Friday, July 1, 2011

„წერილი ბოთლში“


ავტორი (ირაკლი გვაჯაია - (Jeremy Juns))

 ”გამარჯობა,
ოდესღაც ძალიან გამეცინებოდა თუ კი ვინმე მეტყოდა რომ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე წერილის და მისი ბოთლში მოთავსების მეთოდით მექნებოდა მოსაგვარებელი, თუმცა ალბათ შენც გაგეცინებოდა იმის გაფიქრებაზე რომ, ზღვაში დახუფული ბოთლით წერილს იპოვიდი სადაც ეწერებოდა ის რასაც მე აქ დავწერ:
იმედი არ მაქვს, რომ გაამართლებს მაგრამ სხვა მცდელობა ყველა ფუჭად დასრულდა. მე შენ ძალიან შორი მანძილიდან გწერ იმდენად შორი რომ . . .  ნუ მოკლედ, მინდა გთხოვოთ ადამიანებს ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, განა ეს არ იცით თქვენ, თუმცა ყოველ დღე უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ ერთმანეთზე და უფრო ნაკლებად ცდილობთ გამოხატოთ სითბო. თქვენთვის ყოველდღიურობა და მისი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომელთაც თქვენგან მხოლოდ თქვენი ღიმილი უნდათ, და თავადაც თუ კარგად დაფიქრდები განა უფრო მეტად გაკლია რამე ვიდრე აი შენს გვერდით მყოფი ადამიანების ღიმილისა და კეთილი თვალებისა რომლებიც აი აგერ სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებულან და შენსავით წერილებს კითხულობენ, ზოგიც წერს.  ვიცი ფიქრობ და ვერ ხვდები რა მინდა რას ვითხოვ. ერთს გთხოვ თუკი ეს ყველაფერი აფსურდად მოგეჩვენება ისევ ჩადე ეს წერილი ბოთლში და ისევ ზღვაში გადააგდე - დაე მან წაიკითხოს ვინც გაიგებს, ვინ იცის შენამდე რამდენმა მოისროლა ღიმილით სახეზე უკან წერილი ზღვაში და თავის ყოფითს დაუბრუნდა. თუმცა იცოდე მე შენსავით მეოცნებე ინფანტილური და ვარდისფერ სათვალეში მომზირალი ადამიანი ვარ - მხოლოდ ერთი სხვაობით, მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომელიც დედამიწას შემორჩა, გაგიკვირდა არა? მე მომავლიდან გწერ იმ შორეული მომავლიდან რომელიც გარდაუვალია თუკი ადამიანები ასე განაგრძნობთ ცხოვრებას.
ალბათ ახლა სულ დაიბენი, მენდე არც მზის დარტყმა მიგიღია და არც სიზმარში ხარ, ეს რეალობაა, მწარე რეალობა.  იცი ამ ეპოქაში ”ადამიანებს” უკვდავების წამლიც კი გამოგონილი აქვთ, არავინ ბერდება და არავინ კვდება, თუმცა ეს უფრო კარაგდ დაქოქილი რობოტების პლანეტას დაემსგავსა. როგორ მახსოვს, როდესაც ბოლო ადამიანური შეკრება აი ამ ადგილას მოხდა ამ ზღვის პირას, მეგობრები შევიკრიბეთ და არცერთი სიტყვა არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით მახსოვს მხოლოდ ის სითბო რასაც ადამიანები ასხივებდნენ არც ის მეგობრები მახსოვს მას შემდეგ ხომ თითქმის 500 წელი გავიდა მე აქ დავბრუნდი იმ იმედით რომ იქნებ მათაც მონატრებოდა ეს და ვინმე მენახა, როგორ მენატრება ადამიანები. იცი დღეს უკვე აღარავინ დადის ზღვაზე, იმისათვის რომ მზის ამოსვლა ნახოს, ან ჩასვლას უყუროს. დღეს აღრავინ დადის ზღვაზე იმისათვის რომ იფიქროს, დღეს ზღვა აკრძალულ ზონაში მოყვა. თქვენ კი მანდ სანამ დრო გაქვთ დასხედით ზღვის პირას და დატკბით მზით რომელიც მხოლოდ თქვენს გასათბობად არსებობს, და ასე ლამაზადაც იმიტომ ჩადის ზღვაში რომ ადამიანებში სილამაზის განცდა არ დაიკარგოს. გემუდარები მიუტრიალდი შენს გვერდით მდგომს და ჩაეხუტე, ჩაეხუტე და უთხარი რომ გიყვარს მაგრამ ეს გააკეთე სრული განცდით და არა მხოლოდ იმიტომ რომ მე გთხოვ. არ დაკარგოთ ადამიანებო ერთმანეთი. უკვდავება არ ნიშნავს სხეულის მუდამ არსებობას, უკვდავების ერთადერთი წყარო ადამიანია და მისი ღიმილი, იცი როგორ მენატრება ღიმილი რომელსაც ერთ დროს ვხედავდი ხოლმე, მერე მხოლოდ ვირტუალურ არხებში ორწერტილისა და ფრჩხილის კომბინაციით ვცდილობდი ეს ჟინი მომკელა, მაგრამ ახლა ეგეც გაქრა.
ძალიან ბევრი ვისაუბრე ალბათ და მთავარი მაინც ვერ ვთქვი, ადამიანებო არ დაკარგოთ ერთმანეთი თორემ მე ისევ უკანასკნელ ადამიანად დავრჩები რომელიც ადამიანური მარტოობისაგან კვდება ზღვის პირას და არც კვდება იმიტომ რომ ჩვენთან უკვდავების წამალი გამოიგონეს, მუდმივ მარტოობას სიყვარულში გატარებული შეზღუდული პერიოდი გერჩივნოთ.
პატივისცემით,  BMMLD992 (მეგობრებისათვის კი უბრალოდ მართა).  4579 წელი”
წერილი უკან ბოთლში ჩავაბრუნე და სხვა ადრესატს გავუგზავნე ისევ ზღვით და ისევ უფრო შორეულ წარსულში, იმიტომ რომ ჩვენს დროშიც ხომ ასეთ დეფიციტშია წრფელი ადამიანური განცდები რომელსაც ღიმილი და სიყვარული ჰქვია.

No comments:

Post a Comment