Saturday, July 2, 2011

All Message (ერთისთვის)

ავტორი: გიორგი კარანაძე

 
სატელევიზიო ნაწილი
გამარჯობა ჯეკ! როგორ ხარ? რა ხდება თქვენთან კუნძულზე?! All-ში იმიტომ ვაგზავნი, რომ თქვენი კოორდინატები აღარ მახსოვს, არც დეზმონდს მოუწერია რამე (გადაყვა იმ კომპიუტერს, ჩემთვის აღარ ცხელა). დანარჩენები როგორ არიან? კიდევ ჩხუბობთ ბიჭებო, რით ვერ მოაწონეთ თავი, ქეითს?! J
სერიოზული ნაწილი
ვინ ჩემი ფეხებია ჯეკ შეპარდი და საერთოდ ეს გამოგონილი კუნძულიც. მე ერთადერთი ვარ, რომელიც საკუთარი ნებით დავიკარგე. ყოველთვის მინდოდა წერილის ბოთლში მოთავსება და ოკეანისთვის მინდობა. არ მაღელვებს ვინ წაიკითხავს, ან წაიკითხავენ კი საერთოდ. მთავარია ჯერ ცოცხალი ვარ, ამ კუნძულზე ყველაზე ჭკვიანი (სულელი) არსება ვარ და საჭმელიც ბლომად მაქვს.
თუ კიდევ არ მოგბეზრდებია ამ წერილის კითხვა, გეტყვი, რომ ოქტავივით არ გავქცეულვარ, არც თავი მომიკლავს, გაგიჟებით კი ისედაც სულ გიჟი ვიყავი (ყოველ შემთხვევაში სხვები ასე ამბობენ). ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და ჩავჯექი ნავში, ბევრი ზღვა გადავიარე თუ ცოტა, მალევე დავიკარგე, როგორც მოგეხსენება ცურვა აუზში გამომდის ყველაზე კარგად, აქ კიდევ არც მოაჯირებია და არც პამელა ანდერსონები, არც ცხელი სიმინდი და გასაბერი ლეიბები, აქ არც დათვი დაყავთ პლიაჟზე, შენ წარმოიდგინე და სურათებსაც არავინ იღებს (აი, როგორ სურათზე გეუბნები იცი?! ვითომ, მზე რომ უჭირავთ და დაბლა მარჯვენა კუთხეში Одноклассники.ru რომ წერია).
პირველი სულიერი აქ როდის და რა ვითარებაში მოხვდა არ ვიცი და სიმართლე თუ გაინტერესებს, არც მაინტერესებს. დროის ამ მონაკვეთში აქ ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. დილით ადგები, გაიზმორებ, თითებს დაატკაცუნებ, მლაშე ჰაერს შეისუნთქავ და სანამ წყალს შეერწყმები, წამით გაიფიქრებ, სწორედ აქ ხომ არ მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება, მერე ფეხებზე იკიდებ „ბაუნტს“ (რადგან მაინც არ გაქვს), დგები და წყლის შხეფებს უყვები ღამეულ განცდებს.
არა და აქ ღამე პირობითია, მაინც ისეა განათებული ყველაფერი, რომ მხოლოდ სხეულით გრძნობ საათების ცვლილებებს. გდიხარ და ცდილობ საუკეთესო ოცნება, ნატვრა გაიხსენო, რომელიც იმ დაწყევლილ, თქვენს ადგილს ახასიათებს. რამდენი პრობლემა გაქვთ მანდ, გადარბენები, ცხოვრების სწრაფი ტემპი, გარდატეხის ასაკი, რომელსაც აუცილებლად მოყვება შუახნის კრიზისი, შვებულება, ფსევდო მივლინებები, სახინკლეები, „ქოლგეითის“ ღიმილით გაჯერებული საუბარი უფროსთან, მარხვა-ხსნილების კალენდრები, დღის ბოლოს ჭიქა ლუდი და გამრავლების სტანდატული მეთოდი. ხედავ, რა მოსაწყენია მაქაურობა?! წამოდი, მენანები მანდ დასარჩენად. როგორც კი ამ აბზაცს წაიკითხავ, ბარგისჩაულაგებლად წამოდი! სულ ორი პროცედურაა, ჯდები ნავში და ფიქრობ ტალღებზე, დანარჩენი პოსეიდონის საქმეა (იმ პოსეიდონზე არ გეუბნები, სადაც შენი შეყვარებული დავაჟკაცდა).
ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ როგორც კი ჩამოხვალ, გადაგეხვევი, გაკოცებ, გეტყვი, რომ ერთადერთი ხარ ჩემს შემდეგ ამ კუნძულზე და, რაც მთავარია, დავრწმუნები წერილიანი ბოთლის ძალაში! ერთხელ მაინც ხომ უნდა გარისკო?! შენ ხომ არ იცი აქ რა გელოდება, რა შეიძლება მოხდეს და საერთოდ რამდენი სივრცეა შენს გარეშე?!
რეალური ნაწილი
- ეს რა არის?
- გუშინ საღამოს ვიპოვე პლიაჟზე.
- და ვისი წერილია, შენ გწერს?
- ხო, ერთი იყო რა... ადრე Facebook-ზე მყავდა, რაღაცებს მილაიქებდა, PM-ებს მწერდა, მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.
- და რა უნდა?
- რაც უნდა მანდ წერია.
- და მერე შენ რას აპირებ?
- ... ამ ტურსაც გავალ და მერე შენ გააგრძელე კარგი? მე დავიღალე. ეგ წერილი, თავისი ბოთლიანად შეგიძლია სადმე შეინახო.

3 comments:

  1. პოსტის დადება დაგვიანდა ჩემი მიზეზით, საკონკურსო პოსტია! გამომრჩა უბრალოდ ;-)

    ReplyDelete
  2. მე მომწოოოონს :) წარმატებები :)

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა...

    ReplyDelete