ნანა ფიფია
`მთელი ცხოვრება ვწერდი მე ლექსებს,
ლექსებით ვცადე მეთქვა სათქმელი,
სუყველა ლექსი ერთად შევკრიბე,
დავარქვი ერთი დიდი სახელი.
,,მიყვარხარ" ჰქვია ლექსების შეკვრას,
გულის ყალიბი ყველას დაიტევს,
ეს დაფერფლილი, დამწვარი გული,
ბოთლში პაწია ადგილს დაიჭერს.
ყველა სურვილი, ვნება და ჟინი,
ფიქრი, ოცნება მასში მარხია,
იყოს გაკოჭილ-დადუმებული,
სანამ შენამდე მან მიაღწია.
რას მერჩოდიო? ნუ გაიფიქრებ,
შენც ხომ სამყაროს ერთი შვილი ხარ,
დატყვევებული გული და სიტყვა
ბოთლიდან სწრაფად უნდა დაიხსნა.
ლექსების შეკვრა დასაწვავად ვერ გავიმეტე,
რადგან არც მქონდა ამის უფლება,
სიყვარული ხომ ერთადერთია,
რაც არასოდეს ცვდება, ხუნდება.
ვფიქრობ, დავცალე გრძნობის ფიალა,
შენ გახდი მისი თანაზიარი,
გულის კუნჭულში დამარხული მაქვს
მე სიყვარულის მწველი ისარი.
ვერ ამოვიგლეჯ გრძნობის სახსოვარს,
ტრფობისგან ერთი ნიშანიც კმარა,
მადლობელი ვარ ამ სიყვარულის,
უფლისკენ რადგან მე გამამგზავრა.
ცხოვრების _ ზღვის ლურჯ სანაპიროსთან
ბღავილით ვამცნე მე მთელ სამყაროს,
რომ დაბრუნება უფლის წიაღში
მსურს თვითონ უფალს თავად ვახარო.
მე დავამარცხე მოლოდინი ქანცგაწყვეტილი,
ამ სიყვარულმა შეასრულა თავის მისია,
ლექსების გუდა ერთად შევკარი,
რადგან ჩამისვა სულში მესია.
დარჩენილ დღეებს უფალს მივუძღვნი,
ამომიწურავს რადგან სათქმელი,
მე შევიყვარე ქვეყნიერება _
ღია დავტოვე სულის სარკმელი.
გავთავისუფლდი, დავრჩი მარტოკა
ღმერთთან, ლაღი და თავისუფალი,
ვიცი, სიყვარულს დედამიწაზე
არ დაელევა ჭირისუფალი.
მე უფლის სახლში ვიწყებ ცხოვრებას,
მსურს რადგან ლ ო ც ვ ი ს მადლით ავსება,
კმარა, დამთავრდა დედამიწაზე
ყოველდღიური ტანჯვა-ვაება.
უფლისკენ ბილიკს მინდა შენც გაჰყვე,
მჯერა, გახდები მისი მსახური,
ვინც გაეცანი წყნარად ჩემს ლექსებს
და არ ატეხე აურზაური!~
No comments:
Post a Comment