Thursday, July 14, 2011

არითმეტიკების და პროცენტების ამბავი

ავტორი: ნასტასია არაბული


ხშირად ხედავთ ხოლმე თოლიებს? - მე არა, შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, ერთსაც კი ვერ მოვკრა თვალი. რა ჩემი ბრალია, ეგეთ ადგილას ვცხოვრობ.
გყავთ ვინმე დიდებული წარმომავლობის წინაპარი, რომელმაც ბევრი ქონება გიანდერძათ და თქვენ მეორე დღესვე უდარდელი ცხოვრება წამოიწყეთ? - მე არა, ჯერ ერთი ახლა ის დრო აღარ არის, დიდებული წარმომავლობები რომ რამეს წყვეტდეს, მეორეც უდარდელი ცხოვრება ცოტა მოსაწყენია: ფუქსავატი ხდები, ყველაფერი გეჩვეულებრივება და საბოლოოდ შეიძლება დაშტერდე კიდეც.  ხო, ხერხია ეგეთი, კატა რომ ძეხვს ვერ წვდება, მერე ეგეთი არგუმენტებით იმშვიდებს თავს, ხან პარასკევია, ხან მემკვიდრეობები გაფუქსავატებს და ათასი მსგავსი სისულელე.  პაპიდა მყავდა, ქვიშხეთში აგარაკს გვიტოვებდა, დედამ, იქ როგორ დავისვენებ, ემოციური ამბავია, არ შემიძლია, მაგის ხელში ვარ ნახევად გაზრდილიო და ეგრე დამთავრდა ჩემი ერთადერთი პოტენციური ანდერძის ამბავი.
ხშირად გიფიქრიათ კუნძულზე ცხოვრებაზე ან გიპასუხიათ კითხვისთვის, უკაცრიელ კუნძულზე რას წაიღებდით, ცხოვრების მეორე წელს რას მოიფიქრებდით საკუთარი თავის გასართობად და ასე შემდეგ? - მე არა. ჯერ ეგრე არ გადავრეულვარ, რომ მეგონოს, „იქ სადაც ვცხოვრობ და თოლიებს ვერ ვხედავ, ანდერძებს არ მიტოვებენ და უდარდელ ცხოვრებას ვერ წამოვიწყებ, ვერავინ ვერ მიგებს, ჩემი ადგილი სადმე სხვაგან არის, ამ საზოგადოებაში ვერაფერს ვერ გააკეთებ და რაიმე სხვა უნდა მოძებნო, უნდა გაიქცე, უნდა განმარტოვდე, ჩენი თავი იპოვო, ახალი აღმოჩენები გააკეთო...რა სისულელეა.  ახლა კი არა, კუნძულები რობიზონ კრუზოს რომ ვკითხულობდი მაშინაც არ მაღელვებდა და გარდატეხის ასაკი რომ მქონდა მაშინ არ მიფიქრია გაქცევებზე, რაღა დროს ჩემი ეგეთებია.
იცით რა?
ამ კითხვებს და პასუხებში ჩადებულ ფრაგმენტულ, გადაკრულ ამბებს,  ავდგები და ყველაფერს პირდაპირ მოგიყვებით,ზუსტად ისე, როგორც არის. მით უმეტეს,  დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი და თუ როდესმე  ვინმესთვის რამე ნორმალური მომიყოლია, ის მხოლოდ პირდაპირ მოყოლილი რეალური ამბავი ყოფილა. ეს  ყველაზე კარგი და მარტივი გამოსავალია, გამოსავალი კი კარგი და მარტივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი აზრი არ ექნება მის არსებობას, ვინაიდან თავის თავში უკვე რაღაცისგან გათავისუფლებას გულისხმობს და თუ ამას ყველაფერი შეწირე, რაც გაგაჩნია, მერე სადაც გინდა იქ გამოდი, სულ ერთია.
მოკლედ, მე  23 წლის, მდედრობითი სქესის,  ერთ-ერთი კონკურსის ერთ-ერთი სრულიად ჩვეულებრივი მონაწილე ვარ. კონკურსის თანახმად უნდა დავწერო რაიმე, რომელიც მოიცავს სამ სიტყვას: თოლიას, კუნძულს და ანდერძს. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტია.
ჯერ კიდევ დილას, სანამ კონკურსის პირობებს გავიგებდი, ყველაფერი მარტივად იყო. ვიჯექი საქანელაში, დილის ყავას მივირთმევდი და ვფიქრობდი, რომ ზღვა წვიმაშიც კი გადასარევია, ეს ზაფხულიც არაფრით არ გავს არც ერთ წინა ზაფხულს, სავარაუდოდ არც შემდეგებს დაემსგავსება , დღეს ზუსტად წერის და კითხვის ამინდია  და ცხოვრება იმიტომაა კარგი, რომ შეგიძლია მრავალფეროვნებებით დატკბე სხვადასხვა დროებსა და სივრცეებში.
 ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ კონკურსები ძალიან სასაცილოა.
 ყველას გონია რომ ვიღაცა მეორეზე უკეთესია, ყველა ფიქრობს, რომ აუცილებლად რამე ღირებული უნდა დაწეროს,  საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ყველას თავისი გზა აქვს და ზოგი ალკოჰოლს ეძალება, ზოგი ნომერში განმარტოვდება, ზოგი შეფიქრებულ იერს იღებს ( როგორც შემოქმედებითი წვის გარეგან გამოხატულებას) ,ზოგი იმაზე მეტს ეწევა, ვიდრე ჩვეულებრივ   და ზოგი წვიმის წვეთებს ითვლის რიტმულად (შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად).
სინამდვილეში არავის არ მოგვეთხოვება რაიმე ღირებულის შექმნა, იმიტომ კი არა, რომ რაიმე უფრო მარტივი მოგვეთხოვება და ჩვენ ძალით ვირთულებთ საქმეს, როცა გვგონია, რომ ღირებული რამეები გვაქვს შესაქმნელი, იმიტომ რომ ღირებულებები როგორც ასეთი, არ არსებობენ და გამოდის, შენც არაფერს ქმნი, რასაც არ უნდა ქმნიდე. უბრალოდ, მერე ეს არაფერი, ზოგს შეიძლება რაიმედ მოეჩვენოს, ზოგისთვის არაფრად დარჩეს. ყველაფერი სუბიქტივიზმის შედეგად მიღებულ პროცენტებზე და არითმეტიკაზე დადის საბოოლოოდ. შეგიძლია ბედიც ჩართო საქმეში, მაგრამ მე არ გირჩევდით, ვერც მაგისას გაიგებთ საბოლოოდ ვერაფერს.
იმას გეუბნებოდით, რომ სამი სიტყვა მაქვს, თოლია, ანდერძი და კუნძული, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებულითქო. სინამდვილეში კი აღმოჩნდა რომ ყველაფერი პროცენტებზე და არითმეტიკაზე ყოფილა დამოკიდებული და ჩემი კეთილგანწყობის პროცენტები ამ სამი სიტყვიდან თოლიებმა დაიკავეს. ძველი ამბავი გამახსენდა, ანუ ის, რომ  თოლიები ისტერიჩკა ქალებივით კივიან.
ერთხელ მომეჩვენა ეგრე და ვიღაც, პირველივე შემხვედრს მოვახსენე ჩემი აღმოჩენა. პირველი შემხვედრი სრულიად შემთხვევითი გამვლელი იყო. გვერდზე ჩამომიჯდა, სანამ მე თოლიებს ვუსმენდი და მკითხა რას შვრებიო. ვერ ვიტან მაგ კითხვას, ხომ ხედავ ვზივართქო, რომ მეთქვა, თავხედი გოგოსავით გამომივიდოდა, მე კიდევ მსგავსი არაფერი. ამიტომაც,  არც არაფერს, აგე, თოლიები კივიან, მე კიდევ ჩემი კუთვნილი ნიჟარა ვიპოვე, ახლა უნდა წავიდე, შენ კი მანამდე ფეხი არ მოიცვალო აქედან, სანამ შენ ნიჟარას არ იპოვი, ნიჟარა დიდი არაფერი, უბრალოდ, პოვნის სიხარულია ძალიან კარგი ტიპითქო, ასე, ანდერძივით დავუტოვე,  ავდექი და წამოვედი. იმას კიდევ ალბათ ეგონა, წავალ, გავიცნობ, რიჟა გოგოა, ნაპირზე მარტო ზის, საღამომდე იქნებ უფრო შორსაც წავიდეო. ეგრეა,მოლოდინები ყოველთვის როდი არიან ვალდებულებები, გაგიმართლდნენ.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და მე სრულიად აღარ მახსოვს, ვინ იყო ის შემთხვევითი გამვლელი.  ეგრეა ჩავლილი ამბები, რაც დრო გადის, სრულიად უმნიშვნელოვანი ხდება, ამ კონკურსსაც იგივე ბედი ელის, თქვენ რა გგონიათ, და ის შემთხვევით გამვლელიც ალბათ ტყუილად არ გამხსენებია, ამბების ერთი ნაწილი მელოდინების გამართლება-არგამართლებაზეა აგებული და ამ  კონკურსის და იმ პატიოსანი ადამიანის ამბებიც, ისევე როგორც პაპიდას ანდერძის ამბავი,  სწორედ ამ ნაწილს განეკუთვნება

No comments:

Post a Comment