Friday, July 1, 2011

ბოთლში ჩატეული LOVE


ავტორი: პაპო ანაკლიიდან

გაკოცებ, დრუნჩებს მოგაჭამ, დრუნჩეეებს... არ მჯეროდა ფოტოდან ვინმე თუ შემიყვარდებოდა, ეს რა მიქენი „გვანდარუჭა?!“ გახსოვს ჩვენი პირველი საუბარი. 3 საათი ვმესიჯობდით და ბოლოს გადაწყვიტე დაგერეკა, შენი ვნებიანი ხმა ახლაც მახსოვს, მაჟრჟოლებს უზომოდ მენატრები. ამიტომაც მინდა შენი ნახვა. მინდა ჩემში იყო, ჩამო რა ერთი კვირით! ჯანდაბას თუ ერთი კვირა არ გცალია 3 დღე იყოს.  მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებსაც მე გავიღებ. ოღონდ იცი რას გთხოვ? – „პლავკები“და პირსახოცი წამოიღე. რვაში ჩამოდი და ერთად ვიგიჟოთ. ვიჭყუმპალაოთ, ვიცი რომ შენც გიყვარს ჩემი აუზი. აუუუ... ზღვაზე რა მაგარი იქნება შენთან ერთად, მინდააა რააა... :((( ჩემს შეზლონგზე დაგაწვენ, შენი კანის სუნი უნდა შერჩეს ჩემს ნივთებს. ეს რა მიქენი ასე რატომ შემაყვარე თავი. მეც მიკვირს და ჩემს თავს ვეუბნები, ვინ უცნობს უხსნი სიყვარულს, ვის სთავაზობ შენს გულის კარსთქო?! მაგამ მზად ვარ შენთან სიგიჯისთვის ყველაფერი გავაკეთო. მიყვარხარრრრ, გესმის მიყვარხარ! რომ ჩამოხვალ სიურპრიზებს დგახვედრებ. სიურპრიზი რა სიურპრიზია თუ გაამხილე, მაგრამ რამოდენიმეს მაინც გეტყვი, ვერ ვითმენ. ავზის ბარი, ჯეოკონექტი, მარტინი „გოლდი“ უნდა დაგახვედრო. კუნტრუშააა, იცი რა გოლეთიანმა შემოგითვალა „დერსკი“ ტლეფონს გაჩუქებოოო. ხომ ჩამოხვალ?
ჩემს თავს გაფიცებ, ეგ მოსყიდვად არ ჩათვალო, მიყვარხარ და საყვარელ ადამიან მინდა ვასიამოვნო, ეგ არის და ეგ.
მშობლები გართობას და სექსს მიკრძალავენ ჯერ ახალგზრდა ხარ რა გეჩქარებაო. არ მეჩქარება მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა, ამ ძველ თაობას კი ამას ვერ ვაგნებინებ. მამაჩემა ტელფონი წამართვა, დეგნერატია რააა, სიყვარულს არ მაცლის. იმ ოთახში გამომკეტს სადაც შენ უნდა მიგიღოოო, მხოლოდ სანაპიროზე გასვლის უფლებას მაძლევენ. ამ წერილს ბოთლში ვდებ. იცი რომელ ბოთლში? – შენი და ჩემი საყვარელი მარტინის ბოთლში კრუსუნ. : ))) ჩემი ბუტუსურა, დინებას კვარიათიდან გავატან ჩვენი სიყვარულის ბოთლს. ვიცი ანაკლიაში დახვდები და მიიღებ. გთხოვ არ მკრა ხელი და 8 ივლისს ჩამოდი. უშენოდ არ შემიძლია. წერილს ბოლოში, მარჯვენა კიდეში, ვაკოცე. გთხოვ შენც მანდ დაადე ტუჩი და მე აქ კვარიათში შეგიგრძნობ.
მიყვარხარ უზომოდ!
წერილის დადასტურებას ვერ დაველოდები რვაში გელოდებიიიი.
უიიიი, კრაზანამ მიკინა ტაკოზე, მტივააა... მოდიიიიი ჩქარა მოდიიი : (((
შენი კვარიათელი Miss MARTINI

„წერილი ბოთლში“


ავტორი (ირაკლი გვაჯაია - (Jeremy Juns))

 ”გამარჯობა,
ოდესღაც ძალიან გამეცინებოდა თუ კი ვინმე მეტყოდა რომ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე წერილის და მისი ბოთლში მოთავსების მეთოდით მექნებოდა მოსაგვარებელი, თუმცა ალბათ შენც გაგეცინებოდა იმის გაფიქრებაზე რომ, ზღვაში დახუფული ბოთლით წერილს იპოვიდი სადაც ეწერებოდა ის რასაც მე აქ დავწერ:
იმედი არ მაქვს, რომ გაამართლებს მაგრამ სხვა მცდელობა ყველა ფუჭად დასრულდა. მე შენ ძალიან შორი მანძილიდან გწერ იმდენად შორი რომ . . .  ნუ მოკლედ, მინდა გთხოვოთ ადამიანებს ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, განა ეს არ იცით თქვენ, თუმცა ყოველ დღე უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ ერთმანეთზე და უფრო ნაკლებად ცდილობთ გამოხატოთ სითბო. თქვენთვის ყოველდღიურობა და მისი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომელთაც თქვენგან მხოლოდ თქვენი ღიმილი უნდათ, და თავადაც თუ კარგად დაფიქრდები განა უფრო მეტად გაკლია რამე ვიდრე აი შენს გვერდით მყოფი ადამიანების ღიმილისა და კეთილი თვალებისა რომლებიც აი აგერ სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებულან და შენსავით წერილებს კითხულობენ, ზოგიც წერს.  ვიცი ფიქრობ და ვერ ხვდები რა მინდა რას ვითხოვ. ერთს გთხოვ თუკი ეს ყველაფერი აფსურდად მოგეჩვენება ისევ ჩადე ეს წერილი ბოთლში და ისევ ზღვაში გადააგდე - დაე მან წაიკითხოს ვინც გაიგებს, ვინ იცის შენამდე რამდენმა მოისროლა ღიმილით სახეზე უკან წერილი ზღვაში და თავის ყოფითს დაუბრუნდა. თუმცა იცოდე მე შენსავით მეოცნებე ინფანტილური და ვარდისფერ სათვალეში მომზირალი ადამიანი ვარ - მხოლოდ ერთი სხვაობით, მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომელიც დედამიწას შემორჩა, გაგიკვირდა არა? მე მომავლიდან გწერ იმ შორეული მომავლიდან რომელიც გარდაუვალია თუკი ადამიანები ასე განაგრძნობთ ცხოვრებას.
ალბათ ახლა სულ დაიბენი, მენდე არც მზის დარტყმა მიგიღია და არც სიზმარში ხარ, ეს რეალობაა, მწარე რეალობა.  იცი ამ ეპოქაში ”ადამიანებს” უკვდავების წამლიც კი გამოგონილი აქვთ, არავინ ბერდება და არავინ კვდება, თუმცა ეს უფრო კარაგდ დაქოქილი რობოტების პლანეტას დაემსგავსა. როგორ მახსოვს, როდესაც ბოლო ადამიანური შეკრება აი ამ ადგილას მოხდა ამ ზღვის პირას, მეგობრები შევიკრიბეთ და არცერთი სიტყვა არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით მახსოვს მხოლოდ ის სითბო რასაც ადამიანები ასხივებდნენ არც ის მეგობრები მახსოვს მას შემდეგ ხომ თითქმის 500 წელი გავიდა მე აქ დავბრუნდი იმ იმედით რომ იქნებ მათაც მონატრებოდა ეს და ვინმე მენახა, როგორ მენატრება ადამიანები. იცი დღეს უკვე აღარავინ დადის ზღვაზე, იმისათვის რომ მზის ამოსვლა ნახოს, ან ჩასვლას უყუროს. დღეს აღრავინ დადის ზღვაზე იმისათვის რომ იფიქროს, დღეს ზღვა აკრძალულ ზონაში მოყვა. თქვენ კი მანდ სანამ დრო გაქვთ დასხედით ზღვის პირას და დატკბით მზით რომელიც მხოლოდ თქვენს გასათბობად არსებობს, და ასე ლამაზადაც იმიტომ ჩადის ზღვაში რომ ადამიანებში სილამაზის განცდა არ დაიკარგოს. გემუდარები მიუტრიალდი შენს გვერდით მდგომს და ჩაეხუტე, ჩაეხუტე და უთხარი რომ გიყვარს მაგრამ ეს გააკეთე სრული განცდით და არა მხოლოდ იმიტომ რომ მე გთხოვ. არ დაკარგოთ ადამიანებო ერთმანეთი. უკვდავება არ ნიშნავს სხეულის მუდამ არსებობას, უკვდავების ერთადერთი წყარო ადამიანია და მისი ღიმილი, იცი როგორ მენატრება ღიმილი რომელსაც ერთ დროს ვხედავდი ხოლმე, მერე მხოლოდ ვირტუალურ არხებში ორწერტილისა და ფრჩხილის კომბინაციით ვცდილობდი ეს ჟინი მომკელა, მაგრამ ახლა ეგეც გაქრა.
ძალიან ბევრი ვისაუბრე ალბათ და მთავარი მაინც ვერ ვთქვი, ადამიანებო არ დაკარგოთ ერთმანეთი თორემ მე ისევ უკანასკნელ ადამიანად დავრჩები რომელიც ადამიანური მარტოობისაგან კვდება ზღვის პირას და არც კვდება იმიტომ რომ ჩვენთან უკვდავების წამალი გამოიგონეს, მუდმივ მარტოობას სიყვარულში გატარებული შეზღუდული პერიოდი გერჩივნოთ.
პატივისცემით,  BMMLD992 (მეგობრებისათვის კი უბრალოდ მართა).  4579 წელი”
წერილი უკან ბოთლში ჩავაბრუნე და სხვა ადრესატს გავუგზავნე ისევ ზღვით და ისევ უფრო შორეულ წარსულში, იმიტომ რომ ჩვენს დროშიც ხომ ასეთ დეფიციტშია წრფელი ადამიანური განცდები რომელსაც ღიმილი და სიყვარული ჰქვია.

„წერილი ბოთლში“

ავტორი: teo_lonely

უცნაურია დღევანდელი ჩემი ცხოვრება, ეს მუსიკა რომელიც ისმის, ეს წითელი მაგიდა და სკამი, ლურჯი ნათურა, კოქტეილის ჭუჭყიანი ჭიქები შავი საწრუპით, ეს ფოტოები, შავთეთრი გაურკვეველი სურათი, ფერადი ჭიკარტები, ფოსფორის ჩონჩხი ფანჯრის მინაზე, ბუხარში გაღვივებული ნაკვერჩხალი, სანთელიც დადნა, მალე ჩაქრება, მელანიც თავდება, ისევ მე და ფიქრი, ვეწევი ფრანგულ მალბოროს, ბართან უცნაური ფორმის ჭურჭელი ნახევრად სავსე ვისკით და ყინულით, ძვირფასი სუნამო თაროზე, ხელით ნაკეთი უბრალო მაგრამ ლამაზი სუვენირების ნაცვლად, მოციმციმე ეკრანი ნერვებს შლის და კვლავ მეზარება, რომ რაღაც ვესროლო იქნებ ჩაქრეს, იქვე დევს საათი რომელსაც ვერ ვიტან, იქვე კალენდარი რომელიც მძულს, გაზეთის ნაგლეჯები, ღამე და დრო მასთან ერთად უფრო ნელდება, მოდის სიმძიმე თვალებში და ფიქრიც მბეზრდება, უმისამართოდ დაბოდიალობს ოთახში რაღაც, ქუჩაში გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი შავი ჰამერი, ისევ ჩერდება კარებთან მრგვალფარებიანი მერსედესის ტაქსი და ისევ გადმოდის ბარბაცით მგზავრი, ნაცნობი კარის ჯახუნი და ეს ხმა ბოხი, ღრიალი, შეწუხებული მთვარე, მთვრალი შოკოლადი მხურვალებას ანიჭებს ყელს და ამავე დროს სიამოვნებას ჰგვრის ენის წვერსაც, შენი წვერი კი უხეში ისევ ედება სათუთ სახის კანს, ისევ სიცხე და სიწითლე ლოყების, ვნებიანი კოცნის ნაკვალევი მკერდთან ახლოს და ყურის ბიბილოს ქვეშ, შელამაზება მახინჯი სევდის, გრძნობებში ეხვევა ხელები, მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი, გარდაუვალი და ძლიერი სურვილი მომავალი ნაბიჯის მსგავსად, ფილმის კადრები როგორ კლავს ის მეგობარ მამაკაცს და ისიც თავს იკლავს მხოლოდ მის შემდეგ, თვალებს ხუჭავ და ისევ აქ ხარ...
მე მომწონს სპირტიანი სასმელის გემო და მისგან წამოსული უცნაური ნისლის ქარები, თითებში ფრანგული მალბორო გაჩრილი, მისი ბოლი და არომატი, ზღვის ხმაური, სახეზე აფარებული ხელის გულები და გულის ბაგუნი, ხშირი სუნთქვა და უმანკო სხეული, ცოდვილი ცრემლები, მთვარე – ერთი დიდი სინათლე, შუა ზღვაში სახავს სილუეტს, ის მალევე ქრება, ხმაური წყდება და სიმყუდროვე იპყრობს ზღვის ნაპირს...
ნეტავ თუ გადარჩა ის გოგო გუშინ?! არ ვიცი ალბათ...
ან იქნებ მე ვარ, მე ვარ სწორედ ის გოგო, რომელიც არანორმალური სიჩქარით მიაპობს შავი ზღვის ტალღებს და ნაკვალევს არ ტოვებს, არ ტოვებს ხმას არავისთვის, არც შენთვის, არ ტოვებს კოცნას არავისთვის, არც შენთვის, არ ტოვებს სხეულს არავისთვის, არც შენთვის, არ ტოვებს გრძნობის მისამართებს არავისთვის, არც შენთვის, არ ტოვებს სიკვდილის რეცეპტს არავისთვის, არც შენთვის, არ ტოვებს სიყვარულს არავისთვის, არც შენთვის, მითუმეტეს შენთვის...
რჩება მხოლოდ სველი მართინის ბოთლი და ეს წერილი მასში მხოლოდ შენთვის...

ჩემო პატარა ანგელოზო,

ავტორი: თეკო

  ჩემს წერილს ზღვას ვატან ბოთლით... რადგან არ ვიცი სად გეძებო. ასე იქცეოდნენ ხოლმე უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც მარტოსულები იყვნენ და ეშინოდათ. მეც თითქოს მასე ვარ ახლა.  შენ ზღვას გავხარ, დიდის, სტიქიურს, ამოუცნობს. არც კი მინდა მჯეროდეს რომ ბაბუას გულზე გძინავს და აღარასოდეს გაიღვიძებ, მეც ვერღარასოდეს გავიგონებ შენს ხმას...
  გიგზავნი წერილს, რადგან ვიცი რომ შენ გრძნობ ჩემს არსებობას. მჯერა რომ დრო გავა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. უბრალოდ შენ დღეს ანგელოზი ხარ, მე კი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც გამუდმებით შენზე ფიქრობს და ენატრები. ეს დროებითია, ძნელია, ტკივილია, მაგრამ რეალობა.
   იმ დღეს ვიყავი იმ წყეულ ადგილას სადაც აღდგომას წითელი კვერცხები მიაქვთ-ხოლმე, სანთელი ავანთე, დაბადების დღე მოგილოცე, კანფეტებიც მოგიტანე... ბევრი ვიტირე და წამოვედი. მეუბნებიან ანგელოზი გყავს და უნდა გიხაროდესო, მე კი ვერ ვიჯერებ, არადა მწამს. მინდა შენი ბევრი სურათი მქონდეს, მინდა გაგიხსენო და შენზე ვიოცნებო, ვიცოდე როგორი იქნებოდი დღეს რომ გეცოცხლა... ჩვენც როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. ვცდილობ-ხოლმე წარმოვიდგინო. იმ დღესაც მესიზმრა, შავთმიანი, შავთვალა, ლამაზი პატარა ბიჭი, იმ შეგრძნებით გამეღვიძა თითქოს და ის ბავშვი შენ იყავი.
  არ ვიცი რატომ ვაკეთებ ამას, ვიცი ამ წერილს სხვები წაიკითხავენ და გულთანაც კი არ მიიტანენ ჩემს ტკივილს. არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე, მე ხომ ანგელოზის დედა ვარ. მაგრამ  მინდა გესაუბრო, მოგიყვე როგორ მოვედი უშენოდ აქამდე.
 ახლა ზღვასთან ვზივარ, ბინდდება. იცი, როგორ ლამაზად ჩავიდა მზე?! ნეტავ შენ რას განიცდი, რას გრძობ, რას ხედავ... ნეტავ თუ გაწუხებ ჩემი ზედმეტი განცდებით და ფიქრით.
 ხმაური მჭირდება... გაუსაძლისი ხმაური, ბევრი ხალხი რომ ირევა, გაურკვეველი მიმართულებით რომ მოძრაობენ. მინდა ყურადღება სულ ცოტა ხნით სხვა რამეზე გადავიტანო.
ბავშვობაში დაბრუნებას ვისურვებდი მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ცხოვრება შემეცვალა. სხვა გზაზე მევლო, თავგადასავლების გზაზე, სადაც შენ არ იქნებოდი. ეს ყველაფერი კი შეთხზული ისტორია იქნებოდა. რეალობას ვერ გავურბივარ.
ჩემზე ამბობენ ძლიერიაო, ჩვენ მაგდენს ვერ გადავიტანდითო, ცდებიან... აი ახლაც ერთი ამოსუნთვით გადავიკითხე რამე ხომ არ შემეშალა-მეთქი და მორჩა, მეტი აღარ შემიძლია.
რა ძნელი ყოფილა შენზე წერა...
უსაზღვროდ მენატრები და მიყვარხარ დეე.

არარეალური წერილი ბოთლში...


როგორც იქნა ჩავედი ბათუმში. მთელი წელიწადი ვოცნებობდი ზღვაზე და აქაურ სიგრილეზე. მიყვარს საღამოობით ნაპირზე სეირნობა და ტალღების ხმაურით ტკბობა. დაღამდა. ვზივარ ნაპირზე და ფეხებს ვისველებ. უცბად რაღაც ცივი შეეხო ჩემს ფეხს. ავხტი, მედუზა მეგონა, მაგრამ მთვარის შუქზე  ბოთლი დავინახე. თავიდან  ძალიან გავმწარდი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ზღვაში ცარიელი ბოთლი გადააგდო და ისევ დაანაგვიანა აქაურობა. ბოთლი ხელში ავიღე და დავაკვირდი: საცობი ჰქონდა და შიგნით რაღაც ფურცელი იდო. ძალიან დავინტრიგდი და ბოთლი გავხსენი. ნაგლეჯზე ორივე მხრიდან ნაწერები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ პატარა ბავშვის დაწერილი იყო, ტექსტს თან ნახატებიც ერთვოდა (მზე, პალმა, ჩიტები). კითხვა დავიწყე და ძალიან მეუცნაურა შინაარსი. თავიდან ვიღაცის ცუდ ხუმრობად აღვიქვი. (ტექსტის შინაარსი ზუსტად მაქვს გადმოტანილი)
„გაგრა 2010 წელი, აგვისტო...
გამარჯობა უცნობო დეიდა თუ ბიძია, მე ჯემალი მქვია. 12 წლის ვარ, ახლა ვზივარ პლაჟზე და ვუყურე მზეს და ვწერ ამ წერილს. მამიკოს გამოვართვი ფურცელი, კალამი და ცარიელი ბოთლი. ვუთხარი, რომ წერილი უნდა გავაგზანო მომავალში, იქნებ ოდესმე მევე ვიპოვო ეს წერილი ან ჩემმა შვილმა ან შენ, ვინც კითხულობ ამას.. ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა დავწერო. აქ ყოფნა ძალიან კარგია. ისე მგონია, რომ მთელი თბილისი ამ სანაპიროზე ჩამოდის ზაფხულში, არადა ვიცი, რომ ბათუმიც, კვარიათი, გონიო და სხვა ამდაგვავარი ქალაქებიც არის ზღვისპირას, იქაც მასეთივე ზღვა არაა? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სულ აქ ჩამოვდივართ ხოლმე. ბებიაჩემი აქ, ზღვასთან ახლოს, ცხოვრობს. აქაური პალმები მომწონს, ადრე ზედ ბანანებს ვეძებდი, მაგრამ დედიკომ მითხრა, რომ კონკრეტულად ამ პალმებზე ბანანები არ იზრდებოდა... ბევრი აქაური მეგობარი მყავს და, იმედია, როცა გავიზრდები,  სკოლას დავამთავრებ და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვალ აქ, ჩვენ ისევ ვიმეგობრებთ. დედიკომ მითხრა, რომ მომავალ წელს ბათუმში ან კვარიათში უნდა ჩავიდეთ, იქაურობა უნდა მოვინახულოთ. მე მიხარია, სხვა კუთხესაც ვნახავ, შევაფასებ და შევადარებ აქაურობას. კიდე რა გითხრათ? საქართველოში მშვიდობაა. არადა, დედიკო მიყვებოდა, რომ სადღაც 20 წლის წინ აქ ომი იწყებოდა, მაგრამ  არც ჩვენ და არც აქაური მოსახლეობა არ წავიდა პროვოკაციაზე (ახალი სიტყვა ვისწავლე) და მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი. დედიკო მეუბნება ომი რომ დაწყებულიყო, აქ დასასვენელად  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ჩამოვიდოდით. ამიტომაც კარგია, რომ არ მოინდომეს ომი და მეც ვზივარ აქ  და გიწერ ამ წერილს. როცა გავიზრდები აუცილებლად ჯარისკაცი გავხდები, და ვიზრუნებ იმაზე, რომ აქ არანაირი ომი არც მომავალში იყოს და როგორც მანამდე ვიცავდით ქვეყანას, მომავალშიც დავიცავთ.უი, მამიკო მეძახის.. უნდა გავიქცე. ჩემი და დამცინის: რა სისულელეს აკეთებ, ვის რაში დასჭირდება შენი წერილი, ზღვაში წავა და დაიკარგებაო. რა ესმის მაგას...“
ამაზე წერილი დასრულდა. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ფურცლის ნაგლეჯს და ვერ ვხდებოდი: საიდან, როგორ, რანაირად, რატომ  და ვინ იხუმრა ასე მწარედ... იქნებ უბრალოდ აფხაზი ბიჭის დაწერილია ეს, მაგრამ თბილისში ვცხოვრობო..ჰმმ
 უცნაური მოვლენების მჯერა, მაგრამ  ნუთუ მართლა არსებობს  პარალელური სამყარო, სხვა დრო, სადაც შეიძლება სულ სხვანირად ყოფილიყო ყველაფერი და ის ბიჭიც მჯდარიყო აფხაზეთში, ზღვის პირას და დაეწერა ეს წერილი.... გამერღიმა. მინდა დავიჯერო, რომ სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანირად და კარგად იქნებოდა... მინდა მჯეროდეს რომ ეს ნამდივი წერილია და არა ვიღაცის ცუდი ხუმრობა... კი, მე მჯერა ამის...

მე მე-ზღვა-ურება




საღამო: მზე ჩადის,  ნაპირზე მარტო ზის, უსმენს  საყვარელ მუსიკას, სვამს მარტინს  და უყურებს ყველაზე ბანალურ პეიზაჟს.
ღამდება: ზღვა ტერფებს შეეხო, სხეულმა შეიწოვა მარილიანი წყალი...
სასმელი აღარ აქვს მარტინის ბოთლიდან ბოლო წვეთი გორდება და ხარბად ისრუტავს. ორი წუთის მერე იღებს  ჩანთიდან ფურცელს და წერს:   ”ხანდახან როცა ზღვა წყნარია,  მის  ღელვას თვალებში ვგრძნობ, ხშირად ვხედავ რომ მასში ქაოსია, ბურუსი. ამღვრეულს ნალექი ედება და მიუწვდომელია ჩემთვისაც კი. მაშინ მეშინია, რადგან ზღვას სწადია, რომ  შევერწყა როგორც წვეთი, რომელიც სალ კლდეზე კიაფობს და ზევიდან უყურებს უზარმაზარ სტიქიას. აბობოქრებულ  ზღვას კი მხოლოდ ის სურს, რომ ის პაწაწინა, ნამცეცი წვეთიც მისი გახდეს, დაიმორჩილოს და დაეუფლოს, შეითვისოს და ბოლოს გააქროს...  შენ  ზღვამ შეგითვისა.... 
  ჩვენ სულში არის რაღაც მაზოხისტური და ჩვენ ვიდრიკებით იქითკენ საითკენაც ნაბიჯის გადადგმა  შეიძლება ავისმომასწავლებელია.                                  .       .    .       .         .         .
    ზღვური რწევა საკუთარ თავში, თმაში. თვალებში ტალღები და ნაზი ქაფი ლივლივებს ფეხებზე. მრუმე დინება მიყვება ქარებზე, გემებზე, თევზებზე, აიზბერგებზე და ზღვებზე ამბებს.
  ზღვური სიგიჟე მშვიდ დინებაში უფრო ადვილი დასანახია...  ზღვის ქვემოთ შენ ხარ...  ერთმანეთისგან შორს ვართ, და გგრძნობ აქ ხარ, გვერდით. თვალებით შეხება შეჯახებას უფრო გავდა და დარტყმამ  შორს გვისტყორცნა, გაურკვევლობაში, სასრულ-უსასრულობაში, და არც გვიცდია აქედან თავის დაღწევა.
  მგრძნობ? მე შენს წინ ვდგავარ ზღვის ნაპირზე და გისუნთქავ უჰაეროდ... ”
წერილის ბოლოს  მარჯვენა კუთხეში სახელი წააწერა დაკარგული მეგობარი.    ბოთლში ჩადო,  საცობით დახურა და მთელი ძალით მოისროლა ზღვაში.  ეს მხოლოდ მისთვის იყო, მისთვის და იმ პატარა მარტინის ბოთლისთვის, რომელშიც მისი განცდები იდო.

.

წერილი „მარტინის“ ბოთლში

ავტორი: ილია ქოიავა


საოცარია, უსასრულო და უძირო. სწორედ ისეთი ყოფილა როგორც ჩემს წარმოსახვაში. სამწუხაროა რომ მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მაგრამ ღამე ზღვას სხვა, ამოუცნობს, იდუმალებით მოცულს და ენით აღუწერელს ხდის....
მისმა სრულყოფილებამ და უსაზღვრო ძალამ თითქოს შემაშინა, კოჭებამდე წყალში ვიდექი და ჩემი მზერა ჰორიზონტზე გაიყინა... ზღვისა და ცის ერთიანობამ უსასრულობაში წამიყვანა... ტალღები კი წვივებზე მოურიდებლად მეხეთქებოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ, უსასრულობაში. ეს ჩემი და ზღვის პირველი შეხვედრა იყო.
ტალღის მორიგი მობრძანებისას ფეხზე რაღაც, მძიმე მომხვდა... არც კი დავფიქრებულვარ ისე დავიხარე მის სანახავად... ხელში მარტინის ბოთლი შემრჩა. ჩემდა გასაოცრად მასში გაყვითლებულ ფურცელზე, გაკრული ხელით შესრულებული წერილი „აღმოვაჩინე“... ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ მასში ქართული სიტყვები ამოვიკითხე:
 „არც კი ვიცი ამას რატომ ვწერ... ალბათ იმიტომ რომ მარტინის ძალამ ჩემში ძლიერი, დაუსრულებელი ნოსტალგია გააღვიძა... პირველად გავსინჯე ამ უცხო, სახელგანთქმული სასმელის გემო, მაგრამ მაინც ჩემი, მწარე ჭაჭა მირჩევნია... ძალიან მენატრება ჩემი ხმაურიანი და შეშლილი თბილისი... მისი სუნთქვის ხმა, რომელსაც თითქმის ყოველ საღამოს ვისმენდი მთაწმინდიდან. მამა დავითთან პირჯვარს გადავისახავდი, შემდეგ გალაქტიონს მივუჯდებოდი, ჯიბიდან უბის წიგნაკს ამოვაძვრენდი და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს რითმებს, შავი ზღვასავით უძირო პოეზიაში თავით გადავეშვებოდი და თავხედურად ვარღვევდი იქ გამეფებული წყვდიადის მყუდროებას.
ძალიან მენატრება ცხონებული მამაჩემის დაჟანგებული „მოსკვიჩ“-ის გრუხუნი, დედაჩემის ტკბილი ხმა, ჩემი ძმები და ძალიან მენატრება ტყლაპი...
საით წაიღებს ეს საოცრად ლურჯი „შავი ზღვა“ ჩემს წერილს არც კი ვიცი... ალბათ ხვალ ან ოდესმე, რომელიმე ბერძენი იპოვის, ნაცნობს ვერაფერს ამოიკითხავს და სანაგვეზე მოისვრის, მაგრამ თუ კი სასწაული მოხდა და ამოიკითხავ ესეიგი წერილი მივიდა ადრეატამდე. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს შენთან ჩემო უცნობო მეგობარო, შესვი ჩემი სადღეგრძელო ქართულად...
რა ძალა ჰქონია ამ მარტინის“...

.