივემ მოვიგეთ. იმ ღამეს ერთად გვეძინა ჩახუტებულებს. არაფერი გვქონია.

მერე მომწერა, რომ გაქრობა უნდოდა ჩემთან ერთად. ინტერნეტში მოძებნა სასტუმრო - ეგრევე გააფილმა - სასტუმროს ‘’მარტინი’’ ერქვა - ეს ნიშანიაო თქვა და სასტუმროს ნომერი დაჯავშნა. რომ დამირეკა, შენ გვერდით მეჯექი და ვერც კი მიხვდი რომ გღალატობდით. რა ცუდი სიტყვაა ღალატი. სასაცილოა... ადგილიც სწორად შეარჩია, კვარიათში არცერთი ჩვენი ნაცნობი არ იქნებოდა - ჯერ სეზონი არ იყო.

კვარიათი: ჩავედით. სასტუმროს ნომრიდან ერთი კვირა არ გამოვსულვართ. ერთი ბოთლი ‘’მარტინით” დავთვერით პირველ ღამეს და მერე პირველად გვქონდა სექსი.
მერე ბევრჯერ... მერე ერთმანეთს აღარ ველაპარაკებოდით, მხოლოდ ვეხებოდით. იმიტომ, რომ ვიცოდით, იმაზე მეტი იყო შეხება, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა და იმაზე მეტი იყო ემოცია, ვიდრე ერთმანეთს დავუჯერებდით.

დღეს პირველად დაველაპარკეთ ნამდვილად ერთმანეთს, ტიროდა და მითხრა რომ ენატრებოდი. მერე თემა შეცვალა და მომიყვა...

ისტორია:  ზღვისპირეთში იყო ერთი მითი , როგორ მოიკლეს გოგომ და ბიჭმა თავი. ერთი კვირა იყვნენ გამოპარულები: ფული არ ჰქონდათ, არც საჭმელი. დახურულ ბუნგალოში ეძინათ, სადაც 6 ბოთლი ღვინო იპოვნეს, სვამდნენ. მერე ერთმანეთს წერილებს წერენ და ბოთლებში ინახავდნენ. ერთი კვირის მერე ბოთლები ზღვაში გადაყარეს და საბანაოდ შევიდნენ. მეორე დილით დამხრჩვალები იპოვნეს, მათ გარშემო 6 წერილიანი ბოთლი ტივტივებდა.

შენთვის: იდეა , რომ შენთვის მომეწერა, ამ ისტორიის მერე გამიჩნდა. გწერ იმას, რასაც ვერასდროს გეტყოდი და გწერ იმიტომ, რომ სინამდვილეში წერილები ბოთლებში იკარგება და ვერავინ ვერასდროს პოულობს. მცხვენია, რომ ასე მოგექეცი, მაგრამ გეტყვი, რომ ღირდა. მხოლოდ ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება, იმისთვის, რაც გახსენებს რომ ადამიანი ხარ და შეგიძლია იგრძნო. შენს კაცს უყვარხარ , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთან არ უნდა ყოფნა. დღეს, როცა ვეხებოდი მის თმებს, ვგრძნობდი მის სუნს, მას... მივხვდი, რომ ამის გარეშე ვერ გავძლებ - ეს ერთადერთია, რაც მაიძულებს ვიცხოვრო. მაპატიე..

_______________________________
ეს წერილი ბოთლში კვარიათი იპოვნა ბლოგერმა და გამოაქვეყნა თავის ბლოგზე. ცოტა ხანში ეს ისტორია ძალიან პოპულარული გახდა და საოცარი სიწრაფით გავრცელდა, ის კი არა, რომელიღაც გაზეთშიც დაიბეჭდა.

გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კვარიათში იპოვეს დამხჩვალი წყვილი  წყალში  და მათთან ერთად 6 ბოთლი წერილებით.

დასკვნა:  ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბლოგერის მიერ ნაპოვნი წერილი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ 6 ბოთლში ჩადებული წერილების ხელნაწერი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა.

1 comment: