Friday, July 1, 2011

იქნებ დამეხმარო უცნობო ადამიანო

ელენე სოსელია


`არ მსურს ისედაც გულდამძიმებულს ზურგზე აგკიდო ჩემი ცხოვრება, მაგრამ წერილი ხავსია, წყალწაღებული რომ ეჭიდება. სჯობდა კი უფალს ჩავბღაუჭებოდი, მაგრამ მასთან მისასვლელი უმოკლესი გზა ყველაზე შორი გვეჩვენება.
ჩემი საყვარელი ადამიანი ტუბერკულიოზის მსხვერპლი შეიქნა. იყო და არა იყო რა, სიზმარივით გაქრა. დამრჩა პატარა გოგონა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს მეც ამ ვერაგმა სენმა შემიპყრო. სიკვდილის დაფჩენილმა, ამაზრზენმა ხახამ სადაცაა დამნთქას, ირგვლივ სიმარტოვის ყრუ კედელი აღმართულა, ყოველი კუთხიდან გულსაკლავი შიში იმზირება.
კლინიკაში სიკვდილი დაიარება, გვაფრთხილებს, რომ მოგვიწევს მასთან ორთაბრძოლა, სიკვდილის შიშზე ამაზრზენი, თავზარდამცემია ადამიანებისგან გაუცხოების შიში, ახლოს არვინ გვეკარება, ცოცხლად მკვდარი ვარ, ეს ორმაგი სიკვდილია. ჩუმად, საიდუმლოდ დიდხანს ვერ ატარებ უბედურების საიდუმლოს. ვინ რა იცის, წინ რა ელოდება!
ადამიანებთან ურთიერთობას მოკლებული, მეგობრად მხოლოდ ჰაერს ვნატრობ, ჩემი გულდათუთქული შვილი შორიდან შემომცქერის, გული ცრემლით მევსება.
ყველა ადამიანში სახლობს დიდი იმედი, იმედი სიცოცხლისა. ვიცი, მალე მოვკვდები, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რომ სადაცაა იმქვეყნად გავემგზავრები, მაინც მგონია, რომ ღმერთი ჩემთვის დაუშვებს გამონაკლისს და გადადებს სიკვდილთან ჩემს შეხვედრას. ის ღმერთი, რომლის გულის მოსაგებად დიდად არასოდეს გავრჯილვარ. ვწვალობ, ვიტანჯები და მაინც სიცოცხლე განუზომლად მწყურია.
ნოემბრის ერთ საღამოს ზღვაზე გასეირნების სურვილმა შემიპყრო. გამჭვირვალე ბოთლში წერილი ჩავაცურე, ნიშნად იმისა, რომ გავსაუბრებოდი სამყაროს, რომელთანაც აკრძალული მაქვს ურთიერთობა. იქნებ შენ, უცნობო მეგობარო, აღმოუჩინო ჩემნაირ გარიყულ ადამიანებს ამ მდგომარეობიდან გასასვლელი გზა, ბილიკი... ვინატრებ ეს ბოთლიც ჩემნაირად არ გაირიყება და სამუდამოდ არ დაიკარგება.
მე კი ჰაერის უკმარისობა მკლავს, მუდამ მას ვნატრობ, თითქოსდა სხვა ყველა ნატვრა დედამიწაზე დაილია. დამეხმარე უცნობო ადამიანო, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენც ვითვლებოდეთ საზოგადოების წევრებად, ადამიანებად, რომ ყველა არ გაგვირბოდეს, რომ არ აშინებდეთ ადამიანებს ჩვენთან შეხვედრა!~

No comments:

Post a Comment