Friday, July 1, 2011

უკან ბაბილონის გოდოლია!

ავტორი: ანრი მაღლაკელიძე


ცა იფერფლება, ჩამოიღვენთა, ყველგან მოისმის ხმა მაბეზღარი,
ჩრდილიც გაირინდა, სული გაეყინა, მწირი საძვალეს გადამავალი,
ტოვებდა სხვა სუნს, სხვა ნაბიჯს, სხვა კვალს, რადგან
აკრთობდა ბედის ბორბალი, რომ გადიოდა უდროოდ გაღმა;
ათასი ენა და მეტი ფიქრი, ზმანება კიდევ ათი ათასი,
უზღვავი ხმები, უშრეტი წამი, მყის მიიბარებს მოკვდავებს მალვით,
რომ ცხარე ცრემლი ოქროდ ფასობდეს ... ვარდად ყვაოდეს ...
გაიღრჭიალა საფლავის ლოდმა, კვნესა გაისმა გულის სიღრმიდან,
იფეთქა სიტყვამ და გონის ენამ : - ვაჰმე, რას სჩადი, საით მიდიხარ?!
ვერას მოჰკითხავ ამ წუთისოფელს, არას გარგია გზაგასაყარი,
მრუმეს დაცემულ მქრქალი სხივივით ნუ განირჩევი, ნუ გაირჯები.
მყრალია ხორცი აქაც და იქაც, სული - მარილი გემოვნებითა,
და ხასიათი, როგორც ფარვანა, ჭრელა - ჭრულია ყველა ფერითა.
ხმა გაეყარა, ფიქრს მიეძინა, სამერემ პირი ხელახლა უყო,
მწირმაც ნაბიჯი გულ - მკერდს აძგერა და ბედის ხაზი წინვე გაიგდო.
უცხო ნაპირის უცნობ ნაკვალევს გასდევდა იგი, ჩრდილიც თან ახლდა,
როცა პირსახეს მზე უნათებდა და გზას უხშობდა მრუმე ავაზაკთ,
ღამის ქულებში თავშეფარბულთ, ოდეს მათ რიგებს მწირიც ავსებდა,
რომ არა სათნო თვალების მახე, პირშებურული პარვით ივლიდა
და ამყრალებულ ხორცს და ნაკვალევს ვერ განკურნავდა, ვეღარც მალვითა ...
ცის გადაღეღილ გულს და კაბადონს, ფრიად სამადლოს,
შემოესალტა მწუხრისფერი ცეცლის ენები, როგორც ვენები,
ფრთები გაშალა ღამის ჩრდილმა და იმავ საღამოს
მორიგ გზასაყარს მისცა აზრები, ფიქრი, ხელები…
და რაღაც მოხდა: ყველაზე უცხო და საფიქრელი,
გამორჩეული, დღემდე უცნობი და საღერღელი
აშლილ მორევში რომ წაემძღვარა მომჩვარულ სხეულს,
კვდომამდე გარინდულ ალაგს მიჯაჭვულ ეულს.
როს შეჰნათოდა უმანკოება დიდრონ თვალებით,
ცრემლაღერღილი, დაუცველი, ზორბა ხალებით,
მაყვლის სურნელით გაჟღენთილი გლეხურ სამოსში
ბავშვი დაუხვდა თვით სახიერი წუთისოფელში.
მისი თვალები ათასი ბრძენის ბრძენსავე სიტყვას
უკუ აგდებდა, მსწრაფლ დაჩრდილავდა, სტკიცავდა სილას.
მერე ბინდბუნდის მწველმა ენებმა ზარებს ჩამოჰკრეს,
რისხვა აგემეს შემოძარცვულთა ზურგის შემაქცევთ,
და ბაბილონი მყის აისვეტა მწირის ფიქრებში,
ყოველი სიტყვა, აზრი  - გონება გადაიხვეწა მრუმე ნისლებში.
 - ვაჰმე, რას სჩდი ჩემო ტანჯულო სულის სხეულო?
გუშინ მოხველ და განთიადისას უკან წამსვლელო?
პირღიას გტოვებს ბედის ბორბალი, როგორც უბედოს,
ვისამე ტანჯვა ხმას ჩაგიწყვიტავს, როგორც უენოს.
ერი თუ ბერი, სახლი თუ კარი, კაცი თუ ქალი,
ცოდვის სამოსში შებურულან, დადიან მალვით
და გასცქერიან მწირის ნაკვალევს, მიმავალს კრძალვით
და გულს იკლავენ, ფიქრს დახუთვენ, სუნთქავენ პარვით ...
მსწრაფლ გამოერკვა, ფიქრი დატოვა, გზას გააბიჯა,
გოდოლი უკან, ნაკვალევს მისცა, აწმყოს უბიძგა
და შორეთს თვალი თვალში აძგერა, მზერა უბისა
ხედავდა დიდ წყალს, ამოვსებულს, ზორბა გუბისა ...
და ეუცხოვა ჰაერის სუნი ათასი ნამით,
ქარს რომ მოჰქონდა უცოდველად, დღისით თუ ღამით,
დაღრულ ტერფზე ტალღის შეხება - ამბორი კრძალვით,
წერილს არწევდა, ბოთლს აცეკვებდა, ვით ზვირთი ნავით;
ცის დასალიერს არავინ ჩანდა, იყო უკუნი,
მერე კორპის ხმა, წვეთი სისხლი და   იყო გუგუნი,
პირდაპირ გულის გამოძახილი და მზერა წერილს
ხარბად გადასწვდა, წაიკითხა ნაწერი ხელის:
ყველაზე ნაკლებად ძალმიძს იმის გამხნევება, ვისთანაც ამ  სარკოფაგმა მისცურა!“
დაბოლოს, ქვემოთ იკითხებოდა აუარება გადანაწერი:
’’ნუ მომიგონებთ, როგრც მხდალს, გამიხსენეთ უმიწაწყლო გმირივით...’’,
’’სული გამცემი- ვაგლახ!..““;
კიდევ მრავალი...!
ხმა აუთრთოლდა, შიშმა შეიპყრო, ნაწერი იყო მრავალზე ბევრი,
ყველა ცოდვილის და მყრალი სულის აქ ჩასხმულიყო მელანის ტევრი,
ბაბილონი კი კვლავ შენდებოდა, ცოდვის ფერხულში ებმოდა ერი,
და მწირის ფიქრებს ჩიხში იწვევდა, ვერას უშველის უმანკო ბერიც.
პერგამენტს დასწვდა, სისხლით მოთხვარა, ჯვარი დაასვა,
ეს იყო მისთვის ბოლო სიტყვა, ხელწერაც, ლოცვაც,
და თავი მისცა შუშის საძვალეს ტალღებთნ ერთად,
მინის ბოთლი კი ახალ მპოვნელს დაეძებს დღესაც...

No comments:

Post a Comment