Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში


ავტორი: ნინი კუპრაშვილი

ახალ ცხოვრებას ვიწყებ! უნდა მოვიკითხო ყველა .დამწერეთ სიტყვებად თეთრ ფურცელზე. ოღონდ ნელა მწერეთ,რაც შეიძლება გამართულად რომ ბავშვობა არ შემამჩნიონ. თეთრ ფურცელზე დამწერეთ,ქათქათაზე.. დაიწყეთ ყველაფერი იყო და არა იყო რათი და დაამთავრეთ ჭირი იქა ლხინი აქათი და შუაში მოაქციეთ სიტყვები: მიყვარხარ, მენატრები... ხელი ჩამკიდეთ და ფრთხილად ჩამსვით შუშის ბოთლში.მის მკერდს უნდა მივეკრა.შორიდან მაყურებინეთ სილაზე ბავშვების თამაშს; პასკების და სასახლეების ცხობას. მეც მინდოდა ასეთი სასახლე. ნუ დამიწერთ. ჯერ არ ვიცი რამდენი წლის ვარ. ალბათ იმდენის ვიქნები ,მერე რამდენჯერაც მზე აიიიი იქ შორს,შორს ჩავა. იმედია მთვარე დაიღლება ერთხელ და ბოთლზე ჩამომიჯდება .აუკრძალეთ ყველას ჩემზე თევზაობა! მე ანკესზე აღარ წამოვეგები. წაისვით წითელი პომადა და ფურცლის კიდეზე მაკოცეთ გემრიელად. მე კოცნა მიყვარს .ჩამიფიქრეთ და გადამაგდეთ, რომ მომავალ წელს ისევ აქ დაბრუნდეთ. ვინც მიპოვნის თქვენს მოკითხვას გადავცემ იქით ნაპირზე: როგორ ხარ? უი, რა ლამაზი თვალები გქონია.. ნუ წითლდები.ხო მეც, მეც მიყვარხარ და მენატრები იქითა ნაპირიდან. მპოვნელმაც უნდა მაკოცოს იცოდეთ და ისევ ზღვას მიმაბაროს უპატრონო ბავშვივით. ხომ მართლა, არ დაგავიწყდეთ საცობი ბოთლზე თორემ ორპირი ქარი გამაციებს.. მერე ცემინება ვიცი... ახლა კი გამიშვით ზღვაში საჭორაო მაქვს. ხელი დამიქნიეთ! მე წერილი ვარ თქვენი შუშის მწვანე ბოთლში სიყვარულს ვატარებ, იქით ნაპირზე მპოვნელი უნდა მოგიკითხოთ

No comments:

Post a Comment