ადრიანი დილაა. ჯერ მზეც არაა ამოსული. ზღვის სანაპიროზე სეირნობ. რაღაც სიცარიელით სავსე და დამძიმებული. თითქოს ერთფეროვანი გახდა ცხოვრება შენ გარშემო. ნელ-ნელა სვლას ანელებ, თითქოს სიმძიმეს ვეღარ უძლებ და ჩერდები. წყალთან ახლოს ჯდები და სიცარიელეს გაჰყურებ - შორს უსასრულობაში.
მოულოდნელად ზღვა აიზვირთა, ნაპირს დიდ ტალღა მოაწყდა, შეშინდი უკან გადაიხარე და ცალი ხელი სახეზე აიფარე. მაგრამ შენდა გასაკვირად უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა.
სიჩუმე... მდუმარება... თითქოს გარშემო ყველაფერი გაჩერდა...
და ამ სიჩუმის ხმაურმა გამოგაფხიზლა. ხელი სახიდან ჩამოიღე და ზღვისკენ გაიხედე. წყალი დამდგარიყო და არ იძვროდა, ფეხებთან ახლოს კი ბოთლი ეგდო, ზღვისფერი და ცარიელი; მაგრამ შიგნით რაღაც მაინც შენიშნე. ხელი მისკენ გაიშვირე, ფრთხილად აიღე, კარგად შეათვალიერე და საცობი ნელა მოაძრე, ამოაპირქვავე და იქიდან წვრილად დახვეული ფურცელი გადმოვარდა, რომელიც ბოთლისთვის შეშვერილი ხელის გულზე დაგეცა.
ფურცელი... გაცრეცილი... გახუნებული... სიძველის სუნით...
და შენს ცხოვრებას ერთი ფერი შეემატა, მართალია გახუნებული, მაგრამ მაინც რაღაც განსხვავებული. შენში ინტერესმა გაიღვიძა. წერილი სწრაფად, მაგრამ ფრთხილად გაშალე და კითხვა დაიწყე:
„აი, მივაღწიე დანიშნულების ადგილს. ვიცოდი, ვიცოდი, რომ ჩახუთული ჰაერი არ ამომხდიდა სულს, გავაღწევდი სუფთა ჰაერზე და მომეცემოდა საშუალება თავისუფლად მესუნთქა. შენს ნახვასაც ველოდი... ნუ ახლა კონკრეტულად შენსას არა, მაგრამ ზოგადად ადამიანის. და აი, გხედავ და ვხვდები - მე თავისუფალი ვარ!
შენ მე თავისუფლება მაჩუქე. ამისთვის კი მადლობა უნდა გადაგიხადო. მაგრამ როგორ?
მოვიფიქრე! უკან უნდა დამაბრუნო. არა! ბოთლში არა! იქ სადაც დამწერეს და ბოთლში ჩამდეს. კონკრეტულად სად? კვარიათში, სასტუმრო „მართინი“-ში.
აი იქ შევძლებ მადლობის გადახდას. რამდენიმე დღით მაინც გაგიმრავალფეროვნებ სიცოცხლეს თუ ის ჩემზე გახუნებულად გეჩვენება. სიმძიმეც მოგეხსნება მხრებიდან და სიცარიელესაც ამოივსებ. უსასრულო სიცარიელეს კი, ორიოდე წუთის წინ, რომ გაჰყურებდი, ნათელი ფერები ჩაანაცვლებს.
რას იტყვი? მემგონი მოგხიბლე ჩემი შემოთავაზებით და უარს არ იტყვი, გამიწევს სამსახურს და უკან დამაბრუნებ.“
ჩაიკითხე და მიხვდი, ცხოვრება არც ისე ერთფეროვანია. ის მრავალი ფერითაა სავსე, უბრალოდ ვერ ხედავ. ამას მიხვდი და გახუნებული ფურცელი გათეთრდა, შავი ნაწერი კი ზღვისფერი გახდა. შენს ცხოვრებას წეღან შემატებული გახუნებული ფერი მოშორდა, მაგრამ ორი დაემატა. შენც მსუბუქად წამოხტი და გაიქეცი. სად? სად და წერილი გთხოვდა.
ავტორი: MC
No comments:
Post a Comment