Thursday, June 30, 2011

წერილი ,,მარტინის’’ ბოთლში...

ერთ საღამოს სანაპიროზე სეირნობისას ზღვამ ბოთლი გამორიყა... გავბრაზდი ეს უკვე მერამდენე საგანი იყო ზღვისგან გამორიყული... ავიღე, სანაგვეში ვაპირებდი გადაგდებას... ბნელოდა, ,,ნოკია’’-ს ტელეფონი მეკავა ხელში და დავანათე... ,,მარტინი ბიანკო’’ (ჩემი საყვარელი სასმელი) გამჭვირვალე ბოთლში კარგად ჩანდა რაღაც ფურცელი იდო... ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბოთლს თავი მოვხსენი, გადმოვატრიალე და დაგრაგნილი ქაღალდი გადმოვარდა... არც ისე ძველი იყო.
,, დღეს 14 აგვისტოა... ამ ბოთლში გუშინდელიდან ცოტა იყო ,,მარტინი’’ დარჩენილი, მაგრამ ბოლომდე დავლიე... დღეს ჩემი დაბადების დღეა... ხასიათზე მომიყვანა ალკოჰოლმა და ბევრი ვეცეკვე... ის ნაცნობ ჰანგებს ღიღინებდა... მეც მის რიტმს ვყვებოდი...  ბევრმა შემოგვხედა გაოცებით, ჩაიცინა და გვერდი აგვიარა... ყველაფერი მოვუყევი... ვუთხარი რასაც ვფიქრობდი... ის, რასაც სხვას ვერ ვეტყოდი... მისმენდა და თან მეალერსებოდა... სიცივენარევი მოფერება ცოდნია.. ეხლა დაახლოებით ღამის ორი საათია, მიმოვიხედე გარშემო და ყველა წასულა... ცოტა შემეშინდა მასთან მარტო დარჩენა... ვისარგებლე მარტოობით და ბოლო ხმაზე დავიწყე სიმღერა... მეგონა გამიბრაზდებოდა, სიმყუდროვეს ნუ არღვევო, მაგრამ პირიქით ისევ მისმენდა და ხმას მაყოლებდა.
მე დღეს ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე ჩემი ზღვა... რომელიც ყოველთვის ვიცი აქ დამხვდება და ჩემს ყველა საიდუმლოს შეინახავს... ჩემს ყველა სიმღერას ქვიშიან ნაპირს წაუღიღინებს და როცა დაღლილი ჩამოვჯდები მის ნაპირებთან, ტალღებით მომეალერსება. ის ჩემი დაბადების დღის ყველაზე სასურველი მასპინძელი და სტუმარი იქნება. ყოველთვის მოვუყვები იმ ორი ნახვით შეყვარებაზე, რომელი სიყვარულის ობიექტი მამაკაციც ამ გრძნობის შესახებ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს, რადგან ეს მხოლოდ ჩემი და ზღვის საიდუმლოა.
შენ, ვინც ამ ბოთლს იპოვი... (თუ ოდესმე ვინმე ნახავს და ზღვა თავისთვის არ შეინახავს) მინდა ეხლა შეხედო ზღვას და მასში ის მეგობარი იპოვნო ვინც არასოდეს გიღალატებს. თუ დაინტერესდები ჩემი ვინაობით, მხოლოდ ერთს გეტყვი მე ამ ზაფხულს სასტუმრო ,,მართინი’’-ს ერთი უბრალო სტუმარი ვარ.’’

ავტორი: მარი მაისურაძე

1 comment: