Thursday, June 30, 2011

წერილი by კაპიტან "მურთო"


ავტორი: ნოჩურა

კარგად მახსოვს 2010 წლის 5 ივლისი იყო. ნეტა 9 საათზე მაინც დამეყენებინა ეს წყეული მაღვიძარა. წაიღო ტვინი! რა არის, რომ ამიწეწოს ამ დილაუთენია ნერვები. ცალი თვალი გავახილე, გავიქნიე ხელით და მივასხმევინე ტვინი კედელზე. როგორც იქნა წამოვკრიფე ჩემი ძვლები საწოლიდან. ნახევრად მძინარე მივლასლასებ ენაგადმოგდებული ქამელეონივით პლაჟისკენ. რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა იყო, რომ წამოვკარი რაღაცას ჩლიქი და ლამის იქვე მხურვალე ქვებზე განვუტევე სული. ოხ, ჩემ ნერვებს კიდე ეგ უნდოდა?! სიმწრისგან აღარ ვიცოდი მეყვირა თუ მეტირა. წამოვდექი და რას ვხედავ, ძველი ჭუჭყიანი ბოთლი ქვებს შორის იყო ჩაჩრილი. ჯერ ისე რას ვგავარ და ტკივილისგან უფრო მეტად დამანჭული სახით მივაშტერდი ბოთლს დაჟინებული მზერით. მუქ ტარაში რაღაც დახვეული ფურცელი დიაგონალურად თავს ხან ერთ მხარეს მიახეთქებდა, ხან მეორეს. ძლივს მოვხსენი მოძველებული საცობი და ფრთხილად გამოვაძვრინე ჭოგრიტივით დახვეული წერილი. ზღვაში ჩასვლა ვის ახსოვდა, გამოვფხიზლდი ხელად. დავეშვი პლაჟზე. ნაპირზე ჩემი კვადრატი მოვიზომე და მივეცი კითხვას წყნარ ტალღებთან ერთად. წერილის ტექსტი კი შემდეგნაირად ჟღერდა: 

- თუ ეს "ბუტილკა" მიიღე, ესე იგი მე უკვე აღარ ვვარსებობ. თუ ეს წერილი წაიკითხე ნიშნავს იმას, რომ შანსი გაქვს მოხვდე იმ ადგილას სადაც განძია დამალული. მე კაპიტანი მურთაზი ვარ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ იქ მეორედ მოხვედრა სადაც შენ შეგიძლია აღმოჩნდე მალე. იჩქარე!  ამ განძის მოპოვება საკმაოდ რთულია, მაგრამ მე გაგიმარტივებ პოვნას რიგი რებუსებით თუ მინიშნებებით, ოღონდ ყურადღებით დააკვირდი წინადადებებს.

შენ ახლა სადაც ხარ არ დაგჭირდება იმ ადგილამდე მისასვლელად 450-460 კილომეტრი როგორც ჩვენ. არც გემით ცურვა არ მოგიწევს უკიდეგედანო ზღვაში. ისე ვერმუტი გიყვარს? ალბათ კი, რადგან თუ ვერმუტი არ გიყვარს, აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაგნებ დამალულ განძს. - ცოტა არ იყოს და თვალები დავკარკლე რადგან თავიდან ვერ ვხვდებოდი მინიშნება იყო თუ ირონიულად დასმული კითხვები, რაზეც პასუხს ვერასოდეს მიიღებდა... - სუბტროპიკული ხეები ალბათ გიზიდავს და ასევე მწვანეში ჩაფლული მთები. ალბათ ზღვა, ტალღები, ჭირი, ჯანდაბა, სიცხე და სიკვდილიც მოგწონს რაც მე დამატყდა თავზე სანამ ამ წერილს ვწერ :) მე მაპატიეთ ცოტა ავღელდი. ჩემსავით ნევროზიანს თუ ჩაუვარდა ეს ბოთლი ხელში კარგად ქონია საქმე. დამშვიდდი, დაწყნარდი შენ უკვე მიზანთან ხარ. მიმოიხედე ირგვლივ. აუცილებლად მზიანი დღე უნდა იყოს რომ განძს მიაკვლიო და იცი რატომ? მხოლოდ დარში თუ დაგჩხავლებენ და დაგანკლინტავენ თავზე თოლიები ლაზურად. იმ ადგილის ქვეშ მდებარეობს განძი საიდანაც ამ სიტყვების პირველი ასო იწყება "მე არაყმა რომ თრობა იხალისე ნომერში იასნა" (მე მაპატეთ ცოტა მეტი ვერმუტი მომივიდა).

1572 წლის, 19 ოქტომბერი
პატივისცემით, მურთაზ მართინ მარტინოვი

პ.ს.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გავიდა თითქმის 1 წელი. არავისთვის არ მითქვამს წერილის შესახებ. 29 ივნისს თვალი მოვკარი მართინის გვერდს და მაშინ გაიხსნა ჩემს წინ ყველა კარტი თავისით. აი თურმე რაზე მიმანიშნებდა კაპიტანი მურთო. აი თურმე სად იმალება განძი. 

ამ წერილს კი ვწერ იმისთვის, რომ რა ვიცი იქნებ მეც მურთაზის ბედს ვიზიარებ და მკითხველო, თუ რამეა კვარიათში მეძებეთ ჩაფლული. რომ მიცნოთ თავით ვიქნები ჩარგული პლაჟზე :)

საყვარელო ცოლუკა!



ვიცი, 21-ე საუკენეა და ან sms უნდა გწერდე, ან კიდევ მაილს გიგზავნიდე. skype და სხვა საკონტაქტო საშუალებები კი იცი, რომ შორეულ ნაოსნობაში არ არი ფუფუნების საგანი. ამიტომ, წერილს ვატან მართინის სურნელით გაჯერებულ ”Fiero " -ს ბოთლს.  წუხელ, შენზე ფიქრისას ვწრუპავდი ციტრუსის გემო აქვს და უფრო მეტად წითელი ფორთოხლის არომატი ჭარბობს. წითელ ფერზე გამახსენდა-კაბა გიყიდე. შენი სხეული რომ მოუხდება ისეთი, შენი ხასიათივით მგზნებარე და თვალებივით კაშკაშაა. აქ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს უშენოდ...
ხომ იცი სმა არ მიყვარს, არც აქ გვრთავენ ნებას ხშირად გადავიდეთ ხმელეთზე და თავს უფლება მივცეთ გართობის. ისე მართალიცაა, ასეთი დღის შემდეგ, მეორე დილით ყველას გვეზარება მუშაობა.
თავში  შენი იდეა  მიტრიალებს გამუდმებით.  აი, ჩვენს მიწის ნაკვეთზე სასტუმროს აშენება რომ დაიჩემე. ცუდი აზრი არ უნდა იყოს, მაგრამ ფულია საჭირო. მე ამ რეისიდან 20,000$  ჩამოვიტან. ბანკშიც ხომ გვაქვს წინა ნაოსნობიდან დანაზოგი? სესხიც ავიღოთ, ახლობლებსაც ვთხოვოთ და ფრთები შევასხათ შენს ოცნებას. როგორი წარმომიდგენია იცი? დაახლოებით ასე 4 სართულიანი სასტუმრო 12 მყუდრო და კომფორტული ოთახით, დილის მზისფერი აივნის მოაჯირებით, საცურაო აუზით ( მერე რა რომ ზღვა იქვეა ), მინი რესტორნები ეზოში,  პრინციპში 2 საკმარისია, ბუნგალოს სტილში მიახლოებით. მზარეულები და ”სერვიროვკა” შენ არ გეშლება ;) ერთში ქართული კერძები გავუშვათ და მეორეში კიდევ ევროპული, აზიური და ზღვის პროდუქტები. ბარის მუშაობაც უმთავრესია, კარგი და ექსკლუზიური კოქტეილები თუ ვერ შესთავაზე დამსვენებელს და სხვაგან წავიდნენ სურვილის დასაკმაყოფილებლად ცუდია ჩვენთვის. ამიტომ, ერთი კოქტეილის ექსკლუზიურ რეცეპტს მე ჩამოვიტან და ის იყოს საფირმო :) აუცილებლად გავაკეთებინოთ ავტოსადგომი დაპროექტებისას არქიტექტორს, პრინციპში ღია ცის ქვეშაც რომ იყოს, არაუშავს, ხედსაც მოუხდება ისე განვათავსებთ მისადგომებს.
გახსოვს, ჩვენი ნაკვეთი ყიდვისას იმიტომ მოგვეწონა  სუბტროპიკული ხეებითა და მცენარეებით დაფარულ ულამაზეს ხეობაში რომ არის და იქვეა ზღვაც. შარშან, მთის და ზღვის ჰაერი ორივე ერთად რა კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნიდა არა?! ამიტომაც მგონია, რომ გაამართლებს ჩვენი ჩანაფიქრი და დამსვენებელსაც ამ გამორჩეული ნიშის გამო მოესურვება ჩვენთან დაისვენონ სრულყოფილად და გახდნენ ჩვენი კომპლექსის მუდმივი ვიზიტორები. ამდენს გწერ, გწერ და სახელი არც კი დამირქმევია...
რადგან, ეს ყველაფერი შენი ოცნებაა, რომელიც ჩემს გონებაში დაფრინავს გამუდმებით და შუა ზღვაში, ამ დალოცვილ ცაზე,  სულიერს თოლიების მეტს ვერაფერს ვხედავ, სახელიც ამათი ჰქონდეს ”თოლია”.
ვიცი, 21-ე საუკენეა და ან sms უნდა გწერდე, ან კიდევ მაილს გიგზავნიდე. skype და სხვა საკონტაქტო საშუალებები კი იცი, რომ შორეულ ნაოსნობაში არ არი ფუფუნების საგანი. ამიტომ, წერილს ვატან მართინის სურნელით გაჯერებულ ”Fiero " -ს ბოთლს.
წერილს, ემოციებით და ოცნებებით სავსეს. სანაპიროსთან დახვდი ის აუცილებლად, 
აუცილებლად მოვა შენთან!!!