მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენი ძებნა აუცილებელი აღარაა და ტყუილად ნუ დახარჯავთ იმდენ ფულს, რამდენიც მთელი აღმოსავლეთ ევროპელი თინეიჯერების ქალებით დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო, თავი მარტოებმა რომ არ იგრძნონ.
თავიდან ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა მშვენივრად ვართ. ყოველდღე ხომ არ ხვდება ხოლმე კაცი უკაცრიელ კუნძულზე. მინდა გითხრა, რომ ჩვენ აქ ერთმანეთი ვიპოვეთ და კარგადაც ვერთობით. სამნი იშვიათად თუ მოვიწყენთ ადგილზე, სადაც ქოქოსი და კონტრაბანდისტების მიერ საუკუნეების წინ დატოვებულო რომი ოხრადაა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ წერილის წერა მარტო მე მიწევს. ჩვენი ენა რობინზონს ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმის, სამაგიეროდ მთელი დღე რომს წრუპავს და თავის ყოფილ მონაზე გვიყვება, რომელიც უეცრად გარდაცვლილა (შენ წარმოიდგინე და იმ მონის სიმპტომები ძალიან წააგავს შიდსს, საინტერესოა საიდან აიკიდა). რობინზონის გარდა აქ რიჩარდ ჰაინიცაა, თუმცა მას უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ყველა კიდური მოიჭამა და მის მაგივრად ყველაფრის კეთება ჩვენ გვიწევს. რობინზონი ამბობს, რომ რიჩარდს რაღაც თეთრი ფხვნილი აქვს, თუმცა მე ეს ფხვნილი ჯერ არ მინახავს.
მინდა გითხრა, რომ ყველაფერი ისე ნამდვილად არაა როგორც მოხუცები ან ფილმები ლაყბობენ ხოლმე. ჩვენ არ ვწვავთ ხეებს და არ ვცდილობთ ქვიშით დავწეროთ სიტყვა - “SOS”. ვიცით, რომ მაინც არავინ გამოჩნდება. უფრო სწორად დროზე გამოჩნდებოდა ავტორებს, რომ არ გავეწირეთ. თუმცა ჩვენ მაინც არ გვწყდება გული და ყველაფერი კარგად გვაქვს. თუკი ოდესმე მოგვაგნეთ გთხოვთ ჩამოგვიტანოთ ZZ Top-ისა და Nashville Pussy-ს ახალი ალბომები.
ყველაფერი კარგადაა, ჩვენ დანიელ დეფოს, სტივენ კინგის და რობერტ ზემეკისის გმირები მაინც ვართ და შენ კიდევ ბანძი ბლოგ პოსტის, რომლის ავტორსაც სიგიჟემდე უნდა კვარიათში წასვლა.
პატივისცემით,
ტომ ჰენქსი - რობერტ ზემეკისის ფილმიდან, „გარიყული“
რიჩარდ ჰაინი - სტივენ კინგის მოთხრობიდან, „ცოცხლად დარჩენილი“
რობინზონ კრუზო - დანიელ დეფოს ნოველიდან, „რობინზონ კრუზოს ცხოვრება და უცნაური მოგზაურობა“
ავტორი : დავით ჩიხლაძე
No comments:
Post a Comment