მეორე ადგილი სასტუმრო "მართინისგან" დასვენება კვარიათში
ავტორი: სალომე ბარკერი
გუშინ?
მარტო ჩვენ გოგოები ვიყავით, კიდევ მხიარული ბარმენი, რომელიც ჩვენთან ერთად გამოთვრა და დროდადრო რაღაცებს ბოდავდა 22 მარტის მისტიურობაზე, ლატარიაზე და ხვალინდელ თამაშზე. დიდი თამაში იქნებაო ამბობდა. ფეხბურთი კარგია, მაგრამ ქორწილის წინა დღეს - არავითარ შემთხვევაში. არც ისე ბევრი მქონდა დალეული და ვიფიქრე ცუდი არ იქნება კიდევ დავამატო-მეთქი იმ ორ ჭიქა ვისკის, თორემ იმათ ბოდვას და ღრიანცელს რა გაუძლებდა.
ისე სანამ ქორწილისწინა დღე არ გექნება თურმე, არ გჯერა რომ ფილმებში ნაჩვენები გათხოვებისწინასტრესი და ნერვიულობა მართლა არსებობს. „მე არ ვინერვიულებ“, აბა კი, არ ვნერვიულობდი კი არა, ყველაზე მეტად საწოლის ქვეშ შეძრომა და იქ დამალვა მინდოდა. თუმცა მოგეხსენებათ ბარში საწოლები არ არის, ამიტომაც ეს იდეა დავივიწყე და ისევ სასმელისკენ გამირბოდა მზერა.
ამ გულისგამაწვრილებელ შიშებში და ფიქრებში ვიყავი გართული და უცებ ვხედავ, შემოვიდნენ, ხუთნი იყვნენ. ორი დამამახსოვრდა, ერთი ძალიან სასაცილოდ ბარბაცებდა, ფეხზე ვერ იდგა ისეთი მთვრალი იყო და ორნი მოათრევდნენ, მიიტანეს და მაგიდასთან დადეს. თვითონაც დასხდნენ და რაღაცაზე დაიწყეს კამათი. ის მეორე მანდედან დამამახსოვრდა, ჯერ ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა, მერე უცებ ისე გულიანად და გულწრფელად გადაიხარხარა და გამომხედა, რომ მეც გამეღიმა.
ჩემებსაც გადავხედე, ესენიც რაღაცაზე კისკისებდნენ.
„ჩვენი ყველაზე ლამაზი პატარძლის სადღეგრძელო იყოს!“ იყვირა ერთმა ჩემმა გალეწილმა დაქალმა, ერთ ხელში ნახევრად სავსე ჭიქა ეჭირა და მეორე ხელით იმ კაბას იმშრალებდა ჭიქის ნახევარი რომ გადაიქცია.
ჰო, ყველა პატარძალი ლამაზია და ყველა ბავშვი საყვარელი. აბა რა, აბა რა, სანტა კლაუსიც არსებობს და კიდევ ისა, განძიანი კუნძულებიც. თავი ყველაზე უბედურად ვიგრძენი. წესით მე არ უნდა ვყოფილიყავი ყველაზე ბედნიერი? ამის დედაც! წავედით კარგი გამოცდილი ლოთივით სასმელში ჩავახრჩოთ დარდები, გავიფიქრე, ავდექი და ბართან მივედი.
„დარწმუნებული ვარ? ვიცი, რომ ხვალაც მკითხავენ, მაგრამ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ მინდა? „ერთნაირ აზრებს განსხვავებული აზრები სჯობს, უფრო საინტერესოა“, „ერთნაირ ინტერესებს განსხვავებული ინტერესები სჯობს, უფრო აზრიანია“, „ეს არის ჩემი საოცნებო ურთიერთობა, როცა ორივეს თავიანთი ცხოვრება აქვთ და ერთმანეთზე არ არიან ჩამოკიდებულები“ გულს მირევდა საკუთარი სიტყვები. ძალიანაც ჩამოვეკიდებოდი ვინმეს, არ მინდა ეს თანასწორობა სიკვდილის კარამდე და უკუნითი უკუნისამდე. ახლა მარტო ვინმეს მხარი მინდა, თავის მისადებად. „მომიშვირეთ ვინმემ მხარი!“
- რთულია იმის წარმოდგენა, რომ ხვალიდან ვიღაცის საკუთრება ხდები?
„ვა, ღმერთი არსებობს და მხარი გამომიგზავნა?“ მივტრიალდი და გვერდით მეჯდა ორი მშვენიერი მხარი, უფრო სწორად მშვენიერმხრებიანი და მომღიმარი ბიჭი. გამახსენდა როგორ იცინოდა ორი წუთის წინ და ისევ მეღიმება. „ჰო რთულია მაგის წარმოდგენა, მაგრამ შენ საიდან იცი“- და მახსენდება თავზე საპატარძლო გვირგვინი რომ დამამხო დაქალმა სამი სადღეგრძელოს წინ და ცრემლიანი თვალებით გამოეთხოვა ჩემს მარტოობას. ერთი ამისიც, გაბრაზებულმა მოვიხსენი და ბარზე დავდე.
- საშინლად.
- მოდი მაშინ დავლიოთ, ხვალ ორივეს მძიმე დღე გვქონია.
„არ მითხრა, რომ შენც თხოვდები.“
ზრდილობა და ეტიკეტი მოითხოვდა, რომ მეც მეკითხა რა უჭირდა მეორე დღეს. მაგრამ არ ვკითხე. ეს შესავალი შეკითხვები ხომ მათი, კაცების მოგონილია. მაგრამ გულწრფელად გამიხარდა, რომ მოვიდა და მშვენიერი მხრები მომიტანა, რა იცი რაში დამჭირდება. „ვაიმე მე მთვრალი ვარ?“
- ესე იგი მე არ ერთადერთი ვისაც დღეს დალევა უნდა. რას ვსვამთ?
ბარმენმაც შეგვამჩნია, როგორც იქნა, მორჩა ჩემს რომელიღაც დაქალთან მსუბუქ ფლირტს, თვალი ჩაუკრა და ჩვენკენ გამოემართა.
აბა რას დალევთ?
- მე ვისკი ყინულით და ბროწეულის წვენით.
ვუპასუხეთ ერთდროულად. ერთმანეთს შევხედეთ და გავიღიმეთ. ბროწეულის წვენით? ჰაჰაჰა. გამახსენდა ყველა ჩემი მეგობრის დაცინვა ვისკის ბროწეულთან შეხამების გამო. იდიოტებო თქვენ!
თუმცა არამარტო მე, ბარმენიც რაღაც უაზროდ გაბადრული დაბრუნდა. ბედნიერი სახით დაგვიდო წინ ორი ჭიქა და კიდევ ერთ ქაღალდი.
- თქვენი შეკვეთა. ორი ვისკი ბროწეულის წვენით და ერთიც რუკა, წარმატებებს გისურვებთ განძის ძიებაში! - გვითხრა, ქაღალდი შუაზე გახია, ერთი იმას გაუწოდა, მეორე მე და ტეკილა მოგვიჭახუნა.
ბატონო? რა განძი, რა რუკა, ჰა? გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და სადაცაა ჩვენ-ჩვენი ნახევების თვალიერება უნდა დაგვეწყო, უცებ აი ის უგონოდ მთვრალი და შემოტანილი-მაგიდასთან დადებული ამის სავარაუდო მეგობარი ეძახის.
- ჰა, რა ქენი, გამოართვი ნომერი და მოდიხარ ხვალ თამაშზე?
მოტრიალდა, და „ყველაფრის ახსნის სურვილით“ სავსე თვალებით შემომხედა. ოღონდ ეგ ფრაზა არ თქვა, გეხვეწები და „არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ისედაც ყველაფერი ნათელია“ მზერით ვუპასუხე, მერე ფურცელი გამოვართვი, თავში მოსულ პირველივე ცხრა ციფრი დავუწერე და მივაწოდე. გამოშტერებულმა შემომხედა. „წადი თამაშზე“ გვიფიქრე, გავუღიმე და ბარიდან გამოვედი.
„გარეთ გრილა, მგონი წვიმს კიდეც. სიცხე მაქვს თუ მცხელა? ეს რა იყო? ვცდილობ გავაანალიზო. ყველაფერი ერთდროულად მახსენდება. ხვალ ჩემი ქორწილია, დღეს 22 მარტი, ვისკი ბროწეულის წვენით, ხვალინდელი თამაში, სანტა კლაუსი, ყველა ლამაზი პატარძალი, მთვრალი ბარმენი, ლატარია, რუკა და განძი, ქაღალდის შუაზე გადახევა.. და აჰა! მოიცა ხელში მიჭირავს. ვხსნი და ვუყურებ, გაურკვეველი ხაზები, ასოები, ნახატები. რუკა? რუკის ნახევარი? ვიღაც მეკაიფება.
„ოე! ოცდამეერთე საუკუნეა!“ მინდა ვუთხრა ამის დამხატავს და დავცინო. თვალიერებას შევყევი. რუკას ვაბრუნებ, მოიცა, რაღაც წერია.
„გილოცავ! შენ იმ წყვილის ერთი ნახევარი ხარ, რომელმაც ერთი და იგივე სასმელი შეუკვეთა. ჩემი ანდერძის თანახმად ხელში იმ რუკის ერთი ნახევარი გიჭირავს, რომლითაც განძს იპოვი, 23 მარტს ორკნეის არქიპელაგის 22-ე კუნძულზე უნდა იყო..
კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ცხოვრობს ერთი ბებერი მეზღვაური, მეტსახელად ცაცია თოლია, რუკის წარდგენის შემთხვევაში იგი გაგიძღვებათ განძისაკენ, გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას.
პ.ს. ვისკი ბროწეულის წვენით, გადასარევი არჩევანი იყო! ედმონდ სიგალი 1911 წ.“
მინდოდა შევსულიყავი და სახე გამეხია იმ გატრეტილი ბარმენისთვის, რომელმაც ჩემი დაცინვა გადაწყვიტა. მაგრამ დამეზარა, თან იქ შებრუნება არ მინდოდა. ნომერი გამოართვიო? ჰმ. „ყველა კაცი ერთნაირია“ სახე მქონდა ალბათ. „თოლია და განძი. ჰაჰა. ამდენი რა დალია? ისე, ჩვენში დარჩეს და საკმაოდ ძველი ქაღალდი იყო. გამეცინა. კუნძულები და განძები, და კიდევ შემთხვევით ნაპოვნი მეორე ნახევრები და მარადიული სიყვარულებიც ბარემ. კარგით რა.“
მერე მახსოვს ჩემი გოგოებიც გამოვიდნენ, წავედითო.
დღეს?
დღეს ქორწილი მაქვს, უფრო სწორად მექნებოდა, ახლა ამ თვითმფრინავში რომ არ ვიჯდე და რომელიღაც კუნძულისკენ არ მივფრინავდე რუკის ნახევრით ხელში. გათხოვება არა - სანტა კლაუსი.
ისე, სახელი მაინც მეკითხა?