ავტორი: თიკო გაბუნია
ზღვისპირეთში დავიბადე. ძალიან მიყვარს სანაპიროზე სეირნობა. ლამაზ კენჭებს ვაგროვებ ხოლმე. სევდიანი ამინდი იყო, ოდნავ ცრიდა კიდეც, მივდიოდი სანაპიროზე და ვათვალიერებდი ქვებს. დაახლოებით ერთი თვის წინ, წეღან რომ გეუბნებოდით, სანაპიროზე მივდიოდი-მეთქი, აი მაშინ დავინახე მწვანე ღვინის ბოთლი. მე ხომ ყველაფერი მაინტერესებს და ხელი დავავლე, ახლა კი უბრალოდ გაგაცნობთ წერილს:
’’იმედია ეს წერილი მნახველს ისე არ გააბრაზებს, რომ ბოლომდე წაკითვაზე უარი თქვას. 26 წლის ვარ, პატარა ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, მშობლებს საოჯახო სასტუმრო ჰქონდათ გახსნილი და მეც დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი. როცა გაფართოება გადაწყვიტეს, მოახლე აიყვანეს, მარია ერქვა. მაშინ 10 წლის ვიყავი. მარიათი მოვიხიბლე, სათნო გამოხედვა, დიდი ლურჯი თვალები და მოქნილი გამხდარი სხეული ჰქონდა. ხშირად მესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ დამსვენებლები მის სავსე მკერდზე, ძალიან ვბრაზდებოდი. ჩუმად ავედევნებოდი ხოლმე მარიას, თითქოს მის დაცვას ვცდილობდი. ჩემი ბავშვური სიყვარული დღემდე გამომყვა, ის ვერასდროს მამჩნევდა და მეც მშვიდად შემეძლო მეთვალთვალა.
უკვე სამი წელია ციხეში ვარ, აქ ის პატიმრები არიან ვისაც სამუდამო მიუსაჯეს. ჩემი მშობლები ექვსი წელია არ მინახავს, ქალაქიდან შორს ვარ, კუნძულზე. ჩემი საკნის ფანჯარა მშობლიურ ზღვას გადაჰყურებს.
22 წლის ვიყავი როცა პირველად ქალი გავაუპატიურე. უბრალოდ მარიას ჰგავდა და იმიტომ. დაახლოებით ერთ წელიწადში სერიული მოძალადე გავხდი. არავინ იცოდა ვინ ვიყავი, ხმა დაირხა, ქალაქში მანიაკიაო. 3 წელიწადში გავაუბედურე მრავალი ქალი, სახელებიც არ ვიცი მათი. ხელში ჩავიგდებდი თუ არა ვინმეს, მაშინვე ”ჩემს პროფესიას” ვიყენებდი. დამიჭირეს მაშინ, როცა ჩემი მსხვერპლის მოკვლა ვერ შევძელი, ის ზედმეტად ჰგავდა მარიას. პატიმრებსაც კი ვეზიზღები, ჩემი ხელები უამრავი ახალგაზრდა ქალის სისხლშია გასვრილი. სიზმრად მათ სახეებს ვხედავ ხოლმე. სინამდვილეში როგორი იყო მარია, დამავიწყდა კიდეც.
ახლა ისევ ბავშვობას დავუბრუნდები. ჩემი ღამის კოშმარი უნდა მოვყვე.
10 ივლისი იყო, მარიას იმ დღეს სასტუმროში ბევრი საქმე ჰქონდა. ოთახის დალაგებისას, ორმა კაცმა მის სხეულზე შეხება მოიდნომა, გოგონა დაფრთხა და ოთახში ჩაიკეტა. როცა დაბნელდა, ალბათ იფიქრა ყველა დაიძინებდაო და მშობლების სახლისკენ წავიდა. გავყევი. ძალიან ბნელი ქუჩა ჰქონდა გასავლელი, და შიშისგან გული ამიჩქარდა. უცბად ვიღაცის ხელი პირზე ამეფარა, ფართხალი დავიწყე. მარიას სამი საკმაოდ მსუქანი მამაკაცი მივარდა, ორი ჩვენი დამსვენებელი იყო. არ მახსოვს რამდენი ხანი ვუყურებდი როგორ აუპატიურებდნენ. საშინელ სიტყვებს ეუბნებოდნენ და აფურთხებდნენ. ხელი როცა გამიშვეს, უაზროდ დავუწყე წიხლების ქნევა, მაშინვე მუშტი მითავაზეს და წავიდნენ. როგორც კი გონს მოვედი მარიას მივვარდი, მის უგონო სხეულს ვუყურებდი, სისხლში იყო მოთხვრილი. მაშინ 19 წლის იქნებოდა. მალე ისევ დავკარგე გონება. გაღვიძებულს აღარ დამხვდა, იმის მერე არც მინახავს. არც ის კაცები მინახავს. სახლში არაფერი მითქვამს. ოთახიდან იშვიათად გამოვდიოდი, ჩემს სიზმრებს ვუმკლავდებოდი. წლებმა გაიარა. მარია ხშირად მესიზმრებოდა, ყველა ქალში მას ვხედავდი და თვითონაც არ ვიცი, თუ რატომ ვექცეოდი მათ ასე საშინლად.
ახლაც ყოველ ღამე მესიზმრება ვიღაც ქალი, ოღონდ სახეს ვერ ვარჩევ. ალბათ სანამ არ მოვკვდები, მანამ უნდა ვუყურო ამ ცარიელ სახეს.
ვნანობ-მეთქი რომ ვთქვა, ვიცრუებ, უბრალოდ მინდა მარიას გადარჩენის საშუალება მქონდეს, ალბათ ასე აღარც მოვიქცეოდი, აღარ გავაუბედურებდი ქალებს.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ეს ისტორია ვინმეს მაინც სცოდნოდა. თუ წერილი ბოლომდე წაიკითხე, ბოდიშს გიხდი, ჩემო მკითხველო, ასეთი ცუდი ამბის მოყოლისათვის. ერთადერთი რაც შემეძლო გამეკეთებინა, ამ ძველი ბოთლიდან ამყაყებული წყლის გადმოსხმა და შიგ წერილის ჩადება იყო.
ბოდიშს გიხდი, თუ სული დაგიმძიმე”.
უკვე ერთი თვეა ამ წერილს გამუდმებით ვკითხულობ, ძალიან მძიმეა ჩემთვის. დედაჩემსაც...
დიახ, მარია დედაჩემი იყო, ის ჩემს მშობიარობას გადაყვა. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩუმად ვიყო...
No comments:
Post a Comment