Friday, July 1, 2011

რეციდივი


ავტორი: დათო კოროშინაძე

გამარჯობა. ვიცი, რომ ადვილად გამიგებ, ამიტომ არ გეტყვი, ვერ აგიხსნიმეთქი, როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება ხოლმე. არ ვიცი საიდან დავიწყო, ამიტომ, პირდაპირ გეტყვი, შეეშვი მაგ ყველაფერს და სასწრაფოდ დაახვიე ქვეყნიდან, გაიქეცი სადმე, თუ გინდა ბანკი გაიტანე, მოძებნე ვინმე მაგარი გოგო, შეაბი, სამსახური იშოვნე, ცოლად მოიყვანე, წადი ევროპაში, ნუდისტურ პლიაჟზე გაისეირნე, ნაყინი ჭამე, ან კოკა-კოლა დალიე, რაც გინდა ქენი, ოღონდ სასწრაფოდ გაქრი მაქედან. რატომ ? მშვენიერი კითხვაა და ვიცი, რომ ეს კითხვა მანამდეც გაწუხებდა: მაშინაც, როცა მარქსიზმს კითხულობდი, მაშინაც, როცა აბაზანაში იჯექი და ხატავდი, მაშინაც, როცა პირველად იპოვნე ვიღაცის გაცვეთილი ფუნჯი სახლში, მაშინაც, როცა ავტობუსში ჯდებოდი და სისტემის აფეთქებაზე ფიქრობდი და მაშინაც, როცა შეყვარებულს კოცნიდი და ალენ გინსბერგის ლექსები გიტრიალებდა თავში. როგორც ხედავ, წერის სტილი შევიცვალე, სიტყვები მავიწყდება, ამ წამლებმა სულ გამომაშტერეს, ფეხს ვერ ვადგამ გარეთ, ოთახში მუქი ფარდები დავკიდე ფანჯრებთან, ვზივარ და მთელი დღე ვეწევი და მძინავს, არაფრის სურვილი აღარ მაქვს, მინდა ორივე ხელი მომაჭრან, მერე ცეცხლზე დამწვან, ან ნაგავსაყრელზე გადამაგდონ, ამ ყველაფერს მაინც აჯობებს, ხალხი მაინც დაინახავს. დამიჯერე, ეს არაფერია, იმასთან შედარებით, რასაც ახლა გრძნობ და განიცდი. მომდევნო ხუთი წელი, იქნება საუკეთესო წლები შენს ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც ყოველთვის, თვითონ გააფუჭებ ყველაფერს, უარს იტყვი ყველაფერზე და რაღაც უაზრობას შესწირავ შენი ცხოვრების ორ კვირას, სწორედ ეს ორი კვირა გაგჭედავს იმ ანალურ ხვრელში, რომელშიც, ახლა მე ვარ და რომლიდანაც ვერაფრით გამოვდივარ, უფრო მეტიც, აღარც ვცდილობ გამოსვლას. მე ხელში მიჭირავს შენი სამი პერსონალური გამოფენის მასალები, ყოველდღე ვათვალიერებ და ვგრძნობ მათ გენიალურობას, სათითაოდ ვათვალიერებ ხალხის აღტაცებულ სახეებს და მერე ვფიქრობ, სად არის ახლა ეს ხალხი ? სად გაქრა ყველა ? ნეტავ ახლა ვის უწმენდავენ უკანალს ? მეექვსე წელი ყველაზე მძიმე იქნება. მოხდება ის, რაც ისედაც იცოდი, რომ მოხდებოდა. შენ გექნება ის პატარა ბინა, რომელზე ოცნებობდი და ის ქალიც გვერდზე გეყოლება, რომელსაც ერთ-ორ წელში ამოიჩემებ, მაგრამ შენი სითავხედით და სიჯიუტით მხოლოდ ბინა და მამაშენის დატოვებული ხუთ-ექვს წელიწადზე სამყოფი ფული დაგრჩება. ხუთი, ან ექვსი, იმიტომ, რომ ზუსტად აღარ მახსოვს, რამდენი გავიდა. დღეს ბოლო კაპიკებს ვხარჯავ და ალბათ, ამიტომაც მომინდა ამ წერილის დაწერა. იმასაც გეტყვი, რომ მეტი შეგიძლია ვიდრე გგონია. შენი ბოლო პერფორმანსი იქნება მითების, სისტემისა და ხალხის სრული მსხვრევა, ორასი კაცი დაესწრება, ათ ბლოგზე დაწერენ, ორი თუ სამი ჟურნალი სტატიებშიც მოგიხსენიებს, იქნება რამდენიმე ინტერვიუ და სერიოზული გამოხმაურება და პირველად იგრძნობ გამარჯვებას, თუმცა ამის მერე ყველაფერს გააფუჭებ, ეს იქნება კულმინაციის წერტილი. რატომ ? ამაზე პასუხი მეც არ ვიცი და თუ ძალიან გინდა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდე, არ გაჩერდე და იგივე გზას გაყევი, თუმცაღა მე არ გირჩევ, რადგან ამაზე უარესი შენთვის არაფერია და შენ ეს იცი. ვიცი, რაც იფიქრე, დიახ ! ყველა ვინც ამ წუთას შენს კიბერნეტიკულ ტვინში გაატარე გარშემო გეყოლება. მართალია, ბევრი არ იქნებით, თუმცა ეს იქნება იდეალური ჯგუფი, რომელსაც ისევ შენ გაანადგურებ. აქ, თაროზე შენი სამი კრებული მიდევს. ჰო, კიდევ რამდენიმე დღეში ალბათ ბოლო კრებულის ფულსაც ავიღებ და დარჩენილ ნახატებსაც გავყიდი, სხვა გზას ვერ ვხედავ. ვიღაც დამპირდა, შენს ესსებსაც დაგიბეჭდავო, ოცდახუთამდე ესსე შევაგროვე ამ დროისთვის, მაგრამ არამგონია ოდესმე სტამბის საშოდან გამოძვრნენ. ღამდება, შუქი მეთვითონ გავათიშინე, სანთელი ცოტა დამრჩა, დღეს ვერ ვიყიდე, ამიტომ წერა უნდა შევწყვიტო, ხვალ ალბათ დამეზარება გაგრძელება, ასევე გამოვაგზავნი, ხელმეორედ აღარ ვკითხულობ, უკვე ზეპირად ვიცი, ეს წერილი მეც მივიღე ზუსტად იმ დროს, რა დროსაც შენ მიიღებ, 21 ივლისს, შვიდის ოც წუთზე. ვიცი, რომ ზუსტად შენ იპოვნი, ამიტომ ადრესატს აღარ მივუთითებ.

No comments:

Post a Comment